კრიმინალური კლანების პოლიტიკური საცეცები

„მაფია და კამორა ყოველთვის იყვნენ
ჩვენს გარშემო და ასეც გაგრძელდება;
სამწუხაროდ ისინი არსებობენ. ჩვენ
გვიწევს ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში“ –
პიეტრო ლუნარდი, 2001
ბერლუსკონის მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრი.

იტალიის ინფრასტრუქტურის მინისტრის ეს სიტყვები აღიარებაა იმ ფაქტის, რომ ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების და ორგანიზებული დანაშაულის თანაცხოვრება ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენა და მათი „წარმატებული“ საქმიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ნიშანდობლივია ეს სიტყვები იმ სამინისტროს ხელმძღვანელისგან, რომლის თანხების კორუფციული განკარგვა წარმოადგენდა კრიმინალის მთავარ შემოსავლის წყაროს. ამ ჯგუფების სიმბიოზი ურთიერთსარგებლიანობას ეფუძნება – ერთის მხრივ, ორგანიზებული დანაშაულისათვის ხელმისაწვდომი ხდება საბიუჯეტო სახსრები, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ საარჩევნო მხარდაჭერით.

audienceds
კამორა მე-19 საუკუნის ბოლოს

კამორა ნეაპოლის რეგიონალური დანაშაულებრივი უძველესი ქსელია. მასზე პოლიციური ჩანაწერი მაფიამდე წლებით ადრე – 1820 წელს გაჩნდა. მაფიისგან განსხვავებით, რომლის თავდაპირველი ძირითადი საშემოსავლო და საორგანიზაციო საყრდენი აგრარული სექტორი იყო, კამორასთვის საუკუნეების განმავლობაში მთავარი საყრდენი, მოქმედების არეალი და შემოსავლის წყარო სასჯელაღსრულების სისტემები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ურბანულ დასახლებებში აქტიურად ვითარდებოდა, კამორა ყოველთვის იმართებოდა ციხიდან.

კამორა განსაკუთრებით საყურადღებო ფენომენია საქართველოსთვის, რადგან ძალიან გავს ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ სისტემას, თანაც სხვადასხვა ასპექტში.

ციხე – ორგანიზებული დანაშაულის შტაბ ბინა და მართვის ცენტრი

კამორამ პირველმა გააფორმა ციხის ადმინისტრაციებთან სისტემატიზირებული შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად კამორა უზრუნველყოფდა ციხეში სიმშვიდეს, მოუხსნიდა რა ადმინისტრაციას და შესაბამისად სახელმწიფოს დამატებით საზრუნავს და წუხილებს. სანაცვლოდ კამორა იღებდა უფლებას – უკიდურესი ზეწოლა მოეხდინა დანარჩენ პატიმრებზე და, მეორეს მხრივ, ესარგებლა კომფორტული, პრივილეგირებული პირობებით საპატიმრო დაწესებულებებში.

decrescenzods
სალვატორე დე კრეშენცო – მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ყველაზე ცნობილი ბოსი

ამ ვითარების ერთ-ერთ უძველეს წყაროს წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნეში ნეაპოლში მცხოვრები შვეიცარიელი მკვლევარის დაკვირვება. მარკ მონიერის “Le Camorra” დეტალურად აღწერს კომორისტებისა და ჩვეულებრივი პატიმრების ურთიერთობას ციხის შიგნით. მისი კვლევის მიხედვით, კამორისტების ნებართვის გარეშე პატიმრებს არ ჰქონდათ ჭამის, სმის, სიგარეტის მოწევის ან თამაშის უფლება, პატიმარს კომორისტისთვის უნდა მიეცა 10% ყველაფრისგან რასაც ოჯახი უგზავნიდა. უნდა გადაეხადა ციხეში ვაჭრობისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი საქმინობის ნებართვისთვის. პატიმარს ასევე კამორისტებისთვის უნდა გადაეხადა ადვოკატის ყოლის უფლებისთვის. ნებისმიერი იხდიდა, თვით უქონელიც, სრულიად ღატაკსაც ეკისრებოდა კამორისტისთვის გადახდის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერს ცემაში სიკვდილი ემუქრებოდა.

