ომი – პოლიტიკის გაგრძელება

ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, მხოლოდ სხვა საშუალებებით… ვინაიდან „პოლიტიკა შობს ომს, პოლიტიკა ეს გონებაა, ომი კი მხოლოდ ინსტრუმენტი და არა პირიქით“ -კლაუზევიცი.
გვინდა რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ პოლიტიკის ომზე დომინირების საკითხი, ამ დომინირების შესაძლებლობები, ანუ პოლიტიკის უნარი წამოიწყოს, აწარმოოს, განუსაზღვროს ფორმები და ზომები ომს ან სულაც არ მისცეს ომს წარმოქმნის საშუალება. ომისა და პოლიტიკის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სახით განვიხილოთ რამდენიმე ომის მაგალითი, სადაც პოლიტიკური მიზნების გავლენების კარგი ილუსტრირება გვხვდება, კარგად ჩანს თუ რეალობაში რამხელა გავლენა აქვს პოლიტიკას ომისადმი, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტისადმი მიდგომას. აქ არ გვექნება საუბარი სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებზე, რომელიც, ერთის მხრივ, ცალკე სასაუბრო საკითხია, მაგრამ მეორეს მხრივ იმის, აღნიშვნა კი მაინც შეიძლება, რომ ამ თვალსაზრისით დღეს მიმდინარე დებატები ეხება პოლიტიკოსების მხრიდან ომში, სამხედრო პროცესებში და სამხედრო გადაწყვეტილებებში ჩარევის ხარისხს. შესაბამისად ომის პოლიტიკურ ხასიათს, ოღონდ სხვა კომპონენტში.

კიდევ ერთი ფაქტორი, ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ სტრატეგიაზე, მაგრამ ასე განყენებული სახით სტრატეგიაზე ყურადღების არ გამახვილებამ რომ არ დაგვაბნიოს, თავიდანვე განვსაზღვროთ ის კოლინ გრეის კონცეფციით: – „სტრატეგია ეს მხოლოდ ხიდია, რომლის მეშვეობითაც სამხედრო ძალა უკავშირდება პოლიტიკურ მიზანს“. ამიტომაც სტრატეგიაზე აქცენტის გაკეთებამ პოლიტიკაზე და ომზე საუბრისას არ უნდა წარმოქმნას გაურკვევლობები. ჩვენთვის ამ ეტაპისთვის პოლიტიკის აღქმაა თუ როგორ და რანაირად ახერხებს ან სულაც ვერ ახერხებს ის აღიქვას, რომ მის ხელთ არის ისეთი ინსტრუმენტი როგორიცაა ომი.

ომი ყველა ეპოქაში, საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე ყოველთვის პოლიტიკური აქტი იყო, ყოველთვის გააჩნდა პოლიტიკური კონტექსტი. თანაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკური შემადგენელის მოტივებს, იმას თუ რა სახის არიან ისინი, ეთნიკური, ნაციონალური, რელიგიური, ტერიტორიული, ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სხვა. გადაწყვეტილებებს ომის წამოწყების, გავნითარების, მისთვის ფორმის მიცემის შესახებ იღებს პოლიტიკა, ისევე როგორც სამხედრო კონფლიქტის ინიცირებაზე უარის გადაწყვეტილებასაც.

რომ არა ასეთი დომინირება პოლიტიკის მხრიდან ომზე, მაშინ სრულიად სხვა საგანგაშო სურათს მივიღებდით, ვინაიდან „ომი არის ძალადობის აქტი, რომლითაც გვინდა ვაიძულოთ მოწინააღმდეგე დავიყოლიოთ ჩვენი სურვილის შესრულებაზე“ – კლაუზევიცი. თუ გამოაკლდება მას პოლიტიკის დომინანტური შემადგენელი, ხელში შეგვრჩება ჩვეულებრივ კრიმინალური ქმედება. თუ შეიძლება ასე ითქვას, ომში ძალადობას თუ არ ექნება „პოლიტიკური კურთხევა“ ის შეიძლება ცხოველურ ხოცვა-ჟლეტად იქცეს. პოლიტიკურ, რელიგიურ-ტერიტორიულ პრეტენზიებზე დაფუძნებული იყო კაცობრიობის ომი იერიხოში 8 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომელზეც ერთის მხრივ ინფორმაცია ძველი აღქმიდან მოგვეპოვება და მეორეს მხრივ, იგივე იერიხოს არსებობა არქეოლოგიამაც დაადასტურა.

