„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“

დღეს მინდა ვისაუბრო აკადემიურ და სამხედრო წრეებში ფართოდ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებზე და ილუზიებზე – თითქოს თანამედროვე ეპოქაში ადამიანის თანდაყოლილი ჰუმანურობიდან გამომდინარე, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის განვითარების, ეკონომიკური ზრდის პირობებში სამხედრო დაპირისპირებების შემთხვევები და წინაპირობები მცირდება. ეს არ არის მხოლოდ აკადემიური განხილვის საგანი, ეს ილუზიები საფრთხის შემცველია და არასწორ წარმოდგენებს ქმნის მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რისკებზე, მცდარი ანალიზის საფუძველზე კი ვერ ხდება ამ გამოწვევებისთვის სათანადო მომზადება, პრევენცია და რეაგირება.

სამყაროს ისტორიის არცერთ თვალსაწიერ ეპოქაში არ ყოფილა პერიოდი ადამიანთა შორის დაპირისპირების, კონფლიქტის და ომის გარეშე.

მაგალითად სრულფასოვანი ოჯახის, სადაც ბაბუა, შვილი და შვილიშვილია, ერთი თაობა მაინც აუცილებლად იქნებოდა რომელიმე ომის მომსწრე – ან  საკუთარ ქვეყანაში, ან მაღალი ალბათობით რეგიონში, ან უკიდურეს შემთხვევაში მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მაინც, ანუ  ომი ნონსტოპ რეჟიმში მიმდინარეობს.

ილუზია 1: ომი ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელია

კატაკლიზმური ფილოსოფია, რომლის თანახმადაც ომი ღვთის წყრომა, ადამიანის შეცდომა ან  საერთაშორისო წესრიგის ნაკლის, დეფექტის ბრალია და ამიტომაც წარმოადგენს მხოლოდ გადახვევას, სრულიად მცდარია სინამდვილეში ომი ადამიანური მოვლენაა, მისი წარმოების ფორმები კი არის (კულტურული) ცივილიზაციის განვითარების მონაპოვარი, მაგრამ თვითონ ომი და ბრძოლა ადამიანის ბუნებრივ ინსტიქტს წარმოადგენს.

ომის მიზეზების შესახებ დისკუსიაში ცენტრალური ადგილი ადამიანურ მიზეზებს უჭირავს. დღესაც მიმდინარე დებატები ადამიანის აგრესიულობის შესახებ ორი არგუმენტის ჭიდილია: კონსერვატიული – აგრესიულობა ადამიანის ბუნებრივი შემადგენელია, ლიბერალური – აგრესიულობა სრულიად „აღზრდაზეა“ ანუ გარემოზეა დამოკიდებული.

ომი იმდენი ხნისაა, რამდენისაც ადამიანი. ასე რომ კაცობრიობა  და ბრძოლა ერთად დაიბადა.  თეოლოგიური სწავლებითაც 4 კაციანი მიკროსამყაროდან იწყება ადამიანის ძალადობის ისტორიაც კაენის მიერ აბელის მკვლელობით. თუმცა არა რელიგიურ, არამედ მეცნიერულად დადასტურებული პირველი „ცივილიზებულ“, არა პრეისტორიულ ბრძოლას ადგილი ჰქონდა ძვ.წ. 1479 წელს სირიის ტერიტორიაზე კადეშის ბრძოლა მეგიდდოსთან სირიელებსა და ეგვიპტელებს შორის. ამ სამხედრო შეტაკებამდე პრეისტორიული ომების და ბრძოლების ეპოქაა. საბედნიეროდ, ანთროპოლოგებისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა  დაკვირვების „ლაბორატორია“   ჩვენს ცივილიზაციის მოწყვეტით განვითარებულ და ჩვენს დრომდე ამ სახით მოსული ახალი გვინეის, ავსტრალიის აბორიგენების, ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების, ალიასკის ესკიმოსების და იანომამოს სახით. ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ადამიანთა ეს ჯგუფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადასტურებს, რომ ომი მათი ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მათთან მიმართებით ჰობსი უფრო ახლოს აღმოჩნდა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე რუსო. თუმცა პრიმიტივიზმის წყალობით ამ ხალხებში გარდა გამოხატული აგრესიულობისა, არცთუ იშვიათი იყო ისეთი კონფლიქტებიც, როდესაც დაპირისპირებული ჯგუფები საბრძოლველად გაშლილ ველზე იკრიბებოდნენ და ერთმანეთის შიშით მხოლოდ „ხმაურობდნენ“ დღეების, ხშირად კვირეების განმავლობაში. ასეთი ბრძოლები უმეტესწილად  მსხვერპლის გარეშე მთავრდებოდა.

ილუზიაა, რომ ველური ხალხი ცივილიზებულ ერებთან შედარებით უფრო სასტიკი მეთოდებით იბრძოდნენ. 1638 წელს ნარაგანსეტთან შეტაკებისას  ინდიელები გაოგნებული აღმოჩნდნენ ინგლისელების ძალადობის ფორმებით. ბრძოლის წარმართველმა ინგლისელმა მეთაურმა ეს „გაურკვევლობა“ მარტივად და რაციონალურად ახსნა ფრაზით: „წინააღმდეგ შემთხვევაში ინდიელებს შეეძლოთ ებრძოლათ 7 წელი ისე რომ 7 კაციც არ მოეკლათ“. დღეს კი სრულებით წარმოუდგენელია, საომარმა მოქმედებებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში მსხვერპლი არ გამოიწვიოს.

პრეისტორიული ჯგუფების დაკვირვებით შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ბერძნული ომი, დასავლური ომის წარმოების აკვანი, ძალიან ჩვეულებრივი, პრიმიტიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იწარმოებოდა. თავდაპირველი მათი ფორმა არა მარტო დღევანდელობასთან შედარებით, არამედ საბერძნეთის კლასიკურ ხანასთან შედარებითაც კი მცირე ინტენსივობის იყო. ეს ძირითადად მეზობელ სოფლებს შორის ზეთისხილის, ყურძნის და ხორბლის გამო წარმოებული ბრძოლებია. ამ ეპოქას „ფერმერების ომების“ პერიოდსაც უწოდებდნენ. როგორც ჩანს, რაც უფრო მარტივი იყო ადამიანური მოთხოვნილებები, მით უფრო მცირე მასშტაბის და ნაკლებ მსხვერპლს ჰქონდა ადგილი.

