ისტორია გვასწავლის, ომები იწყება, მაშინ როდესაც მთავრობებს სჯერათ, რომ აგრესიის ფასი დაბალია – რონალდ რეიგანი

მტერმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ფასი მაღალია.

 

დიდი მადლობა ყველას ამ ბლოგით დაინტერესებისათვის. მედალს ორი მხარე აქვს – ჩემს დღევანდელ მდგომარეობას თავისი – პოზიტივი. გულწრფელად გეტყვით, რომ არა პატიმრობა არც ეს ბლოგი იარსებებდა – უბრალოდ დროს ვერ მოვნახავდი ამისთვის.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო მეტი საშუალება მქონდა და მაქვს გავაგრძელო თავადაცვის და უსაფრთხოების სფეროს კვლევა. საქართველოში, რომელიც მრავალი გამოწვევების პირისპირ იმყოფება, გლობალური და ლოკალური რისკების არსებობა ადეკვატურ და ეფექტურ ზომებს საჭიროებს.  და მთავარი, ქვეყანა რუსული ოკუპაციის პირობებშია. ამ ვითარებაში სახელმწიფოებრიობა კოჭლია და ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამავე დროს, ჩვენ უნდა სრულად დავძლიოთ ჩამორჩენილი საბჭოთა მენტალობა, მიდგომები, დავაჩქაროთ ჩვენი სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დავუბრუნდეთ  ევროპულ ოჯახს.

აქედან გამომდინარე, მსჯელობა და დისკუსია თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე, საფრთხეების და გამოწვევების დაძლევის ხედვებზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენ საკუთარი ხელებით უნდა გავჭრათ ის გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოზე გაიყვანს, სადაც ერთიანი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო გარემოში შეძლებენ საკუთარი ნიჭით და განათლებით წარმატების მიღწევას. ამ ბლოგით მე მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები და იდეები და მოვისმინო თქვენი პოზიციები.

და ბოლოს, ერთი რამ ცხადია, მტერმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ფასი მაღალია, ძალიან მაღალი!