1024px-JSC_the_battle_of_Jericho
ბიბლიური იერიხოს ბრძოლა

ძველი ეგვიპტის ფარაონების, ბერძნული აგორის, ეკლესიის, იმპერატორების, მეფეების, ფეოდალების, დემოკრატიული მთავრობების თუ ავტოკრატიული რეჟიმების პირობებში,  სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობისგან დამოუკიდებლად, ყველა სოციალურ სისტემაში ომს უყურებენ როგორც საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, იარაღს.

ომები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია სხვადასხვა კლასიფიკაციით, სტრატეგიული, ტაქტიკური, მსოფლიო, რეგიონალური, სახელმწიფოთაშორისი თუ სამოქალაქო ნიშნებით, კონვენციური თუ ასიმეტრიული ომების სახით ან სხვა, არ ცვლის მათზე პოლიტიკური გავლენის მნიშვნელობას. ყველა ასეთი თუ სხვა ომის ბედს, ანუ იმის თუ როგორ წარიმართებიან ისინი და რა შედეგებით დამთავრდებიან სამხედრო ძალაზე უფრო მისი პოლიტიკური შემადგენელი განსაზღვრავს, უფრო სწორად ამ უკანასკნელის სიცხადე, თანმიმდევრულობა, სიმტკიცე და ადეკვატურობა.

შევეცდები სწორედ რომ რამდენიმე ომის მაგალითზე ვაჩვენო პოლიტიკური მიზნის, პოლიტიკური გადაწყვეტილების ფასი, რომლებსაც განსაზღვრავს ომების სამხედრო შემადგენელის ბედი, ისე რომ არ შევეხო ამ ომების უშუალო სამხედრო სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ქცევას – უშუალოდ სამხედროების წვლილს ომის განვითარებაში.

ტრუმენის “მე-3 მსოფლიო ომი”

თებესა და სპარტას ომში ძვ.წ. 362 წელს მომხდარ მანტინეეს უშედეგო ბრძოლაზე წერს ქსენოფონტი: „შედეგად არც ერთ მხარეს მოუპოვებია რაიმე უპირატესობა, არანაირი დამატებითი ტერიტორია, არც ერთი დამატებითი პოლისი, ან რამე სახის დამატებითი გავლენა. სინამდვილეში იმაზე უფრო დიდმა არეულობამ და უწესრიგობამ დაისადგურა საბერძნეთში ამ ბრძოლის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე“. ქსენოფონტის ეს შეფასება მანტინეეზე სრულად რელევანტურია 2300 წლის შემდეგ ტრუმენის მიერ კორეაში წარმოებული ომის შეფასებისთვის.

კორეაში ვცდილობთ III მსოფლიო ომის თავიდან აცილებას – ასეთი განცხადების გაკეთებამდე, ასეთ რწმენამდე ტრუმენს 5 წლით ადრე 1945 წელს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა ძირფესვიანად შეეცვალა სამყარო იმ ეპოქაში და შესაბამისად ჩვენს ეპოქაშიც.

1945 წლის პოსტდამის კონფერენციაზე ტრუმენმა სტალინს მსოფლიოს ყველაზე დიდი საიდუმლო გაუმხილა კაცობრიობის ყველაზე დამანგრეველი იარაღის შესახებ. როგორც თვითონ იგონებს, მან სტალინი გვერდზე გაიყვანა და მოუყვა ატომური ბომბის შექმნის წარმატებით დასრულების თაობაზე. ბუნებრივია ტრუმენი ამ სუპერ იარაღის ფლობით სტალინზე ზემოქმედებას ვარაუდობდა, რაც არ გამოუვიდა. საკუთარ მემუარებში ის მოგვიანებით წერს: „საბჭოთა პრემიერმა სპეციფიური ინტერესიც კი არ გამოავლინა ამ ფაქტის მიმართ, ერთადერთი რაც მითხრა იყო ის რომ მოხარულია ამის გაგებით და ბირთვული ბომბის იაპონიაში წარმატებით გამოყენება გვისურვა“.