კლასიკური საბერძნეთის ეპოქაში დიდი იდეები სძენდნენ ომებს დიდ მასშტაბებს და მასთან ერთად ძალადობის გამოყენების „დახვეწილ“, „ეფექტურ“ ფორმებს. რომ არა ბერძნული ცხოვრების წესების იდეა, კრეატიული საბერძნეთის ფილოსოფია პრიმიტიულ მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ბერძნები ვერ იომებდნენ უკვე ბევრად მასშტაბური მარათონის ბრძოლაში. წინამორბედთა პრიმიტიული მოთხოვნილებები უბრალოდ არ იქნებოდა მოტივი ბრძოლისთვის.

კლასიკური საბერძნეთის ხანაში თვით უკვე ორგანიზებული ჰოპლიტების არსებობისას,  ბრძოლების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის აბსოლუტური უმრავლესობა მოდიოდა ე.წ. „ჭყლეტაზე“. ძირითადად არეულობების, შიშის, პანიკის მუდმივი ხასიათის გამო ჯარისკაცები თანამებრძოლებს თელავდნენ მტრის შიშით გამოწვეული გაქცევის და უკან დახევის დროს. დღეს ასეთ სურათს ვერსად შეხვდებით, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ორგანიზებულ არმიებში.

ბერძენი სამხედრო - ჰოპლიტი
ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების მოქალაქე-სამხედრო – ჰოპლიტი

კაცობრიობის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებასა და ახალი იდეების გაჩენასთან ერთად ომი განიცდიდა პარალელურ ევოლუციას ბერძნული ჰოპლიტიდან მომავალ ლეგიონებამდე.

რომის რესპუბლიკასთან ერთად ომის წარმოებამ, მისმა მასშტაბებმა და მის მიერ გამოწვეულმა ლეტალურმა შედეგებმაც  პიკს მიაღწია.  განვითარების მწვერვალზე რომმა ნახევარმილიონიანი არმიის შექმნა მოახერხა. ამავე დროს ეკონომიკური ვარდნის პერიოდში სამხედროების რაოდენობა 5-10 ათასამდე დაეცა, ომების ოდენობაც შემცირდა.

რენესანსი არ იყო მხოლოდ ანტიკური ფილოსოფიის და ხელოვნების ხელახლა აღმოჩენის ხანა, ის ზუსტად იმავე დოზით ომის და მისი წარმოების ფორმების აღმოჩენაა. თვით რენესანსსაც კი ომებმა მისცა შანსი. რომ არა მარათონის და სალამინის ბრძოლები, არ იქნებოდა ბერძნული ცივილიზაცია, არც პლატონი და არც არისტოტელე; რომ არა ტურსის (732 წ.) და ლეხის ბრძოლები (955 წ.) არ იქნებოდა რენესანსი.

I და II მსოფლიო ომების შუალედში ომის მიზეზების კვლევის უკვე დიდი ინტერესი არსებობდა. სწორედ ამ პერიოდის – 1932 წლის აინშტაინის და ფროიდის ცნობილი წერილებიც ეხება ამ საკითხს. ორივე თვლიდა, რომ ომის მიზეზები აგრესიულობის და განადგურების ელემენტარულ ადამიანურ ინსტინქტებში უნდა ვეძებოთ. აინშტაინის აზრით ადამიანის ბუნება შეიცავს სიძულვილისა და განადგურების თანდაყოლილ ინსტინქტს, ფროიდი კი დარწმუნებული იყო, რომ მიაგნო ადამიანის „მკვლელობის ინსტინქტს“ სუიციდის სახით. კონრად ლორენცმა კი თავის უნიკალური დაკვირვებით თევზებზე და ფრინველებზე დაასკვნა, რომ აგრესიულობის ინსტინქტი ყველა ცოცხალი არსების თანდაყოლილი გენეტიკური შემადგენელია, რომლის გააქტიურება განპირობებულია გადარჩენის სურვილით, მათ შორის ადამიანებში. სწორედ ამ შეხედულებას ორი ათასი წლით ადრე ეხმაურებოდა ბიბლიური პასაჟი: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბ.8.21). ომის ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობის არგუმენტს დაუპირისპირდა ადამიანური მორალის იდეა, თუმცა მორალური ვალდებულებები ხშირ შემთხვევაში თავად წარმოადგენენ ომის მოტივატორს, მაგალითად ჰუმანიტარული ინტერვენციის სახით. ასე რომ ორივე შემთხვევაში ომის მიზეზი ადამიანის ბუნებაშია.

800px-Steuben_-_Bataille_de_Poitiers
ტურსის ბრძოლა

ადამიანისთვის იმდენად  ახლოა ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა ანუ ომი, რომ ის ასეთ ძალადობრივ საქციელს ღმერთს მიაწერს. ბიბლიაში ომის სრული სპექტრია ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი, ძალადობის ეტაპობრივი ზრდა მიზნის მიღწევამდე. ღმერთი ჯერ ულტიმატუმს უყენებს ფარაონს, რომელიც არ ემორჩილება მის ნებას და არ უშვებს ებრაელებს, რამდენიმე ძალადობრივი აქტის განხორციელების შემდეგ კი როცა მიზანი ჯერაც არ იქნა მიღწეული, ღმერთი უკიდურესად ამწვავებს ძალადობრივ აქტებს იმის მისაღებად რაც სურს: „შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდომი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული… შეიქმნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ“ (12/29.30). ეს არათუ არაადამიანური, არამედ ზეადამიანური ქცევაა. ადამიანს რელიგიაშიც, თუნდაც ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც გააჩნია საფუძვლები იყოს ბუნებით ომის გამომწვევი.

ომის მიმართ ადამიანებს ყველაზე დიდი ემოციები აკავშირებთ, როგორებიც კი შეიძლება განიცადონ, ისეთები როგორიცაა სიკვდილი და სიცოცხლე, გამარჯვება და მარცხი. ადამიანის ომის მიმართ ასეთმა ემოციური დამოკიდებულებამ გამოიწვია საუკუნეების განმავლობაში ილიადას და ოდისევსი ჯერ ზეპირსიტყვიერად გადაცემა თაობიდან თაობაზე, შემდეგ კი იგივე სენტიმენტები ჰომეროსმა გარდაქმნა  წიგნად.