ეს სურათი ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში, განსაკუთრებულად კი თითქმის ზედმიწევნით აღწერაა უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდის დროს ქურდული სამყაროს მიერ ციხეების მართვის სტილისა. მიუხედავად ეპოქალური სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისა, იტალიურ კამორას ეს ნიშა არ დაუკარგავს, რათქმა უნდა ფორმებმა განიცადეს დროის მიერ მოტანილი ტექნიკური ცვლილებები, მაგრამ კამორა დღემდე რჩება იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლური ციხეების სრულ ბატონ-პატრონად.

1991 წელს ნეაპოლის პოლიციის უფროსმა რეგიონში დრამატულად გაზრდილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად საჯაროდ მოიხსნა, განაცხადა რა რომ „ყველაფერი რაც ხდება გარეთ იგეგმება შიგნით [ციხეში]“.

კამორა მინიმუმ სამჯერ მაინც გამოცხადდა ოფიციალურად დამარცხებულად, სამივეჯერ XX საუკუნეში და სამივეჯერ დიდი შეცდომა აღმოჩნდა. XX საუკუნის შუა ხანებში, ერთგვარი დასუსტების ფონზე რაფაელე კუტოლომ, რომელიც წლების განმავლობაში არ გამოსულა მკაცრი რეჟიმის ციხიდან, ასევე ციხიდან გამოუსვლელად შექმნა კამორას ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ახალი ტალღა “Nuova Camorra Organizzata“ (NCO) – ახალი კამორას ორგანიზაცია, ციხიდან გამართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სასტიკი და შემოსავლიანი ქსელი მთელი კამორას ისტორიაში.

Raffaele-Cuotolo-600x400
რაფაელე კუტოლო

კამორას გენეტიკური კოდი უცვლელია, მისი სიცოცხლის წყარო ციხეებიდან მოდის, ციხეებში კონტროლის მეშვეობით ინარჩუნებს ორგანიზებულ სახეს. სანამ მისი საჭიროება ციხეში არ გაქრება, არსებული სისტემა მხოლოდ გაძლიერდება. ამიტომაც კამორისტი მით უფრო დაფასებულია, თუ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს. ნებისმიერი კამორისტი გმირია თუ კამორას მტერი ფიზიკურად ან მორალურად ჰყავს განადგურებული. კამორა დღემდე აგროვებს ე.წ. „საერთოს“, რომელიც იხარჯება ციხეებში მყოფი კამორისტების და მათი ოჯახების შესანახად და რათქმა უნდა ადმინისტრაციის მოსასყიდად.

კამორისტები და კანონიერი ქურდები  – ერთი მედლის ორი მხარე

სიტყვა კამორისტი შინაარსობრივად  „კანონიერ ქურდს“ აღნიშნავს. თვითონ კი იტალიური სისტემის მიმდევრებს საკუთარი თავი „ღირსეულ კაცად“ მიაჩნდათ, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან „კაი ბიჭების“ შემთხვევაშია.

