რუსული სამხედრო დოქტრინა – გამოცხადებული იმპერიალიზმის ქრონიკა

„დადგა ის დღე, როცა ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ სიტყვა – კამერა, ფოტოგრაფია, ინტერნეტი და ზოგადად ინფორმაცია იქცა კიდევ ერთი სახის იარაღად, შეიარაღებული ძალების კიდევ ერთ სახეობად… ეს არის იარაღი, რომელმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახით მიიღო მონაწილეობა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ მოვლენებში, როგორც დამარცხებებში, ასევე გამარჯვებებში“…
სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი
2015 წელი

შესავალი

რუსეთის სამხედრო დოქტრინა, განსხვავებით რაიმე ქართული ანალოგიისგან ან საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციისგან, ყოველთვის წარმოადგენდა სამხედრო, პოლიტიკური და აკადემიური წრეების კონსენსუსური, პრაქტიკული ერთსულოვნების პროდუქტს. ამ თვალსაზრისით, არ შეიძლება იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ 1987 წლის „გორბაჩოვის სამხედრო დოქტრინა“ იყო ტიპიური გამონაკლისი, რაზეც რამდენიმე სიტყვას აუცილებლად ვიტყვი ქვემოთ.

ჩემი ამოცანაა, რუსეთის სამხედრო დოქტრინის რამდენიმე აპსექტის მცირე ანალიზი ქართული თვალთახედვიდან და უშუალოდ საქართველოს ინტერესების პოზიციიდან, რადგან ნამდვილად არსებობს განსხვავება პატარა, ოკუპირებული, უშუალო მეზობლის პრიორიტეტთა სისტემასა და უსაფრთხოების  მაღალი დოზით აღჭურვილ არა უშუალო მეზობელ სახელმწიფო ინტერესთა სისტემას შორის. საქმე იმაშია, რომ თუნდაც ჩემთვის პირადად ძალიან პატივსაცემი, მაგალითად რომელიმე ამერიკელი ან ბრიტანელი სტრატეგოსი, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში პრიორიტეტულად ჯერ დაინახავს საკუთარი ძლიერი უსაფრთხოების სისტემის გამოწვევას, შემდგომ ზოგად გლობალურს და ალბათ მხოლოდ შემდგომ რეგიონალურს და კიდევ უფრო გვიან დახარჯავს დროს და ენერგიას ჯერ კიდევ „რუსეთის გავლენის სფეროში“ შემავალ სახელმწიფოთა და უშუალო სამეზობლოს მცირე ქვეყნებთან დაკავშირებულ „მცირე ჩანაწერებზე.“ რა თქმა უნდა, არ მაქვს პრეტენზია, რომ რუსულ სამხედრო დოქტრინას სხვაზე უკეთესად წავიკითხავ და არც იმას ვგულისხმობ, რომ ამ თემით დაინტერესებული, მასზე მომუშავე ანალიტიკოსები და თანამედროვე დომინანტი დასავლური სტრატეგიული ანალიტიკა უგულებელჰყოფს რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ფიქსირებულ რომელიმე მეთოდოლოგიურ საკითხს, უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ  ბუნებრივად ვერ მიექცევა თანაბარი ყურადღება კონტინენტთაშორის შეიარაღების, ბირთვული სტრატეგიული ძალების პოსტულატებს და მაგალითად ისეთ ჩანაწერს, რომელიც დოქტრინაში გადმოცემულია შემდეგი ფრაზით: „ურთიერთმოქმედება აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.“ ჩანაწერს, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გაჩნდა არა 2010 წლის რედაქციაში, არამედ 2015 წლის შესწორებების შემდეგ.

Russia-President-V_3486920b

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი, ეპიგრაფში მოყვანილი ფრაზა, რომელიც ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის მინისტრს და რომლის სულისკვეთებითაც გაჟღენთილია სამხედრო დოქტრინა, უკიდურესად განსხვავებული ჰიბრიდული ძალის ეფექტით არის აღჭურვილი სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევებში. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საქართველოს და ჰიპოთეტურად კანადის შემთხვევა, ჩვენთან მიმართებით ამ იარაღს შეუძლია ეგზისტენციალური საფრთხის წამოჭრა, რომ არაფერი ვთქვათ შედარებით დაბალი ხარისხის სამხედრო პოლიტიკურ ამოცანებზე. კანადის შემთხვევაში კი ამ სახით მხოლოდ „რუსეთის იმიჯზე“ მუშაობაა შესაძლებელი ან მაქსიმუმ ისეთი პოლიტიკური დისკუსიების გამოწვევა, როგორიც დღეს მიმდინარეობს ამერიკაში და რომელიც არჩევნებზე ირიბი ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.

არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ სრულიად განსხვავებული წონის მატარებელია დოქტრინაში ფორმულირებული თეზისი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში ისეთი ხელისუფლების არსებობა, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინეტერესებს, გამოცხადებულია პირდაპირ სამხედრო საფრთხედ, და რა თქმა უნდა ეს ფორმულირება ეხება ექსკლუზიურად პირდაპირ მოსაზღვრე სახელმწიფოებს. მან შეიძლება მხოლოდ ირიბად, ხშირ შემთხვევებში ძალიან უმნიშვნელოდ და უმტკივნეულოდ ხელყოს გლობალური უსაფრთხოება, მაშინ როდესაც ამ მეზობელ სახელმწიფოებს რუსეთი არჩევანის უფლებას ართმევს. ასე რომ, თვითონ რუსული სამხედრო დოქტრინა არის იმ სახით აწყობილი და ფორმულირებული, რომ ის აუცილებლად ითხოვს ქართულად წაკითხვას. რუსული casus bell-ი სხვადასვხა ენაზე სხვადასხვაა.

Умом Россию не понять,
Аршином общим не измерить:
У ней особенная стать —
В Россию можно только верить
.

Фёдор Тютчев

რუსული სამხედრო სტრატეგიული აზროვნება, რომლის პირდაპირი შედეგია ისეთი პოლიტიკური დოკუმენტი, როგორიც სამხედრო დოქტრინაა, წარმოადგენს ნამდვილ უნიკალურ, სხვებისგან განსხვავებულ თვითმყოფად მოვლენას, რასაც კულტურულ და იდეოლოგიურ ფაქტორებთან ერთად დიდწილად განაპირობებს გეოგრაფია. რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია და მისი განლაგების ფორმა სინამდვილეში ის უმთავრესი სირთულეა, რომელიც როგორც „ბოროტი დემონი“ დომინირებს სამხედრო აზროვნების ფორმირებაზე, მოსახლეობის უკიდურესად არაპროპორციული გადანაწილების პირობებში ქმნის მუდმივ შიშს უზარმაზარი საზღვრების მოშიშვლებულობის თაობაზე. საზღვრების მოშიშვლებულობა მართლაც შთამბეჭდავია, რუსეთში 1 კვ. კილომეტრზე სახლობს 8 ადამიანი, მაშინ როცა მაგალითისთვის გერმანიაში 1 კვ. კილომეტრზე 130 ადამიანი მოდის. ეკონომიკა, კი თავის მხრივ ამ სურათს კიდევ უფრო ამძიმებს, რუსეთში მოსახლეობის 78%-ის მიერ ათვისებულია ქვეყნის ტერიტორიის 23%,  და მთელი ქვეყნის მხოლოდ ეს 23% ქმნის მშპ-ს 70%-ს. ასეთი მოცემულობის პირობებში ალბათ არაფერია გასაკვირი, რომ წლების განმავლობაში ქვეყანას უყალიბდება ხედვა, რომლის თანახმადაც საკუთარი მიუწვდომელი ტერიტორიები და „შორი საზღვრები“ პოტენციური მოწინააღმდეგისთვის ექცია „შორად“. ამის მიღწევის საშუალებად კი იქცა „ბუფერული ზონების“ ფენომენი, რომლის გეოგრაფიულ საფუძვლებზე მოგვიანებით ეკონომიკურ-პოლიტიკური შემადგენელიც დაშენდა. პარადოქსია, მაგრამ რუსეთს საკუთარი დაუცველი ფართო საზღვრები პირიქით უბიძგებს „ბუფერული ზონების“ სახით მისი არაოფიციალური საზღვრების გაფართოებისკენ. მისთვის ნებისმიერი უშუალო მეზობელი წარმოადგენს ერთგვარ „ცოცხალ ფარს“, საზღვრებს საზღვრებისთვის. ამ შეხედულებით აიხსნება თითქოს გაუგებარი, მუდმივი ინტერესი რუსეთის მხრიდან დამატებითი ტერიტორიების შემოერთების თაობაზე. ქვეყანას რომელსაც დედამიწაზე ყველაზე მეტი აუთვისებელი ტერიტორია აქვს, განლაგებულია დროის 11 სარტყელზე, შეუძლებელია რამდენიმე კვადრატული კილომეტრიანი წარმონაქმნის მიერთებაზე ან სხვა სახით ტერიტორიული კონტროლის სფეროში მოქცევაზე ფიქრობდეს. ასეთი აზროვნების კლასიკური მაგალითია რუსეთ-ფინეთის ომი. რუსეთმა პირდაპირი მნიშვნელობით ლენინგრადისთვის რამდენიმე კვადრატული კილომეტრის „ბუფერის“ შესაქმენლად ფართო მასშტაბიანი ომი წამოიწყო. ასეთი გარემოებებით ყალიბდება რუსული სამხედრო დოქტრინის აგრესიული ხასიათი, თუმცა ისინი სრულებითაც არ იტყუებიან როცა ამტკიცებენ, რომ ასეთ სამხედრო პოლიტიკას თავდაცვითი მიზნები აქვს, ეს პარადოქსული მწარე სიმართლეა. რუსეთს გეოგრაფია და ეკონომიკა ერთდროულად კარნახობს status quo-ს შესანარჩუნებლად აწარმოოს აგრესიული შეტევით დოქტრინაზე დაშენებული თავდაცვა. მათ უბრალოდ ასე ესმით და წამთ. ეს მუდმივად ასე იქნება, იმისგან დამოუკიდებლად ვინ არის რუსეთის ლიდერი, რადგან კონცეპტუალური თვალსაზრისით ამ მიდგომას აქვს სამხედრო ლოგიკა, როგორც მაგალითად ისრაელის თავდაცვის დოქტრინის ოქროს წესი – ნებისმიერი ომი, რომელიც კი შეიძლება წამოიჭრას დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადატანილი მტრის ტერიტორიაზე.