პირველყოფილი ადამიანის პრიმიტიული მხატვრობაც ბრძოლებს გამოხატავს ადამიანთა და ცხოველთა სამყაროსთან. ასე ომი ადამიანის სულიერი, ესთეტიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი იქცა. აქილევსის და ჰექტორის ბრძოლა არა მარტო მეტყველებს ადამიანის უდიდეს გრძნობებზე, ის ამავდროულად თეატრია, მაყურებლების თვალწინ მიმდინარეობს და აპლოდისმენტებსაც იმსახურებს. ორთაბრძოლა თეატრის და სპორტული თამაშების ემოციებს ერთნაირად იწვევდა. ადრეულ შუა საუკუნეებში ბრძოლებისთვის სპეციალურად ირჩევდნენ მაყურებლისათვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილს. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ერთ-ერთი სისხლისმღვრელი დაპირისპირება – აზენკურის ბრძოლა 1415 წელს იქვე გორაკზე მყოფი მაყურებელთა თვალწინ მიმდინარეობდა. 1816 წელს კი უკვე ვაშინგტონში, ათასობით საზეიმოდ გამოწყობილი ვაშინგტონელი ქალი და კაცი გამოვიდა ქუჩაში Bull Run-ის პირველი ბრძოლისთვის თვალის სადევნებლად, თითქოს დიდ ღია კინოთეატრში ყოფილიყვნენ. თანამედროვე ომებს და ბრძოლებსაც არ აკლდება ცოცხალი მაყურებელი თუ ამის საშუალება იარსებებს, თბილისის ომსაც ყავდა მაყურებელი რუსთაველზე. სპორტულ თამაშებშიც ადამიანის ძალადობრივი ინსტინქტები ომის, ბრძოლის ემოციას ეხმიანება.  გლადიატორების „თამაშებიდან“ მოყოლებული მუდმივ პოპულარობას ინარჩუნებს ისეთი შეჯიბრებები და სპორტის სახეობები, სადაც აშკარად გამოკვეთილი ბრძოლის იმიტაციაა – ჭიდაობა, კრივი, სხვა ხელჩართული ბრძოლები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დღესაც. ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი კი ნაციონალური სიამაყის ინტერესის ისეთ დაკმაყოფილებას წარმოადგენს, რომ მათში გამარჯვება ხშირად ომში გამარჯვების იმიტაციას ქმნის. როდესაც საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს ამარცხებს, თითოეული ქართველი მიუხედავად იმისა არის ის უშუალოდ რაგბის გულშემატკივარი თუ არა ქვეცნობიერად მაინც განიცდის „მტრის დამარცხების“ ემოციას, სიხარულს. ესეც, რათქმაუნდა, მტრის დამარცხების ილუზიაა, მაგრამ მცდარი წარმოდგენაა ისიც, რომ ჩვენი ეპოქის ადამიანი დაცლილია ანტიკური, შუასაუკუნებრივი ბრძოლის ემოციის და მის მიმართ ცხოველური სიყვარულისგან. XXI საუკუნის ადამიანი ძველი ბერძნებისგან განსხვავებით უფრო პრეტენზიულია ბრძოლის ეფექტების, ძალადობის სცენების კარგად დანახვის მიმართ ფართო ეკრანებზე კინოთეატრებში, ჩვენ დღეს უფრო დიდი ინტერესით და უფრო მეტნი ვუყურებთ იმ ბრძოლებს, რომელიც წარსულისთვის გვაქვს თითქოს ჩაბარებული – ვირტუალურ სამყაროში კომპიუტერული თამაშებით გაჩაღებულ ომებში ბევრად მეტი ადამიანი და უფრო დიდი ინტენსივობით არის ჩართული ვიდრე რომელიმე ბრძოლაში, რასაც ჩვენ ასეთ შემთხვევაში აზარტს ვეძახით სწორედ ის არის რაც ადამიანის ბუნების ძალადობრივი შემადგენლის სახით ომის წარმომქმნელი ხდება.

First_Battle_of_Bull_Run_Kurz_&_Allison

ასე რომ ადამიანური ინსტინქტებისთვის რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინებით გვერდის ავლა არ გამოდის.  ბოლოს და ბოლოს ომის ასეთი სახის ადამიანურ მიზეზში მდგომარეობს პრეისტორიულ ხანაში ჰომოსაპიენსის გამარჯვება ნეარდენტანელზე დედამიწაზე ექსკლუზივის მოპოვების სახით. გადარჩენისათვის ბუნებრივ კონფლიქტში, რომ არა ასეთი ადამიანური ინსტინქტები, ჩვენ ნამდვილად არ ვიარსებებდით. ასე რომ შეიძლება გავექცეთ რეალობას მხოლოდ იმიტომ რომ მისი ჟღერადობა არ მოგვწონს, სინამდვილეში ვერსად გავექცევით, ერთადერთი შანსი დაგვრჩება თუ გაქცევას შევეცდებით – თავი ამოვყოთ ილუზიაში.

Continue reading “„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“”

კლაუზევიცი – პრუსიელი სამხედრო, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ომზე

სტატიაში საუბარია პრუსიელი ოფიცრის და სამხედრო თეორეტიკოსის კლაუზევიცის ფილოსოფიურ ტრაქტატზე „ომის შესახებ“, რომელიც ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებზე მის პირად დაკვირვებას. ამ ნაშრომმა შეცვალა წარმოადგენა ომის რაობასა და ბუნებაზე, სამხედრო კონფლიქტის როგორც პოლიტიკური იარაღის გაგებაზე, ომის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი დაწერილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გამოირჩევა სირთულით, რიგ შემთხვევაში ტექსტის ბუნდოვანებით და გარკვეული კონცეპტები მუდმივი მსჯელობის საგანია, იგი დღესაც ითვლება ფუნდამენტურ სახელმძღვანელოდ სამხედრო კონფლიქტების და ომის შესწავლისას და შესაბამისად სტრატეგიული სწავლების კურსის აუცილებელი კომპონენტია.