Potsdam_conference_1945-8
პოტსდამის კონფერენცია – კლემენტ ატლი, ჰარი ტრუმანი და სტალინი

წესით ამ მოცემულობას ტრუმენი ნათლად უნდა დაერწმუნებინა, რომ იაპონიის გავლით საბჭოეთზე ირიბ ბირთვულ ზემოქმედებას ვერ მიაღწევდა და იაპონიაზე დარტყმის რეალიზაციით უკუ ეფექტს მიიღებდა, საბჭოეთს დააჩქარებინებდა ანალოგიური იარაღის შექმნას. საბჭოეთს ამ პროცესის ფორმირებისთვის ორი მიზეზი ერთდროულად ჰქონდა, ერთი თვითონ ბომბის ქონა და რუსეთში მაშინ აკვიატებული იდეა ყველანაირ დასავლურ ტექნოლოგიურ პროგრესს დაწეოდნენ და გაესწროთ კიდეც. სტალინისთვის ბირთვული იარაღი უპირველეს ყოვლისა პრესტიჟის საკითხი იყო, რასაც შემდგომში წარმოების ნელი ტემპები ადასტურებს. საბჭოეთი ბომბის შექმნის შემდეგ კიდევ დიდხანს დარჩა მხოლოდ ერთი-ორი ცალი ბომბის ამარა.

მიუხედავად სიტუაციის სიცხადისა, ტრუმენმა სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, ნაცვლად იმისა რომ კომუნისტურ რეჟიმთან დაპირისპირების კონტექსტში მოეხდინა ბირთვული ძალის დემონსტრირება, რისი შესაძლებლობა ძალიან მალე უხვად მიეცემოდა, მაინც იჩქარა და იაპონიაზე განახორციელა ბირთვული დარტყმა, სინამდვილეში საბჭოეთზე ირიბი ზემოქმედების სრულად უკუპროპორციული ქმედება. იაპონიაზე ბირთვული დარტყმის თაობაზე დღემდე მიმდინარეობს დებატები, ცენტრალური თემა მორალურ საკითხს უჭირავს, თუმცა სამხედრო მიზანშეწონილობაც რჩება დებატების თემად. აქ აუცილებლად გაზგასასმელია რამდენიმე გარემოება. ბომბის ჩამოგდების მთავარი არგუმენტი ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის პოტენციური სიკვდილისგან გადარჩენაა, რაც სავსებით მოსაღები არგუმენტი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – მიუხედავად იაპონელი სამხედროების მართლა გამორჩეული თავდადებული ბრძოლის სტილისა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის მყარი ტრადიციისა, იმ დროინდელი იაპონიის კაპიტულაცია ნამდვილად არ საჭიროებდა ათასობით ამერიკელის მსხვერპლად შეწირვას.  ომი ფაქტობრივად უკვე წაგებული იყო, რადგან იგივე პოსტდამის კონფერენციაზე სტალინმა გადასცა ტრუმენს ინფორმაცია იმის თაობაზე რომ იაპონიამ ორჯერ ითხოვა საკუთარი პირობებით დანებების თაობაზე შუამდგომლობის გაწევა საბჭოთა კავშირის მეშვეობით, რაც რუსების მიერ უარყოფილ იქნა. გარდა ამ ორი შემთხვევისა, იაპონია აქტიურად ცდილობდა დამარცხების გაფორმებას ისეთი პირობით, რომ საკუთარ მიწაზე საოკუპაციო ჯარები არ შესულიყვნენ. ყველა შემთხვევაში იაპონიის დანებება დღეების საკითხი იყო.

Continue reading “ომი – პოლიტიკის გაგრძელება”

„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“

დღეს მინდა ვისაუბრო აკადემიურ და სამხედრო წრეებში ფართოდ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებზე და ილუზიებზე – თითქოს თანამედროვე ეპოქაში ადამიანის თანდაყოლილი ჰუმანურობიდან გამომდინარე, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის განვითარების, ეკონომიკური ზრდის პირობებში სამხედრო დაპირისპირებების შემთხვევები და წინაპირობები მცირდება. ეს არ არის მხოლოდ აკადემიური განხილვის საგანი, ეს ილუზიები საფრთხის შემცველია და არასწორ წარმოდგენებს ქმნის მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რისკებზე, მცდარი ანალიზის საფუძველზე კი ვერ ხდება ამ გამოწვევებისთვის სათანადო მომზადება, პრევენცია და რეაგირება.