მიუხედავად სამხედრო ლოგიკისა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გეოგრაფიით განპირობებულ მიდგომასთან კომბინაციაში სამხედრო მიდგომას სძენს უფრო პოლიტიკურ შინაარსს, ვიდრე ეს მაგალითად ისრაელის შემთხვევაშია და არის ის ნიშანი, რომელიც შეტევაზე ორიენტირებულ თავდაცვის დოქტრინის კონცეფციას სცდება და მიდგომას სძენს იმპერიალისტურ ბუნებას. ეს არის თვითონ რუსული სახელმწიფოს ბუნება, ქვეყნისა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება „ერების ციხედ.“

წლების განმავლობაში სწორედ რომ გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობეს ერთი მხრივ აზიური „საომარი მიგრაცია“ რუსეთის სიღრმეებში, ასეთი ფენომენი კი მუდმივად აძლევდა ბიძგს უკვე რუსეთის მხრიდან ინიცირებულ საზღვრების გადაწევის პოლიტიკას, მაგალითად გაფართოვება კავკასიაში. გეოგრაფიული ხაზების და ბარიერების ძიების პროცესში ნაციონალისტური რუსეთი იქცა სწორედ იმ „ერების ციხედ“, რომლებიც მოექცნენ ხელოვნურად მოძიებულ ბუნებრივ გეოგრაფიულ ბარიერებში, ამჟამინდელ რუსულ სახელმწიფოში, სადაც ეთნიკური რუსები თითქმის უმცირესობად იქცნენ. დამატებით ტვირთად და საზრუნავად კი უკვე იქცა რომ ეს „ერების ციხე“ შიგნიდან არ გატყდეს. სწორედ ასეთ მოვლენად იქნა აღქმული რუსული სამხედრო აზროვნებისთვის თავის დროზე საბჭოთა კავშირის ნგრევა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ეს ფაქტორი დღესაც მოქმედია და დარჩება რუსული სამხედრო აზროვნების ერთ-ერთ მთავარ მაფორმირებელ ელემენტად მანამ სანამ რუსეთი ასეთი ფორმით იარსებებს, როგორიც დღეს არის.