თუ კლაუზევიცს განსაკუთრებული ნაშრომის შექმნა სურდა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში არ დაივიწყებდნენ და მომავალი თაობებიც გამოიყენებდნენ, ნამდვილად გამოუვიდა.

მისი მთავარი ქმნილება „ომის შესახებ“ უკვე შექმნის მომენტისთვის აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ დროისათვის ყველა სხვა ავტორის წიგნისაგან – დაწყებული უძველესი ვეგეციუსით, დამთავრებული  მისი უახლოესი წინამორბედების ნამუშევრებისაგან, მათ შორის ფრიდრიხ დიდის და მისი შთაგონების წყაროს, „მისი გონების მამის“ შარნჰორსთის ქმნილებებისგან. უპირველეს ყოვლისა მისი განსხვავებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ წინამორბედი ნაშრომები რეალურად წარმოადგენდნენ მხოლოდ სახელმძღვანელოებს სამხედროებისათვის – წესებს ბრძოლების წარმოების შესახებ. კლაუზევიცის ამოცანა არა ბრძოლების სახელმძღვანელოს შექმნა, არამედ ომის ბუნებაში ჩაწვდომა იყო, მის მრავალფეროვან მორალურ და მატერიალურ მდგენელში გარკვევა ომზე პირუთვნელი, მკაცრი დაკვირვების გზით. მას არასდროს უცდია თვალი დაეხუჭა  მწარე რეალობაზე და შესაბამისად არ გამოეკვეთა იდეის, კონცეფციის კონტურები, თუნდაც ბევრისთვის „ზედმეტად გაბედული“ ან რთულად მისაღები ფორმით. ამიტომაც გამოუვიდა რაც გამოუვიდა.

კლაუზევიცის ნაშრომს „ომის შესახებ“ ძირითადად და ყველაზე ხშირად 2500 წლის წინანდელ ჩინელი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ძის შედევრს თუ ადარებენ, პირველ რიგში კონცეპტუალური შეხედულებრივი მიდგომების განსხვავების გამო, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ ასეთ შეპირისპირებას უფრო ის იდეა ამოძრავებს, რომ კლაუზევიცი მარტოდ მარტო არ აღმოჩნდეს სტრატეგიული აზროვნების პედესტალზე. ამისთვის კი ყველაზე კარგი სწორედ რომ აღმოსავლური და რაც მნიშვნელოვანია 2000 წელზე მეტი ხნით ადრე შექმნილი ნააზრევია. სინამდვილეში სუნ-ძის დღევანდელი აქტუალურობა უფრო კლაუზევიცის დამსახურებაა, ვიდრე ჩინელი სტრატეგოსის.

საბედნიეროდ, დღეს კლაუზევიცის მიმართ ინტერესი ისე მაღალია როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ  ცალსახა დამოკიდებულება არასდროს ყოფილა  და მისი ქმნილებაც პერიოდულად ეძლეოდა დავიწყებას. ასეთ ვითარებას განსაკუთრებით ხელს  უწყობდა ტექსტის სირთულე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაშრომში „დიდებული აზრები ძალიან ცუდად და რთულად არის დაწერილი“, ძალიან ხშირად რთული ამოსაკითხია თუ რისი თქმა სურს ავტორს, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე მონაკვეთის გააზრების შემდეგ სრულიად სამართლიანად უამრავ მკითხველს უჩნდება მოსაზრება – „ეს შეიძლება ნებისმიერ რამეს ნიშნავდეს“. ამის გამო კლაუზევიცს ხშირად სრულიად სხვადასხვაგვარად კითხულობენ კიდეც. ეს, როგორც ჩანს, ამ ნაშრომის მუდმივი, თანმდევი პრობლემაა. ტექსტის ასეთი სირთულე არა მარტო თემისადმი ფილოსოფიური მიდგომის, კლაუზევიცზე კანტისეული გავლენის ბოლომდე ვერ განვითარების, არამედ ხშირად ძალიან ბანალური პრობლემის – ავტორის მიერ გრამატიკის და წერის უნარის დეფიციტის ბრალია. თვითონ კლაუზევიცი საკუთარი განათლების დონეს „მოკრძალებულად“ და „არასაკმარისად“ აფასებდა. ტექსტი არ ითვლება დასრულებულად, ავტორი მისი წერის და რევიზიის პროცესში გარდაიცვალა. ეს ფაქტი ჩრდილს ვერ აყენებს მის სიღრმისეულ დაკვირვებას ომზე და სტრატეგიაზე,  თუმცა ამ საკითხის კარგად აღსაქმელად არ იქნებოდა ურიგო ორიოდე სიტყვა კლაუზევიცის წარმომავლობაზე:

Carl_von_Clausewitz

ის დაიბადა 1780 წელს პრუსიაში ბურგთან წვრილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში, რომელიც ნამდვილად არც არისტოკრატიულად შეიძლებოდა შეფასებულიყო და ვერც შესაბამის განათლების მიმცემად პატარა კარლ კლაუზევიცისთვის. 11 წლის ასაკში კლაუზევიცი პრუსიის არმიის კადეტი – „იუნკერი“ ხდება. სავარაუდოდ ამ პერიოდიდან იღებს ის იმ სამხედრო ცოდნას, რომელიც იმ ეპოქისთვის მახასიათებელი ტაქტიკური უნარ-ჩვევებისაგან შედგებოდა. უკვე დიდი ხანი იყო რაც არტილერიის დომინირება იყო შემოსული ბრძოლის ველზე. სწორედ არტილერიის საჭიროების გავლენით სამხედრო განათლებაც მათემატიკაზე და გეომეტრიაზე იყო ორიენტირებული. 1793-94 წლებში თინეიჯერ კლაუზევიცს პირველად უწევს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება რაინლანდში, შემდგომ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საგარნიზონო ნაწილში. სწორედ ასეთი ადრეული ასაკში მან ეჭვი შეიტანა ომის წარმოებასთან დაკავშირებით პრუსიული არმიის ხედვების სიწორეში.