ამასთანავე ყველაფერი რაც განასხვავებს კამორას მაფიისგან ძალიან ამსგავსებს ქართულ ქურდულ სამყაროს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალში საცემია მართვის და კონტროლის ჰორიზონტალური სტილი. მაფიის მსგავსი ოჯახურ-კლანური ვერტიკალური მართვა სრულიად უცხოა კამორასთვის. მისი მმართველობითი ფორმირება და ფუნქციონირება ისე არის გაშლილი და მიმობნეული, როგორც ქურდული სამყაროსი. ამ მხრივ ნამდვილად უფრო „დემოკრატიულია“. შედეგად კი, მაფიისგან განსხვავებით, რომლის ძირითადი ლიდერების იდენტიფიცირება და მასზე ორიენტირება ყოველთვის შეუძლია სახელმწიფოს, კამორას შემთხვევაში, ისევე როგორც ქურდული სამყაროს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. აქ გველეშაპს უამრავი თავი აქვს და ერთის წაცლა მეორის ამოსვლას იწვევს. კამორას და ქურდულ სამყაროს უბრალოდ არ გააჩნია ლიდერთა წრე, რომელთა იდენტიფიცირებით და შემდეგ სამართლებრივი რეაგირებით გარკვეული დროით მაინც იქნეს შესაძლებელი  მისი თუნდაც დროებითი პარალიზება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კამორას, ასვე ქურდულ სამყაროს გააჩნია გადაწყვეტილების მიმღები ლიდერთა უწყვეტი ქსელი, რომლის თანახმადაც სრულიად ახალ-ახალ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ახალი დანაშაულებრივი სისტემურ-ქსელური დავალებების გაცემა. ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით სრულიად უწყვეტად ფუნქციონირებს.

mappa-camorra-03-napoli-provincia
კამორას კლანები – ჰორიზონტალური მმართველობა

კამორას და ქურდული სამყაროს საერთო დამახასიათებელი ნიშანია ისიც, რომ ორივენი ბევრად უფრო სახალხო, მასიური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, ელიტარული მაფიისგან განსხვავებით. ისინი უფრო დიდი დოზით სარგებლობენ ქუჩის მხარდაჭერით, რომანტიკულ-იდეალისტური თვალსაზრისით  მათი მხარდამჭერები უფრო ახალგაზრდები არიან. ისინი მაფიისგან განსხვავებით საკუთარ რიგებს მასიურად ავსებენ საზოგადოების შედარებით დაბალი ინტელექტუალური და ღარიბი ფენებიდან.

კამორას და ქურდულ სამყაროს მაფიისგან განსხვავებით დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საერთაშორისო ცნობადობა. თუ კამორას შემთხვევაში რობერტო სავიანომ ის მსოფლიოს გააცნო, მსოფლიოში მის მიმოფანტულ წევრებს საერთაშორისო გავლენები მაინც არ გააჩნიათ ზუსტად ისე როგორც ქურდულ სამყაროს. კი არის მიმობნეული ევროპის მასშტაბით, მაგრამ საკუთარი ძალადობრივ მექანიზმებს მაინც ძირითადად ეთნიკურად ქართული ჯგუფების, ან პოსტ საბჭოთა სივრციდან წამოსული დიასპორების ფარგლებში იყენებს.

კამორამ ზუსტად ისეთი ქუჩური ბანდიტიზმის გზა გამოიარა, რაც ჩვენ გვახსოვს 1990-2000 წლების მიჯნაზე, ქართული ბანდიტური პერიოდიდან მისთვის დღემდე დამახასიათებელია ჩვეულებრივი რეკეტი, ყაჩაღობა, კონტრაბანდა, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით ამას აღარ აკეთებს დემონსტრაციულად, ყოველ შემთხვევაში ცდილობს ყველგან და ყოველთვის ნაკლებად იხმაუროს.

3a8eecs-960
კამორისტის დაკავება

მან დროთა განმავლობაში შეცვალა ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მეთოდები, ქუჩიდან ნელ-ნელა ბიზნეს კაბინეტებში გადაბარგდა, ასევე შეცვალა სახელმწიფოს სახელით მათთან დაპირისპირებულ ვიწრო ჯგუფებთან ურთიერთობის მეთოდი. ვიწრო ჯგუფებს იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად სახელმწიფოს და ორგანიზებულ დანაშაულს შორის წარმოქმნილი ყოველი დაპირისპირებისას ერთ მხარეს სახელმწიფოს სახელით არის ენთუზიასტ ადამიანთა მცირე ჯგუფი, მეორე მხარეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარო სრულად და მასთან ერთად იმავე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად როგორც ეს იყო ფალკონეს შემთხვევაში.

