ელიოტ კოენი – უმაღლესი მთავარსარდლობა: სამხედროები, პოლიტიკოსები და ლიდერობა ომის დროს

ჩვენ სამხედრო-პოლიტიკური წიგნების სერიის გამოცემას ვიწყებთ, რომლის პირველი წიგნი, ელიოტ კოენის „უმაღლესი მთავარსარდლობა“, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული მოაზროვნის ნაშრომია.

 

სამხედრო-პოლიტიკური ბიბლიოთეკის მთავარი ამოცანა ქართული სამხედრო სტრატეგიული აზროვნებისთვის ბიძგის მიცემა და განვითარებაა. ბუნებრივია, ამ სერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა სამოქალაქო და სამხედრო პირთა ურთიერთ­თანამშრომლობას, ამ მიმართულებით არსებული რელევანტური ისტორიის შესწავლას, ანალიზს და დებატებისა და დისკუსიებისთვის საკითხების მონიშვნას. ქართული სამხედრო აზროვნება არა მარტო ფუნდამენტური სამხედრო-სტრატეგიული ხედვების ნაკლებობას განიცდის, არამედ სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების ელემენტარული კულტურის დეფიციტსაც. ბუნებრივია, ამას აქვს ობიექტური მიზეზები, რაც უპირველეს ყოვლისა საქართველოს საბჭოთა წარსულითაა განპირობებული. თუმცა, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის ისტორიაც არ იძლევა კმაყოფილების საფუძველს, პირიქით – შეიძლება ითქვას, რომ საქართვლოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ქართული სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები ერთ დიდ პრობლემურ ციკლს წარმოადგენს.

პროფესიულ წრეებში გაბატონებულია სამხედრო სტრუქტურების სამოქალაქო კონტროლის აუცილებლობის იდეა ისე, რომ არც პოლიტიკურ სპექტრს და არც სამხედრო ელიტას ბოლომდე ზუსტად არ ესმის, სად შეიძლება გაიმიჯნოს პოლიტიკური და სამხედრო საქმიანობა. განსაკუთრებით დრამატულია ინსტიტუციური  გაურკვევლობა ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ომის პირობებში იმყოფება. ჩვენი დღევანდელობა პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ იძლევა მკვეთრ პასუხებს კითხვებზე, თუ რა როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა რეალური ომის პირობებში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, არც ერთ ქართველ ოფიცერსა და პოლიტიკოსს არ შეუძლია თქვას, რა უნდა აკეთოს საომარი მოქმედებების დროს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, არც პრემიერ-მინისტრის ფუნქციებია ნომინალურად გარკვეული.

ეს ინსტიტუციური გაურკვევლობა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ხარვეზებით გამოწვეული დროებითი მოვლენა. პრობლემის მთავარი არსი სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების „ქართულად აღქმის“ საკითხია, უფრო სწორად ის, რომ ეს ურთიერთობები არ არის გააზრებული ჩვენი რეალობის, კულტურის და პრაქტიკის ანალიზის ჭრილში. სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებზეც, ისევე როგორც სხვა ბევრ ფუნდამენტურ სამხედრო საკითხზე, რატომღაც საქართველოში ნორმადაა მიღებული „მოდური“ ფრაზების საფუძველზე სტანდარტების ჩამოყალიბება. ამიტომაც დღეს თითქმის უალტერნატივო კონცეფციად შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ ფრაზად მოწოდებული იდეა: „პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ სამხედრო საქმეებში“; თუმცა, ზუსტად ვერავინ განმარტავს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თანამედროვე საქართველოსთვის. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან არმიისთვის პოლიტიკური ამოცანის დასახვის შემდეგ მოვლენების განვითარება, როგორ ვხედავთ უშუალოდ ომისას უმაღლესი მთავარსარდლის როლს, რას ველოდებით მისგან – რაიმე ქმედებას თუ სრულ უმოქმედობას სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას?

ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულია კიდევ ერთი თეზისი, რომ, მაგალითად, გენერალური შტაბის მეთაური უნდა აკმაყოფილებდეს ერთადერთ მთავარ კრიტერიუმს – იყოს „პროფესიონალი სამხედრო“ ისე, რომ არც დაინტერესდეს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მისი მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკისადმი ლოიალობით. რა შეიძლება ასეთმა ვითარებამ გამოიწვიოს აქტიური ომის პირობებში, თუ დავუშვებთ, რომ ქვეყანას მართავს ლეგიტიმურად არჩეული პოლიტიკური გუნდი, მაგრამ გენერალიტეტი უსაფრთხოების სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას „შეცდომად“ მიიჩნევს?