სამყაროს ისტორიის არცერთ თვალსაწიერ ეპოქაში არ ყოფილა პერიოდი ადამიანთა შორის დაპირისპირების, კონფლიქტის და ომის გარეშე.

მაგალითად სრულფასოვანი ოჯახის, სადაც ბაბუა, შვილი და შვილიშვილია, ერთი თაობა მაინც აუცილებლად იქნებოდა რომელიმე ომის მომსწრე – ან  საკუთარ ქვეყანაში, ან მაღალი ალბათობით რეგიონში, ან უკიდურეს შემთხვევაში მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მაინც, ანუ  ომი ნონსტოპ რეჟიმში მიმდინარეობს.

ილუზია 1: ომი ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელია

კატაკლიზმური ფილოსოფია, რომლის თანახმადაც ომი ღვთის წყრომა, ადამიანის შეცდომა ან  საერთაშორისო წესრიგის ნაკლის, დეფექტის ბრალია და ამიტომაც წარმოადგენს მხოლოდ გადახვევას, სრულიად მცდარია სინამდვილეში ომი ადამიანური მოვლენაა, მისი წარმოების ფორმები კი არის (კულტურული) ცივილიზაციის განვითარების მონაპოვარი, მაგრამ თვითონ ომი და ბრძოლა ადამიანის ბუნებრივ ინსტიქტს წარმოადგენს.

ომის მიზეზების შესახებ დისკუსიაში ცენტრალური ადგილი ადამიანურ მიზეზებს უჭირავს. დღესაც მიმდინარე დებატები ადამიანის აგრესიულობის შესახებ ორი არგუმენტის ჭიდილია: კონსერვატიული – აგრესიულობა ადამიანის ბუნებრივი შემადგენელია, ლიბერალური – აგრესიულობა სრულიად „აღზრდაზეა“ ანუ გარემოზეა დამოკიდებული.

ომი იმდენი ხნისაა, რამდენისაც ადამიანი. ასე რომ კაცობრიობა  და ბრძოლა ერთად დაიბადა.  თეოლოგიური სწავლებითაც 4 კაციანი მიკროსამყაროდან იწყება ადამიანის ძალადობის ისტორიაც კაენის მიერ აბელის მკვლელობით. თუმცა არა რელიგიურ, არამედ მეცნიერულად დადასტურებული პირველი „ცივილიზებულ“, არა პრეისტორიულ ბრძოლას ადგილი ჰქონდა ძვ.წ. 1479 წელს სირიის ტერიტორიაზე კადეშის ბრძოლა მეგიდდოსთან სირიელებსა და ეგვიპტელებს შორის. ამ სამხედრო შეტაკებამდე პრეისტორიული ომების და ბრძოლების ეპოქაა. საბედნიეროდ, ანთროპოლოგებისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა  დაკვირვების „ლაბორატორია“   ჩვენს ცივილიზაციის მოწყვეტით განვითარებულ და ჩვენს დრომდე ამ სახით მოსული ახალი გვინეის, ავსტრალიის აბორიგენების, ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების, ალიასკის ესკიმოსების და იანომამოს სახით. ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ადამიანთა ეს ჯგუფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადასტურებს, რომ ომი მათი ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მათთან მიმართებით ჰობსი უფრო ახლოს აღმოჩნდა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე რუსო. თუმცა პრიმიტივიზმის წყალობით ამ ხალხებში გარდა გამოხატული აგრესიულობისა, არცთუ იშვიათი იყო ისეთი კონფლიქტებიც, როდესაც დაპირისპირებული ჯგუფები საბრძოლველად გაშლილ ველზე იკრიბებოდნენ და ერთმანეთის შიშით მხოლოდ „ხმაურობდნენ“ დღეების, ხშირად კვირეების განმავლობაში. ასეთი ბრძოლები უმეტესწილად  მსხვერპლის გარეშე მთავრდებოდა.