Continue reading “კრიმინალური კლანების პოლიტიკური საცეცები”

Cosa Nostra პოლიტიკურად…

პოლიტიკა და მაფია ორი ძალაა ერთსადაიმავე
ტერიტორიაზე, სადაც მათ ან ომი უნდა აწარმოონ
ან შეთანხმებას უნდა მიაღწიონ
პაოლო ბორსელინო

23 მაისს ევრონიუსის მთავარ ამბებში ვნახე ფალკონეს მკვლელობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი იტალიაში. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ ის ოფიციალური პირები, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ შორის ვინმე იქნებოდა მაფიოზი, ვინმე კამორისტი. საქართველოში ყველას გაგვიგია მაფიის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მაინც ცოტა ვიცით იტალიაში ორგანიზებულ დანაშაულის არსზე, კრიმინალის მიერ სახელმწიფოსა და პოლიტიკის მართვის მეთოდებზე. საქართველოში ბევრს არ აქვს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც აქტიურად დაუპირისპირდა პოლიტიკისა და კრიმინალის ამ ალიანსს – ჯიოვანი ფალკონეზე და მის თანამებრძოლ პაოლო ბორსელინოზე, რომლის მკვლელობის 25 წლისთავი დღეს, 19 ივლისს არის.

images (2)
ჯიოვანი ფალკონე (მარცხნივ) და პაოლო ბორსელინო

თამაშის წესები

მიუხედავად იმისა, რომ პალერმოს სასამართლოს „მაქსი-პროცესმა“ ფალკონეს მსოფლიო ცნობადობა და დიდი ავტორიტეტი მოუტანა, სინამდვილეში ამ წარმატებულმა ანტიმაფიოზურმა გამოძიებამ მას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. იმ დღეებიდან მოყოლებული ფალკონეს ცხოვრება და საქმიანობა სიკვდილის დღემდე უფრო პრობლემური აღმოჩნდა ვიდრე მანამდე.

მაქსი თრიალის გახსნა 1986
პალერმო, 1986 წ. მაქსი-პროცესის (Maxi-trial) გახსნა – სასამართლო პროცესი მაფიის წინააღმდეგ

„მაქსი-პროცესის“ მიმდინარეობის პერიოდშიც კარგად ჩანდა ორგანიზებული დანაშაულის, პოლიტიკის და სასამართლოს ერთ ხმაში მოქმედება. „მაქსი-პროცესზე“ უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს წევრებისთვის უამრავ ადამიანს მიესაჯა სასჯელები, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ციხე ძალიან მალე დატოვა. უმთავრეს დამნაშავეებს კი ეს მოკლე პერიოდიც თითქმის არ უგრძვნიათ იმ განსაკუთრებული პირობების გამო, რომელშიც იმყოფებოდნენ, პრაქტიკულად სასტუმროში ცხოვრობდნენ როგორც მომსახურების, კომფორტის, ასევე დროის თვალსაზრისითაც. პროცესი ძალიან ცინიკურად განვითარდა, ბუნებრივია ყველა მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა. პოლიტიკოსებმა უზრუნველყვეს ჩვენთვის ცნობილი ე.წ. „საქმის დაწერის“ წესი, რომლის მეშვეობითაც ყველა ეს საქმე ხვდებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლე კორადო კარნევალეს ხელში, რომელმაც 400 განაჩენი გაუგებარი მიზეზით ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა. მიუხედავად იმისა რომ „მაქსი-პროცესი“ მთელი ერის თვალწინ მიმდინარეობდა, მის მიმართ არნახული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, როგორც კი კონკრეტული საქმე სასამართლოს უზენაეს ინსტანციამდე – კარნევალემდე მიაღწევდა, ყველაფერი ისევ სამართლის სახელით წყალში იყრებოდა. ასე დაიმსახურა მოსამართლე კარნევალემ ზედმეტსახელი „განაჩენების მკვლელი“. კანონის თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში იყო, უზენაესი სასამართლოს განაჩენი საბოლოო, თანაც გამამართლებელი, ანუ ჰუმანური გადაწყვეტილება რეპრესიულის საპირწონედ. გამაოგნებელი კი ის იყო, რომ უზენაესი სასამართლოს ერთი მოსამართლე რამდენიმე კოლეგასთან ერთად საკმარისი იყო შავი თეთრად გამოეცხადებინა და საერთოდ ეჭვქვეშ დაეყენებინა მაფიის არსებობის საკითხი. „მაქსი-პროცესი“ იყო მთავარი მოვლენა რომელმაც საყოველთაო ცნობადობა მოუტანა ფალკონეს და ბორსელინოს, პროცესი რომელიც ენთუზიასტი იდეალისტი გამომძიებლების მიღწევა იყო, მაგრამ პოლიტიკოსთა და უზენაესი სასამართლოს მაფიასთან გარიგებამ ცირკად აქცია.