ფრანგული რევოლუციური არმიის და პრუსიული კონსერვატიული ომის წარმოების ფორმებით გამოწვეულმა კითხვებმა უკვე მკაფიოდ უჩვენა საკუთარი სამხედრო განათლების მწვავე დეფიციტი. 1801 წლამდე, სანამ შარნჰორსთის აკადემიაში მოხვდებოდა, სავარაუდოდ ის ეუფლებოდა იმ ტაქტიკურ ცოდნას, რაც ნორმად ითვლებოდა იმ პერიოდში, მათ შორის, დიდი ალბათობით, უნდა ყოფილიყო სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად ორთოგრაფია და გრამატიკა, რომლითაც სამწუხაროდ კლაუზევიცი ვერ დაიკვეხნიდა. შარნჰორსთის აკადემიაში კლაუზევიცი უკვე უფრო საფუძვლიანად ახერხებს ხელმისაწვდომი სავალდებულო დისციპლინების შესწავლას, რომელთა შორისაა მათემატიკა, გეომეტრია, უკვე გეოგრაფია – „რუკის კითხვა“, სამხედრო ისტორია და რაც მთავარია შარნჰორსთისეული მიდგომა  ესწავლებინა საკუთარი კურსანტებისთვის „ომი ისე როგორც ის არის სინამდვილეში“ განმანათლებლობის ეპოქისთვის დამახასიათებელი მოდური ტენდენციის ნაცვლად, ანუ ნაცვლად იმისა, რომ ესწავლებინა „როგორი უნდა იყოს ომი“.

კლაუზევიცის აზროვნებაზე თანაბარ გავლენას ახდენდა აკადემიაში ომების, კამპანიების და ბრძოლების ისტორიის შესწავლა და რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვება. ერთის მხრივ, რევოლუციური საფრანგეთის ომის, სახელმწიფო და პოლიტიკური თვისობრივად ახალი სტილით და მეორეს მხრივ, განმანათლებლობის რომანტიზმში გარდამავალი ეპოქა, თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ბიძგს აძლევდა კლაუზევიცის ხედვებს ომის წესების, კანონების სისტემატიზაციის და პრინციპების მკაცრად განსაზღვრის შეუძლებლობის თაობაზე.

სავარაუდოდ აკადემიის წლებში მიმდინარე საგნების გარდა უნდა გაცნობოდა ფიზიკასაც, ნიუტონის და ეილერის ნააზრევი. მოგვიანებით იგი ორივე ავტორის მიდგომებს და ხედვებს იყენებს  საკუთარ ნაშრომში, განსხვავებით იმ ეპოქის პოლიტიკური იდეოლოგებისგან, რომელთა თითქმის არანაირ გამოყენებას არ აქვს ადგილი მის ძირითად ნაშრომში, მიუხედავად იმისა, რომ ის იცნობდა  პოლიტიკური იდეებსა და კონცეპტებს.

აკადემიის შემდეგ კლაუზევიცი ხდება პრუსიის პრინც ავგუსტუსის თანაშემწე და 1804 წლიდან პრუსიის გენერალური შტაბის წევრი.

მის კრიტიკულ აზროვნებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა 1806 წლის პრუსიის გამანადგურებელი მარცხი საფრანგეთთან. ბრძოლისას კლაუზევიცი თან ახლდა პრინცს, რომელმაც გამოუვალი ვითარების, აშკარა მარცხის მიუხედავად დანებებაზე უარი განაცხადა და შედეგად კლაუზევიცთან ერთად ფრანგების ტყვეობაში აღმოჩნდა.

ტყვეობიდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული კლაუზევიცი შარნჰორსთთან და გნეიზენაუსთან ერთად იწყებს პრუსიის არმიის აღდგენაზე და რეორგანიზაციაზე მუშაობას, პარალელურად ხდება ტახტის მემკვიდრის ფრიდრიხ უილიამის პირადი სამხედრო მასწავლებელი.

Continue reading “კლაუზევიცი – პრუსიელი სამხედრო, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ომზე”

სტრატეგიული სწავლების კურსის შინაარსი და ლიტერატურა

JOHN ADAMS – I must study politics and war that my sons may have liberty to study mathematics and philosophy. My sons ought to study mathematics and philosophy, geography, natural history, naval architecture, navigation, commerce, and agriculture, in order to give their children a right to study painting, poetry, music, architecture, statuary, tapestry, and porcelain.

თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას. სწრაფი განვითარების და ინფორმაციის ეპოქაში კონვენციური ომების გარდა სახეზეა ჰიბრიდული ომები, კიბერ შეტევები, ბირთვული იარაღის გავრცელების საშიშროება, ტერორიზმი და ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფოების აგრესიული მოქმედებები, ავტოკრატიული სახელმწიფოების ლიდერების მიერ ინიცირებული სამხედრო მოქმედებები, არარეგულარული საომარი აქტივობები.  აშკარაა, რომ ცივი ომის დასრულებამ ვერ მოიტანა ფუკუიამასეული „ისტორიის დასასრული“. უფრო მეტიც, პოლიტიკური კულტურის, დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარების და მეცნიერების უპრეცენდენტო წინსვლის შედეგად არათუ არ დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა მსოფლიოში, არამედ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა შეიარაღებული კონფლიქტების სახეობები.  ბოლო წლების და თვეების მოვლენები ცხადყოფს, რომ ადამიანები უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობენ ვერსად, მათ შორის, განვითარებული დასავლური სახელმწიფოს დედაქალაქებშიც კი.

გლობალური საფრთხეების გარდა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე  უსაფრთხოების საკითხები ერთ-ერთი უმთავრესია საქართველოს დღის წესრიგში. ტერიტორიის 20% ოკუპაციის პირობებში რუსეთი აგრძელებს და აფართოებს ჩვენი ქვეყნის ანექსიას.  არასტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში, კონფლიქტი ყარაბაღში, ტერორისტული ორგანიზაციების სამოქმედო თეატრთან ტერიტორიული სიახლოვე  კიდევ უფრო ზრდის რისკებს. ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად საქართველო აღარ არის საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების მიმართ პარტნიორების მხრიდან ყურადღება მკვეთრად შემცირებულია.