ილუზიაა, რომ ველური ხალხი ცივილიზებულ ერებთან შედარებით უფრო სასტიკი მეთოდებით იბრძოდნენ. 1638 წელს ნარაგანსეტთან შეტაკებისას  ინდიელები გაოგნებული აღმოჩნდნენ ინგლისელების ძალადობის ფორმებით. ბრძოლის წარმართველმა ინგლისელმა მეთაურმა ეს „გაურკვევლობა“ მარტივად და რაციონალურად ახსნა ფრაზით: „წინააღმდეგ შემთხვევაში ინდიელებს შეეძლოთ ებრძოლათ 7 წელი ისე რომ 7 კაციც არ მოეკლათ“. დღეს კი სრულებით წარმოუდგენელია, საომარმა მოქმედებებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში მსხვერპლი არ გამოიწვიოს.

პრეისტორიული ჯგუფების დაკვირვებით შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ბერძნული ომი, დასავლური ომის წარმოების აკვანი, ძალიან ჩვეულებრივი, პრიმიტიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იწარმოებოდა. თავდაპირველი მათი ფორმა არა მარტო დღევანდელობასთან შედარებით, არამედ საბერძნეთის კლასიკურ ხანასთან შედარებითაც კი მცირე ინტენსივობის იყო. ეს ძირითადად მეზობელ სოფლებს შორის ზეთისხილის, ყურძნის და ხორბლის გამო წარმოებული ბრძოლებია. ამ ეპოქას „ფერმერების ომების“ პერიოდსაც უწოდებდნენ. როგორც ჩანს, რაც უფრო მარტივი იყო ადამიანური მოთხოვნილებები, მით უფრო მცირე მასშტაბის და ნაკლებ მსხვერპლს ჰქონდა ადგილი.

კლასიკური საბერძნეთის ეპოქაში დიდი იდეები სძენდნენ ომებს დიდ მასშტაბებს და მასთან ერთად ძალადობის გამოყენების „დახვეწილ“, „ეფექტურ“ ფორმებს. რომ არა ბერძნული ცხოვრების წესების იდეა, კრეატიული საბერძნეთის ფილოსოფია პრიმიტიულ მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ბერძნები ვერ იომებდნენ უკვე ბევრად მასშტაბური მარათონის ბრძოლაში. წინამორბედთა პრიმიტიული მოთხოვნილებები უბრალოდ არ იქნებოდა მოტივი ბრძოლისთვის.

კლასიკური საბერძნეთის ხანაში თვით უკვე ორგანიზებული ჰოპლიტების არსებობისას,  ბრძოლების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის აბსოლუტური უმრავლესობა მოდიოდა ე.წ. „ჭყლეტაზე“. ძირითადად არეულობების, შიშის, პანიკის მუდმივი ხასიათის გამო ჯარისკაცები თანამებრძოლებს თელავდნენ მტრის შიშით გამოწვეული გაქცევის და უკან დახევის დროს. დღეს ასეთ სურათს ვერსად შეხვდებით, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ორგანიზებულ არმიებში.

ბერძენი სამხედრო - ჰოპლიტი
ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების მოქალაქე-სამხედრო – ჰოპლიტი

კაცობრიობის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებასა და ახალი იდეების გაჩენასთან ერთად ომი განიცდიდა პარალელურ ევოლუციას ბერძნული ჰოპლიტიდან მომავალ ლეგიონებამდე.

რომის რესპუბლიკასთან ერთად ომის წარმოებამ, მისმა მასშტაბებმა და მის მიერ გამოწვეულმა ლეტალურმა შედეგებმაც  პიკს მიაღწია.  განვითარების მწვერვალზე რომმა ნახევარმილიონიანი არმიის შექმნა მოახერხა. ამავე დროს ეკონომიკური ვარდნის პერიოდში სამხედროების რაოდენობა 5-10 ათასამდე დაეცა, ომების ოდენობაც შემცირდა.

რენესანსი არ იყო მხოლოდ ანტიკური ფილოსოფიის და ხელოვნების ხელახლა აღმოჩენის ხანა, ის ზუსტად იმავე დოზით ომის და მისი წარმოების ფორმების აღმოჩენაა. თვით რენესანსსაც კი ომებმა მისცა შანსი. რომ არა მარათონის და სალამინის ბრძოლები, არ იქნებოდა ბერძნული ცივილიზაცია, არც პლატონი და არც არისტოტელე; რომ არა ტურსის (732 წ.) და ლეხის ბრძოლები (955 წ.) არ იქნებოდა რენესანსი.