maqsi trial
პალერმო ,1986წ. მაფიის წევრები სასამართლო პროცესზე

„მაქსი-პროცესის“ შედეგად ფალკონეს სახალხო იმიჯი შექმნისთანავე გახდა მისთვისვე მთავარი პრობლემა, მისივე პერსონალური რეპუტაციისთვის. სინამდვილეში მსოფლიო ცნობადობის მქონე ფალკონე არასდროს ყოფილა „მაღალი თანამდებობის პირი“, უფრო სწორედ ყოველთვის მეორეხარისხოვანი თანამდებობა ეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ხარისხის და მსოფლიო მასშტაბის გამოძიებებს ატარებდა.

მალე იმ რეგიონალურ დანაყოფში სადაც ფალკონე მუშაობდა მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური გახდა. ბუნებრივია, ფალკონემ  შეიტანა განაცხადი. გულწრფელად სწამდა, რომ ამ პოსტს არა მხოლოდ მიღწეული წარმატებების გამო იმსახურებდა, არამედ ბევრად ფართო და ეფექტური გამოძიებების წარმოებას შეძლებდა, მაფიისთვის უფრო მასშტაბური დარტყმების მიყენებას. გულუბრყვილოდ დარწმუნებული იყო, რომ ამ ადგილს მიიღებდა.

Corrado_Carnevale
მოსამართლე კორადო კარნევალე – “განაჩენების მკვლელი”

თუმცა ომში ყველაფერი სხვანაირად განვითარდა, სასამართლო სისტემის მესვეურების და პოლიტიკოსების მიერ ამომრჩეველ კომისიაში მანიპულაციების მთელი წყების ჩატარების შედეგად „ცალსახად ფალკონეს ადგილი“ სხვამ დაისაკუთრა. მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ მიხვდა ფალკონე საკუთარი მდგომარეობის სირთულეს. ფალკონე თვლიდა, რომ მიხვდა თამაშის წესებს. ისინი კლავენ თანამდებობის პირს, როცა ფატალური კომბინაცია დგება, როდესაც იწყება მაფიისთვის სახიფათო ადამიანის  იზოლირებს პროცესი.