ჩერჩილმა თქვა, ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. არსებული რთული ვითარება არ უნდა გახდეს ხელების ჩამოშვების საფუძველი.  ბევრი ადამიანის ფუნდამენტური ნააზრევი და სახელმწიფოების ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ გამარჯვებისათვის გადამწყვეტია მტკიცე ნება, მოტივაცია და ინფორმაციის ფლობა და არა რესურსები. ამიტომ აუცილებელია პრინციპული, თანამიმდევრული და სწორი მოქმედება, რომელიც ეფუძნებება ცოდნას და განათლებას.

უსაფრთხოების სფერო, თანამედროვე სტრატეგიული და სამხედრო აზროვნება საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა სხვადასხვა მოაზროვნის ნაშრომების და ისტორიული მოვლენების,  სახელმწიფოების და ერების გამოცდილების გათვალისწინებით. სწორედ დასავლური ხედვებიდან და საქართველოს გეოგრაფიული თუ სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი კონკრეტული ხედვა.

წლების განმავლობაში ამ თემის სიღრმისეული კვლევის საფუძველზე გთავაზობთ სტრატეგიული სწავლების კურსს და იმ საბაზისო ლიტერატურას, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღებ და ამ სფეროში ჩართული ადამიანებისათვის, აგრეთვე, სტუდენტებისათვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი საქმიანობა საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას დაუკავშირონ.

ეს კურსი მოიცავს სამხედრო მოქმედებების კვლევას, სტრატეგიულ აზროვნების, ისტორიის, თანამედროვე ტენდენციების, ტაქტიკის, დაზვერვის, სამხედროების მორალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების, სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების შესწავლას და შედარებით ანალიზს, კრიტიკულ მიდგომებს, აგრეთვე ამ საკითხების ურთიერთმიმართებას პოლიტიკურ პროცესთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, სოციალურ – ეკონომიკურ გარემოსთან და ზოგადად სახელმწიფოებრიობასა და სახელმწიფოს მშენებლობასთან.

გარდა ამისა, მე და ჩემი მეგობრები ვახორციელებთ იდეას ხელი შევუწყოთ ამ წიგნების თარგმნის პროცესს. მაგალითად, კლაუზევიცის ფუნდამენტურ ნაშრომს „ომის შესახებ“ თავად მე ვთარგმნი და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ თარგმანის გამოქვეყნებას ამ ბლოგზე. სექტემბერში მზად იქნება ცნობილი ავტორების – ელიოტ კოენის და მარტინ ვან კრევალდის წიგნებიც. ამავე დროს, მოხარული ვიქნებით, თუ ამ პროცესში  მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთვება და მხარდაჭერას გაუწევს ამ ინიციატივას.

სამხედრო სტრატეგიული კურსი

ომის საფუძვლები და მიმოხილვა/The origins of War and Overview

  1. Quincy Wright – A Study of War
  2. Geoffrey Blainey – The Causes of War
  3. Michael Eliot Howard – The Causes of War, Revised and Enlarged Edition
  4. Azar Gat – War in Human Civilization
  5. Lawrence Freedman –War

სტრატეგიული აზროვნება/Strategic Thought

  1. Carl von Clausewitz – On War
  2. Sun Tzu – The Art of War
  3. Antoine-Henri JominiThe Art of War
  4. Antulio J. Echevarria IIClausewitz and Contemporary War
  5. H. Liddell HartStrategy: The Indirect Approach
  6. John BaylisJames J. WirtzColin S. GrayStrategy in the Contemporary World: An Introduction to Strategic Studies
  7. Colin S. Gray – The Strategy Bridge: Theory for Practice

  8. Peter Paret – Makers of Modern Strategy from Machiavelli to the Nuclear Age
  9. Lawrence Freedman – Strategy: A History
  10. Bernard Brodie – War and Politics
  11. William Murray, McGregor Knox, Alvin Bernstein – The Making of Strategy: Rulers, States, and War
  12. Michael I. Handel – Masters of War: Classical Strategic Thought
  13. Beatrice Heuser – The Strategy Makers: Thoughts on War and Society from Machiavelli to Clausewitz
  14. Martin van Creveld – The Transformation of War
  15. Gérard Chaliand(Editor), Gerald Challard – The Art of War in World History: From Antiquity to the Nuclear Age
  16. Colin S. Gray – Strategy and Politics
  17. Thomas Shelling – Arms and Influence
  18. Raymond Aron – Clausewitz: Philosopher of War

ისტორია/History

  1. M. RobertsO. A. WestadThe History of the World
  2. Michael Eliot HowardWar in European History
  3. Victor Davis Hanson – The Western Way of War: Infantry Battle in Classical Greece
  4. Edward Luttwak – The Grand Strategy of the Byzantine Empire
  5. John KeeganThe Second World War
  6. Michael Oren – Six Days of War: June 1967 and the Making of the Modern Middle East
  7. David B. Ralston – Importing the European Army: The Introduction of European Military Techniques and Institutions in The Extra-European World, 1600-1914
  8. Mark Clodfelter – The Limits of Air Power: The American Bombing of North Vietnam
  9. John Keegan – A History of Warfare

სამხედრო მოქმედება/Combat

  1. Richard Holmes – Acts of War: Behavior of Men in Battle
  2. Jesse Glenn GrayThe Warriors: Reflections on Men in Battle
  3. Lord Moran – The Anatomy of Courage: The Classic WWI Study of the Psychological Effects of War
  4. John Keegan – The Face Of Battle: A Study Of Agincourt, Waterloo And The Somme
  5. Derek Leebaert – To Dare and to Conquer: Special Operations and the Destiny of Nations, from Achilles to Al Qaeda
  6. Dave Grossman – On Killing: The Psychological Cost of Learning to Kill in War and Society

სამხედრო ტექნოლოგია/Military Technology

  1. Robert L. O’Connell – Of Arms and Men: A History of War, Weapons, and Aggression
  2. Max Boot – War Made New: Technology, Warfare, and the Course of History, 1500 to Today

არარეგულარული საომარი მოქმედებები/Irregular warfare

  1. Ian F.W. Beckett – Modern Insurgencies and Counter-Insurgencies: Guerrillas and Their Opponents Since 1750
  2. Max Boot – Invisible Armies: An Epic History of Guerrilla Warfare from Ancient Times to the Present
  3. Sibylle Scheipers – Unlawful Combatants: A Genealogy of the Irregular Fighter
  4. David Kilcullen – The Accidental Guerrilla: Fighting Small Wars in the Midst of a Big One