I და II მსოფლიო ომების შუალედში ომის მიზეზების კვლევის უკვე დიდი ინტერესი არსებობდა. სწორედ ამ პერიოდის – 1932 წლის აინშტაინის და ფროიდის ცნობილი წერილებიც ეხება ამ საკითხს. ორივე თვლიდა, რომ ომის მიზეზები აგრესიულობის და განადგურების ელემენტარულ ადამიანურ ინსტინქტებში უნდა ვეძებოთ. აინშტაინის აზრით ადამიანის ბუნება შეიცავს სიძულვილისა და განადგურების თანდაყოლილ ინსტინქტს, ფროიდი კი დარწმუნებული იყო, რომ მიაგნო ადამიანის „მკვლელობის ინსტინქტს“ სუიციდის სახით. კონრად ლორენცმა კი თავის უნიკალური დაკვირვებით თევზებზე და ფრინველებზე დაასკვნა, რომ აგრესიულობის ინსტინქტი ყველა ცოცხალი არსების თანდაყოლილი გენეტიკური შემადგენელია, რომლის გააქტიურება განპირობებულია გადარჩენის სურვილით, მათ შორის ადამიანებში. სწორედ ამ შეხედულებას ორი ათასი წლით ადრე ეხმაურებოდა ბიბლიური პასაჟი: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბ.8.21). ომის ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობის არგუმენტს დაუპირისპირდა ადამიანური მორალის იდეა, თუმცა მორალური ვალდებულებები ხშირ შემთხვევაში თავად წარმოადგენენ ომის მოტივატორს, მაგალითად ჰუმანიტარული ინტერვენციის სახით. ასე რომ ორივე შემთხვევაში ომის მიზეზი ადამიანის ბუნებაშია.

800px-Steuben_-_Bataille_de_Poitiers
ტურსის ბრძოლა

ადამიანისთვის იმდენად  ახლოა ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა ანუ ომი, რომ ის ასეთ ძალადობრივ საქციელს ღმერთს მიაწერს. ბიბლიაში ომის სრული სპექტრია ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი, ძალადობის ეტაპობრივი ზრდა მიზნის მიღწევამდე. ღმერთი ჯერ ულტიმატუმს უყენებს ფარაონს, რომელიც არ ემორჩილება მის ნებას და არ უშვებს ებრაელებს, რამდენიმე ძალადობრივი აქტის განხორციელების შემდეგ კი როცა მიზანი ჯერაც არ იქნა მიღწეული, ღმერთი უკიდურესად ამწვავებს ძალადობრივ აქტებს იმის მისაღებად რაც სურს: „შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდომი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული… შეიქმნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ“ (12/29.30). ეს არათუ არაადამიანური, არამედ ზეადამიანური ქცევაა. ადამიანს რელიგიაშიც, თუნდაც ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც გააჩნია საფუძვლები იყოს ბუნებით ომის გამომწვევი.

ომის მიმართ ადამიანებს ყველაზე დიდი ემოციები აკავშირებთ, როგორებიც კი შეიძლება განიცადონ, ისეთები როგორიცაა სიკვდილი და სიცოცხლე, გამარჯვება და მარცხი. ადამიანის ომის მიმართ ასეთმა ემოციური დამოკიდებულებამ გამოიწვია საუკუნეების განმავლობაში ილიადას და ოდისევსი ჯერ ზეპირსიტყვიერად გადაცემა თაობიდან თაობაზე, შემდეგ კი იგივე სენტიმენტები ჰომეროსმა გარდაქმნა  წიგნად.