სასიკვდილო განაჩენი – დისკრედიტაცია და იზოლირება

„მაქსი-პროცესზე“ ფალკონეს უკვე დამტკიცებული ჰქონდა, რომ საშიში იყო, ხოლო ის რომ პოლიტიკური და იურიდიული წრისგან იზოლირებული აღმოჩნდა, ეს სულ ახლახანს, ამ არჩევნებზე შეიტყო. ამიტომაც, იმავე საღამოს არჩევნების შემდეგ 1988 წ. 19 იანვარს რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა „მე უკვე მკვდარი ვარ“. ეს არ იყო წინათგრძნობა, ეს სიტუაციის გათვითცნობიერება იყო. მის სიკვდილამდე კიდევ 4 წელი იყო დარჩენილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის 4 წელი იმიტომ გაძლო, რომ იზოლირების ხარჯზე ნაკლებ საშიშად რჩებოდა. ბუნებრივია მას მუშაობა და ბრძოლა არ შეუწყვეტია. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არც მისი მკვლელობა მოხდებოდა და საერთოდაც იდეალისტი ადამიანების სახელები იმიტომაც ვიცით, რომ ისინი საკუთარ იდეებს სიცოცხლის ფასად ემსახურებიან.

ახალი უფროსის პირობებში ფალკონეს ხელები შეკრული აღმოაჩნდა. მოქმედების თვალსაზრისით იმდენად შეზღუდეს, რომ ერთი პერიოდი სრულიად რეალისტური განცდა არსებობდა – მას სამსახურის დატოვების გარდა სხვა გზა არ რჩებოდა, მაგრამ არაფრის კეთებას და სახლში წასვლას ბრძოლა არჩია, თუნდაც შეკრული, თუნდაც ცალი ხელით.

download (2)
1982 წ. პალერმო. სალვატორე (სალვო) ლიმა  – მაფიასთან დაახლოებული იტალიელი პოლიტიკოსი, პალერმოს მერი. მოკლა მაფიამ 1992 წ. დავალების შეუსრულებლობის გამო

ამ პერიოდში დაიწყო დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია ფალკონეს რეპუტაციის წინააღმდეგ, ამ კამპანიის მთავარი მიზანი იყო თუ საბოლოოდ ვერ გაანადგურებდა ფალკონეს, მაშინ ენთუზიასტი, იდეალისტი ანტიმაფიოზის იმიჯს მნიშვნელოვნად მაინც შეურყევდა. ფალკონე ხედავდა როგორ ცდილობდნენ მისი სახელის შებღალვას, რადგან ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ანონიმური წერილების, ანონიმური წყაროების პერიოდად იქცა. ერთის მხრივ მას პირადად უგზავნიდნენ ანონიმურ წერილებს მისი სიკვდილის თარიღით, რაც ძირითადად მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმდებას ისახავდა მიზნად, მეორესმხრივ კი პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები და ჟურნალისტები ღებულობდნენ ანონიმურ წერილებს, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა – ფალკონეს პერსონალური დისკრედიტაცია და რაც შეიძლება ფართო მასშტაბით. ეს წერილები ნამდვილად იყო ისეთი ფორმით შედგენილი, რომ დამაჯერებლობის ელემენტი გააჩნდა. როგორც წესი, წერილი შეიცავდა რამდენიმე ნამდვილ, საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტს ფალკონეს შესახებ, მაგალითად ისეთი თუ კონკრეტულ დროს სად იყო, ვის შეხვდა, რა თქვა, რას აპირებდა, რაც თავისთავად არანაირ „ცუდ“ ან „ბოროტ“ ქმედებას არ გულისხმობდა, უბრალოდ თუ ვინმე დაინტერესდებოდა, ყველა ამ ფაქტის დადასტურება იყო შესაძლებელი. წერილში კი მთავარი იყო ის ერთი სხვა ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარებოდა და რომელიც ხან მაფიასთან თანამშრომლობას, ხან კორუფციას, ხანაც საერთოდ მაფიოზის მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებდა. ნელ-ნელა ამ წერილების წყალობით ფალკონე არა ანტიმაფიოზი იდეალისტი, არამედ ვიწრო, საკუთარ ინტერესებს გამოკიდებულ ავანტიურისტად ყალიბდებოდა საზოგადოების თვალში, თანაც ისეთად, რომელიც აქტიურად იყენებდა უკანონო ქმედებებს ცრუ მოწმეების ჩათვლით.

Continue reading “Cosa Nostra პოლიტიკურად…”