ლოჯისტიკა/Logistics

  1. Martin van Creveld – Supplying War: Logistics from Wallenstein to Patton

დაზვერვა/Intelligence

  1. Abram N. ShulskyGary J. Schmitt – Silent Warfare: Understanding the World of Intelligence
  2. Michael Bar-ZoharNissim MishalMossad: The Greatest Missions of the Israeli Secret Service

ომი, პოლიტიკა, დიპლომატია და სახელმწიფო მშენებლობა/War, Politics, Diplomacy and State building

  1. Robert D. Kaplan – The Revenge Of Geography: What the Map Tells Us About Coming Conflicts and the Battle Against Fate
  2. Henry Kissinger – Crisis: The Anatomy of Two Major Foreign Policy Crises 
  3. Henry Kissinger – Diplomacy
  4. Samuel P. HuntingtonThe Clash of Civilizations and the Remaking of World Order
  5. Francis FukuyamaPolitical Order and Political Decay: From the Industrial Revolution to the Globalization of Democracy
  6. Dominique MoïsiThe Geopolitics of Emotion: How Cultures of Fear, Humiliation, and Hope are Reshaping the World
  7. Daron AcemoğluJames A. Robinson – Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty
  8. Ian BremmerThe J Curve: A New Way to Understand Why Nations Rise and Fall

უსაფრთხოების სწავლება/Security Studies

  1. Paul D.Williams – Security Studies: An Introduction

სამოქალაქო – სამხედრო ურთიერთობები/Civil – Military Relations

  1. Eliot A. Cohen – Supreme Command: Soldiers, Statesmen, and Leadership in Wartime
  2. Barry R. Posen – The Sources of Military Doctrine: France, Britain, and Germany Between the World Wars
  3. Samuel Huntigton – The Soldier and the State

წარსულის გაკვეთილები – კრიტიკული მიდგომები/Lessons learnt – critical approach

  1. Anthony D. McIvor – Rethinking the Principles of War
  2. Eliot A. Cohen – Military Misfortunes: The Anatomy of Failure in War
  3. Jeffrey RecordMaking War, Thinking History: Munich, Vietnam, and Presidential Uses of Force from Korea to Kosovo
  4. Richard E. Neustadt(Author), Ernest R. May (Author) –Thinking in Time: The Uses of History for Decision-Makers
  5. Hew Strachan, Sibylle Scheipers – The Changing Character of War
  6. Martin van Creveld – The Sword and the Olive: A Critical History Of The Israeli Defense Force
  7. Michael D KrauseCody R Phillips – Historical Perspectives of the Operational Art

 

 

 

ერეკლე II და ბონაპარტი

თანამედროვე სამხედრო აზროვნების აუცილებლობაზე

რა აქვთ საერთო ერეკლე II-ს და ნაპოლეონს?  რამით თუ დააკავშირებთ ამ სახელებს ერთმანეთთან? – არაერთი ადამიანისთვის, ძირითადად სამხედროებისა და პოლიტიკოსებისათვის დამისვამს ეს კითხვა, და თითქმის ყოველთვის ვაწყდებოდი პასუხად დუმილს.

ქართულ ცნობიერებაში ამ ორ დიდ ადამიანს არც არაფერი არ აკავშირებს, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ… სინამდვილეში ისინი თანამედროვეები იყვნენ და მეტი არც არაფერი. ჩემი დღევანდელი წუხილის მიზეზი  მხოლოდ ის არ არის თუ როგორი იზოლირებული, დასავლური ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი პოლიტიკური-სამხედრო შემადგენელი გააჩნდა იმ ეპოქაში საქართველოს, ბევრად უფრო დრამატულად მეჩვენება ის გარემოება, რომ იმ ეპოქის უფსკრული, კონკრეტულად კი სამხედრო აზროვნების თვალსაზრისით დროის სვლასთან ერთად მუდმივად იზრდებოდა.

XVIII საუკუნის ქართულ  და ევროპულ სამხედრო აზროვნებას არსებული დრამატული განსხვავება დღეს 2017-ში ბევრად უფრო დიდია, გეომეტრიული პროგრესითაა გაზრდილი.

200px-Heraclius_II_of_Eastern_Georgia

 

ერეკლე II-ის  დროს ცხოვრობდნენ და საკუთარი შედევრები როგორც საბრძოლო საქმეში, ასევე სამხედრო აზროვნების კუთხით უკვე შექმნილი ჰქონდათ ან უკვე ქმნიდნენ ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ დიდი, ბიულოუ, ჟომინი, ნაპოლეონი.  ერეკლეს ეპოქაში ეყრებოდა საფუძველი ყმაწვილი კლაუზევიცის პიროვნებას, მის ჩამოყალიბებას კაცობრიობის უდიდეს სამხედრო მოაზროვნედ. სწორედ კლაუზევიცმა შექმნა ყველა დროის და კულტურის ჯერ-ჯერობით უალტერნატივო ნაშრომი ომის, სამხედრო ხელოვნების შესახებ. კლაუზევიცი უშუალოდ მონაწილეობდა და აკვირდებოდა იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს, შვიდ წლიან ომს და მის შედეგად წარმოშობილ რეალიებს. ამ გამოცდილების შედეგი იყო მისი ნაშრომიც.  ევროპაში არსებულმა ვითარებამ, სინამდვილეში, ბევრად უფრო მაშტაბური გავლენა მოახდინა მის კონცეფციებზე, შეხედულებებზე და აზროვნებაზე, ვიდრე იგივე ეპოქამ კიდევ ერთ მათ თანამედროვეზე ფრანცისკო გოიას შემოქმედებაზე.

1798-99 წლები ეს არა უბრალოდ ორი ერთმანეთს მიყოლებული წლებია ამ ეპოქიდან, პირველი – ერეკლე II გარდაცვალების, ხოლო მეორე ჯორჯ ვაშინგტონის გარდაცვალების თარიღებია. რა თქმა უნდა, არც ვაშინგტონი მიხსენებია შემთხვევით, რადგან არაფერი ისე კარგად ვერ ახდენს ილუსტრირებას იმ განსხვავებისა, რაც დღეს არსებობს თანამედროვე ქართულ სამხედრო აზროვნებასა და დასავლურ, განვითარებულ სამხედრო აზროვნებას შორის, როგორც ერეკლე მეფის უკვე დღევანდელი საქართველოს ძალის, პოლიტიკურ, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შედარება ჯორჯ ვაშინგტონის დღევანდელ ამერიკასთან. შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო აზროვნების თვალსაზრისით ჩამორჩენილობა კიდევ უფრო დრამატულიც კია.