ეს კითხვები აუცილებლად უნდა დავსვათ, რათა თვალი გავუსწოროთ რეალობას და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ლამაზი, აკვიატებული ფრაზებით, რომლებიც სადღაც წაგვიკითხავს და მიგვაჩნია, რომ სწორი იქნება, თუ დავეთანხმებით, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა წარმოდგენაც არ გვქონდეს, როგორ მუშაობენ ეს კონცეფციები, განსაკუთრებით კი საომარი კრიზისების დროს. ჩვენი მხრიდან ყურადღებას იმსახურებს ერთი მხრივ პოლიტიკოსთა დამოკიდებულება შეიარაღებული ძალებისადმი, მეორე მხრივ კი სწორედ სამხედრო წრეების დამოკიდებულება პოლიტიკური მმართველისადმი. საქართველოს უახლოესმა ისტორიამ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილში ერთგვარი შიში დაბადა ქართველი სამხედრო დანაყოფების მიმართ, რასაც საფუძვლად 90-იან წლებში, არმიის ფორმირების პირველსავე თვეებში მომხდარი სამხედრო გადატრიალება უდევს საფუძვლად, რომელიც თავის მხრივ კი იყო ყველაზე მასშტაბური, მაგრამ არა ერთადერთი ანტისახელმწიფოებრივი გამოხდომა ქართულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დანაყოფების მხრიდან. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში უწყვეტ პრაქტიკულ გამოცდილებად არა მარტო სამხედრო კონფლიქტები, არამედ სამხედრო აჯანყებებიც იქცა. მიუხედავად არმიის მეგობრის პოზიციისა, ვფიქრობ, ამ მახინჯ ფენომენზე საუბარი უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე მისი უგულებელყოფის გზით ქართველი სამხედრო სპეციალისტებისთვის მხოლოდ ტაშის დაკვრა. მხოლოდ ამ პრაქტიკის განადგურებით შეიძლება ჯანსაღი და ეფექტური სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების აწყობა. არანაკლებ ყურადღებას იქცევს ქართული სამხედრო წრეების პირადი დამოკიდებულებები ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისადმი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს „მოვლენა“ ისევ და ისევ საომარი მოქმედებების დროს. ქართველ სამხედროებშიც არსებობს ერთი საპასუხო ტრენდი ქართველი პოლიტიკური ლიდერებისადმი – თითქმის ყველა სამხედრო ინტერესდება, მიუღია თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას მონაწილეობა საქართველოს რომელიმე უახლოესი წარსულის ომში, პასუხი კი თითქმის არასდროს იწვევს აღფრთოვანებას სამხედრო წრეებში.

შეიძლება ეს შეფასებები ერთგვარ დაწვრილმანებას ჰგავდეს, მაგრამ ეს არის იმ პრიმიტიული სამოქალაქო და სამხედრო ურთიერთობების მახასიათებელი, რომლის ტრადიციაც ჩვენში ჩამოყალიბდა. ყოველივე ამის ფონზე პოლიტიკური და სამხედრო იერარქიის დაუფიქრებელი, უპასუხისმგებლო, ზედაპირული გამიჯვნა მხოლოდ კონტრპროდუქტიულ შედეგებს იძლევა, ქმნის ჭაობურ ვითარებას და უფრო მეტიც, ის შეიძლება ნებისმიერი სამხედრო კრიზისის დროს დაუძლეველ პრობლემად იქცეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დღევანდელობას სჭირდება პოლიტიკოსების მხრიდან არმიისადმი ნაკლები შიში და ოფიცრების მხრიდან პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი მეტი ნდობა. ამის მიღწევა კი შეიძლება ცოდნითა და განათლებით, ისტორიული ანალიზით და ილუზორული ვითარებებიდან თავის დაღწევით.