პირველყოფილი ადამიანის პრიმიტიული მხატვრობაც ბრძოლებს გამოხატავს ადამიანთა და ცხოველთა სამყაროსთან. ასე ომი ადამიანის სულიერი, ესთეტიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი იქცა. აქილევსის და ჰექტორის ბრძოლა არა მარტო მეტყველებს ადამიანის უდიდეს გრძნობებზე, ის ამავდროულად თეატრია, მაყურებლების თვალწინ მიმდინარეობს და აპლოდისმენტებსაც იმსახურებს. ორთაბრძოლა თეატრის და სპორტული თამაშების ემოციებს ერთნაირად იწვევდა. ადრეულ შუა საუკუნეებში ბრძოლებისთვის სპეციალურად ირჩევდნენ მაყურებლისათვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილს. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ერთ-ერთი სისხლისმღვრელი დაპირისპირება – აზენკურის ბრძოლა 1415 წელს იქვე გორაკზე მყოფი მაყურებელთა თვალწინ მიმდინარეობდა. 1816 წელს კი უკვე ვაშინგტონში, ათასობით საზეიმოდ გამოწყობილი ვაშინგტონელი ქალი და კაცი გამოვიდა ქუჩაში Bull Run-ის პირველი ბრძოლისთვის თვალის სადევნებლად, თითქოს დიდ ღია კინოთეატრში ყოფილიყვნენ. თანამედროვე ომებს და ბრძოლებსაც არ აკლდება ცოცხალი მაყურებელი თუ ამის საშუალება იარსებებს, თბილისის ომსაც ყავდა მაყურებელი რუსთაველზე. სპორტულ თამაშებშიც ადამიანის ძალადობრივი ინსტინქტები ომის, ბრძოლის ემოციას ეხმიანება.  გლადიატორების „თამაშებიდან“ მოყოლებული მუდმივ პოპულარობას ინარჩუნებს ისეთი შეჯიბრებები და სპორტის სახეობები, სადაც აშკარად გამოკვეთილი ბრძოლის იმიტაციაა – ჭიდაობა, კრივი, სხვა ხელჩართული ბრძოლები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დღესაც. ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი კი ნაციონალური სიამაყის ინტერესის ისეთ დაკმაყოფილებას წარმოადგენს, რომ მათში გამარჯვება ხშირად ომში გამარჯვების იმიტაციას ქმნის. როდესაც საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს ამარცხებს, თითოეული ქართველი მიუხედავად იმისა არის ის უშუალოდ რაგბის გულშემატკივარი თუ არა ქვეცნობიერად მაინც განიცდის „მტრის დამარცხების“ ემოციას, სიხარულს. ესეც, რათქმაუნდა, მტრის დამარცხების ილუზიაა, მაგრამ მცდარი წარმოდგენაა ისიც, რომ ჩვენი ეპოქის ადამიანი დაცლილია ანტიკური, შუასაუკუნებრივი ბრძოლის ემოციის და მის მიმართ ცხოველური სიყვარულისგან. XXI საუკუნის ადამიანი ძველი ბერძნებისგან განსხვავებით უფრო პრეტენზიულია ბრძოლის ეფექტების, ძალადობის სცენების კარგად დანახვის მიმართ ფართო ეკრანებზე კინოთეატრებში, ჩვენ დღეს უფრო დიდი ინტერესით და უფრო მეტნი ვუყურებთ იმ ბრძოლებს, რომელიც წარსულისთვის გვაქვს თითქოს ჩაბარებული – ვირტუალურ სამყაროში კომპიუტერული თამაშებით გაჩაღებულ ომებში ბევრად მეტი ადამიანი და უფრო დიდი ინტენსივობით არის ჩართული ვიდრე რომელიმე ბრძოლაში, რასაც ჩვენ ასეთ შემთხვევაში აზარტს ვეძახით სწორედ ის არის რაც ადამიანის ბუნების ძალადობრივი შემადგენლის სახით ომის წარმომქმნელი ხდება.

First_Battle_of_Bull_Run_Kurz_&_Allison

ასე რომ ადამიანური ინსტინქტებისთვის რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინებით გვერდის ავლა არ გამოდის.  ბოლოს და ბოლოს ომის ასეთი სახის ადამიანურ მიზეზში მდგომარეობს პრეისტორიულ ხანაში ჰომოსაპიენსის გამარჯვება ნეარდენტანელზე დედამიწაზე ექსკლუზივის მოპოვების სახით. გადარჩენისათვის ბუნებრივ კონფლიქტში, რომ არა ასეთი ადამიანური ინსტინქტები, ჩვენ ნამდვილად არ ვიარსებებდით. ასე რომ შეიძლება გავექცეთ რეალობას მხოლოდ იმიტომ რომ მისი ჟღერადობა არ მოგვწონს, სინამდვილეში ვერსად გავექცევით, ერთადერთი შანსი დაგვრჩება თუ გაქცევას შევეცდებით – თავი ამოვყოთ ილუზიაში.

Continue reading “„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“”