დიდებული ქართველი მეფის თავდადებული ბრძოლის ეპოქა, სამხედრო ცვლილების თვალსაზრისით ნაპოლეონის გენიის ეპოქაა. შეიძლება სამწუხარო, მაგრამ მაინც გასაგები იყოს თუ რატომ, როგორ, რა ხელის შემშლელი გეოპოლიტიკური მიზეზების გამო არ მოახდინა ამ ეპოქამ გავლენა ქართულ სამხედრო აზროვნებაზე, რატომ არ მისცა მას ნოვაციებთან წვდომის საშუალება, უფრო მეტიც – რატომ არ ჩაეყარა მაშინ საფუძველი ქართულ სამხედრო აზროვნებას. მაგრამ ბევრად უფრო დრამატული ის არის, რომ  ნაცვლად იმისა რომ საქართველოს მოგვიანებით მაინც მოეხერხებინა მძლავრი, განვითარებადი, ფუნდამენტური სამხედრო აზროვნების მარგალიტების გაცნობა, პირიქით ხდებოდა, მე-18 საუკუნის შემდეგ მე-19 და მე-20 საუკუნეში უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა. დასავლური, პრუსიულ- გერმანული სამხედრო სკოლა ვითარდებოდა, ფართოვდებოდა, ხოლო ქართული სამხედრო აზროვნება წარსულის ნიშნულს ვერ ცდებოდა, უკვე ერეკლეს ბონაპარტის და კლაუზევიცის ეპოქიდან დიდი ხნის შემდეგ.

ომის ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ კიდევ უფრო აჩვენა ქართული სამხედრო აზროვნების არ არსებობა. საკმარისია ადამიანი გაეცნოს საქართველოს გმირის გენერალ მაზნიაშვილის მიდგომებს, მისი ეპოქის დასავლური სამხედრო მეთაურების მოლტკეს და შლიფენის ხედვებს, რომ თვალში მოგხვდეს განსხვავება სამხედრო აზროვნების მაშტაბებთან დაკავშირებით. შლიფენ-მოლტკეს  „სამხედრო ჩავარდნის“ მიუხედავად მათი ხედვის მაშტაბი მაინც იმდენად დიდია ჩვენს საამაყო გენერალთან შედარებით, რომ გულისდაწყვეტას იწვევს. თვალში საცემია ის განსხვავება, როგორ ხედავდა ქართველი გენერალი მანევრის მაშტაბს და როგორ ხედავდა იგივეს გერმანელი. მიუხედავად ჩემი პერსონალური დამოკიდებულებისა, უდიდესი პატივისცემისა და მადლიერებისა მაზნიაშვილის მიმართ არც იმის არ შემჩნევა არ გამოვა, რომ მაგალითად მოლტკე გამარჯვებაში უფრო ცხადად და მკაფიოდ ხედავდა მოწინააღმდეგის ნების გატეხვას, ვიდრე ტერიტორიის დაკავებას. აქ, ცხადი იყო, გერმანელი მხედართმთავარი ძალიან კარგად იცნობდა ჟომინის ხედვებს სტრატეგიაზე, შეიძლება ითქვას მისი მიმდევარიც იყო და ბუნებრივია საფუძვლიანად ენდობოდა კლაუზევიცის ფილოსოფიას. ქართველი, შედარებით უფრო გვიან მოღვაწე ჩვენი გენერალი კი რუსული იმპერიის სამხედრო ხედვების და განათლების მსხვერპლი იყო, რაც რათქმაუნდა მის თავდადებასა და შედეგიანობას არაფრით აკნინებს, მაგრამ „ქართულ სამხედრო აზროვნებას“  ბუნებრივია ვერაფერს სძენს.

Continue reading “ერეკლე II და ბონაპარტი”

ისტორია გვასწავლის, ომები იწყება, მაშინ როდესაც მთავრობებს სჯერათ, რომ აგრესიის ფასი დაბალია – რონალდ რეიგანი

მტერმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ფასი მაღალია.

 

დიდი მადლობა ყველას ამ ბლოგით დაინტერესებისათვის. მედალს ორი მხარე აქვს – ჩემს დღევანდელ მდგომარეობას თავისი – პოზიტივი. გულწრფელად გეტყვით, რომ არა პატიმრობა არც ეს ბლოგი იარსებებდა – უბრალოდ დროს ვერ მოვნახავდი ამისთვის.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო მეტი საშუალება მქონდა და მაქვს გავაგრძელო თავადაცვის და უსაფრთხოების სფეროს კვლევა. საქართველოში, რომელიც მრავალი გამოწვევების პირისპირ იმყოფება, გლობალური და ლოკალური რისკების არსებობა ადეკვატურ და ეფექტურ ზომებს საჭიროებს.  და მთავარი, ქვეყანა რუსული ოკუპაციის პირობებშია. ამ ვითარებაში სახელმწიფოებრიობა კოჭლია და ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამავე დროს, ჩვენ უნდა სრულად დავძლიოთ ჩამორჩენილი საბჭოთა მენტალობა, მიდგომები, დავაჩქაროთ ჩვენი სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დავუბრუნდეთ  ევროპულ ოჯახს.

აქედან გამომდინარე, მსჯელობა და დისკუსია თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე, საფრთხეების და გამოწვევების დაძლევის ხედვებზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენ საკუთარი ხელებით უნდა გავჭრათ ის გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოზე გაიყვანს, სადაც ერთიანი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო გარემოში შეძლებენ საკუთარი ნიჭით და განათლებით წარმატების მიღწევას. ამ ბლოგით მე მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები და იდეები და მოვისმინო თქვენი პოზიციები.

და ბოლოს, ერთი რამ ცხადია, მტერმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ფასი მაღალია, ძალიან მაღალი!