ასევე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ფურცლებზე გაწერილი წესებით ვერ ჩამოყალიბდება პოლიტიკოსებისა და სამხედროთა ჯანსაღი კომუნიკაცია, აქ ადამიანურ ფაქტორებს ძალიან დიდი ფასი აქვს. რეალური ომის, მძიმე კრიზისის დროს კი შეიძლება ყველა „ფურცელმა“ დაკარგოს თავისი ძალა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ტრადიციული, ძლიერი ინსტიტუციების, შემდგარი სახელმწიფოების პირობებში ეს ურთიერთობები ბევრად უფრო სხვა ხარისხის წვრილმანებთანაა დაკავშირებული, მაგრამ პატარა, ჯერ შეუმდგარ სახელმწიფოებში სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები მხოლოდ ჩანასახოვან დონეზეა, რომელშიც ბევრად უფრო ადვილია, თანაბრად წავაწყდეთ საფრთხეს ერთი მხრივ, არასიღრმისეულად მოაზროვნე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ჩარევით საომარ ოპერაციებში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა უსაფუძვლოდ თავდაჯერებულმა „პროფესიონალმა სამხედრომ“ ომს თავისი პოლიტიკური მიზანიც კი დაუწესოს.

ამიტომაც, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ მაგალითად, აშშ-ისგან განსხვავებით, სრულიად სხვა დონის შეიძლება იყოს (და რიგ შემთხვევებში უნდა იყოს კიდეც) პოლიტიკური ჩარევა საქართველოში, როგორც პატარა და პრაქტიკულად ომის პირობებში მყოფ ქვეყანაში. ასეთი შეხედულების არგუმენტაცია უმარტივესია: ამერიკის ან რომელიმე ძლიერი ევროპული სახელმწიფოს ომები, როგორც წესი, მიმდინარეობს საკუთარი ტერიტორიებიდან ათასობით კილომეტრში, სადაც ნებისმიერი სამხედრო ჩავარდნა მხოლოდ სამხედრო ჩავარდნაა და არა ეროვნული სუვერენიტეტის ისეთი ხელყოფა, როგორც ეს შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს  ტერიტორიაზე წარმოებულმა ნებისმიერმა ომმა და რომლის ფასი პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი შეიძლება აღმოჩნდეს.

რაც უფრო მჭიდრო, სწრაფ, ტერიტორიული თავდაცვის ომთან გვაქვს საქმე, მით უფრო დიდი ინტენსივობით და ხარისხით შეიძლება გახდეს საჭირო პოლიტიკური ჩარევა. ასეთი ომების მიმდინარეობისას პოლიტიკური მიზნის მცირედმა მოდიფიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციულ დონეზეც კი ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობა და ეს შეიძლება უშუალოდ პოლიტიკური დირექტივებიდან მიდიოდეს. მოკლედ, პატარა ქვეყნის თავდაცვა საჭიროებს არა მარტო უფრო მასშტაბურ მობილიზებას, არამედ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციას პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს შორის.

საქართველოს უახლოესი წარსულის ომის შემდგომ აქტუალური იყო ომში პოლიტიკოსთა ჩარევის საკითხი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამ ფორმულირების მიღმა მოიაზრებოდა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი კონტექსტი და ასეთი არგუმენტაცია ემყარებოდა „პროფესიონალი“ სამხედრო ექსპერტების ხედვებს. როგორც ხშირად, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ თანამედროვე ქართულ პრობლემასთან გვქონდა საქმე – „პროფესიონალურ არაპროფესიონალიზმთან“.

პოლიტიკური ლიდერების საომარ მოქმედებებში ჩარევის ხარისხი დღესაც დებატების საკითხია. ბუნებრივია, არ არსებობს ისეთი დოგმა, რომლის არგაზიარება ავტომატურად შეცდომად ითვლება, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ კონტექსტში უნიკალური, საკუთარი ეროვნული „ჩარევის დონის“ განსაზღვრაა.

კოენის „უმაღლესი მთავარსარდლობა“, ვფიქრობ, საინტერესო იქნება თითოეული ოფიცრისთვის და თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისათვისაც. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის გაცნობით ბევრი „აღმოაჩენს“ სათავისოდ რაიმე ახალს. ეს შესანიშნავი ნაშრომია სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სფეროში, რომელიც გვთავაზობს საკითხთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ხედვას, ყველაზე გავრცელებული თეორიის კრიტიკულ ანალიზს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვთავაზობს ძალიან საინტერესო არგუმენტს კაცობრიობის რამდენიმე ეპოქალური ვარსკვლავის სტრატეგიული ხედვებისა და ქცევების მაგალითზე.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი უშუალოდ ქართულ გამოცდილებას არ აანალიზებს, ნებისმიერი, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, ბევრად ინფორმირებული დაუფიქრდება ცენტრალურ საკითხებს – რა დოზით შეიძლება პოლიტიკური ჩარევა ომის მიმდინარეობაში, რა როლი აქვს პოლიტიკურ ლიდერს ომის წარმატებაში.

ბაჩო ახალაია

Scan1

Scan10001

Scan10002