თავის დროზე ელცინის მიერ ნათქვამი ფრაზა „აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი რამდენის ზიდვასაც შეძლებთ“ ნამდვილად გულისხმობდა საბჭოთა კავშირის დაშლას, ის სტიმულს აძლევდა საბჭოეთში შემავალ ერებს მოქმედებისთვის, მაგრამ არცერთი წუთით არ უფიქრია, რომ თვითონ რუსეთი იგივე შენადნობს წარმოადგენდა. მოგვიანებით ელცინის თეზისს იყენებდნენ არგუმენტად ის ჩეჩნები საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, რომლებსაც უკვე თვითონ ელცინი ახშობდა სისხლში. ასე რომ, რუსეთს გააჩნია დამატებითი სავალდებულო მუდმივი სტიმული საერთო ნაციონალური დონის საგარეო საფრთხეების კულტივირებისთვის და პროპაგანდირებისთვის. სახლში რომ არ მოუწიოს ომი მუდმივად გარეთ უნდა ეძებოს ომის საფრთხეები. სწორედ ასეთ მოცემულობას ეხმიანება Nicholas Spykman-ის შეფასება: „მხოლოდ საკუთარი დაცემის და სისუსტის დროს ომობენ სახელმწიფოები სახლში, სიცოცხლისუნარიანობის პერიოდში კი როცა ძალა აქვთ ისინი იბრძვიან სხვა ხალხების მიწაზე“. ძალიან მოკლედ სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე რუსული სამხედრო აზროვნების ლოგიკა, რომელზეც შენდება კიდეც აგრესიული სამხედრო დოქტრინა.

გორბაჩოვიდან პუტინის დოქტრინამდე

ამ ქვესათაურთან დაკავშირებით თავიდანვე მინდა ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ვინმესთვის ცოტა უცნაური ჟღერადობის, მაგრამ ფაქტობრივი ანალიზის შედეგად წარმოშობილი მოსაზრების გამოთქმა: შედარებით ლიბერალური გორბაჩოვის სამხედრო დოქტრინული ხედვა იყო პირდაპირი მნიშვნელობით ერთპიროვნული, კომპეტენტური მხარდაჭერის გარეშე ფორმირებული, მაშინ როცა ავტოკრატიული პუტინის დოკუმენტი სამხედრო და აკადემიური წრეების კონსოლიდირებულ პროდუქტს წარმოადგენს. გორბაჩოვის დოქტრინა იყო გორბაჩოვის, პუტინის დოქტრინა რუსეთის დოქტრინაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი რუსი ლიდერისადმი, რომელთაგანაც ორივემ ხოცა ქართველი ხალხი, ორივემ გუდა საქართველოს თავისუფლება, აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს და ამასთანავე, აბსოლუტურად თანაბრად დაბალ შეფასებას ვაძლევ მათ სტრატეგიული აზროვნების უნარებს, ფაქტი ფაქტად რჩება, გორბაჩოვის დოქტრინა, რომელიც 1987 წელს პირველად გახდა მკვეთრად თავდაცვისკენ გადახრილი ხასიათის მატარებელი მოვლენა მნიშვნელოვან წინამორბედად იქცა იმ ფაქტორთა ერთობლიობისთვის, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დააჩქარა.

Михаил Сергеевич Горбачев

1987 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გორბაჩოვმა განაცხადა: „ნათელია, რომ ძალის გამოყენების მუქარა უკვე აღარ შეიძლება იყოს და არც უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი.“ საკუთარ წიგნში „პერესტროიკაზე“ კიდევ უფრო შორს წავიდა ფრაზით: „კლაუზევიცის შეხედულება იმის თაობაზე, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით – მოსაზრება რომელიც იყო კლასიკა თავის დროზე – დღევანდელობისთვის ჩამორჩენილობაა. ის უნდა შემოიდოს ბიბლიოთეკის თაროზე.“

გორბაჩოვის მიერ კლაუზევიცისთვის გამოტანილი განაჩენი წმინდა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით სრული ბოდვაა, მაგრამ ბოდვა რომელმაც ხელი შეუწყო „ბოროტების იმპერიის“ ნგრევას.

ხაზგასასმელია, რომ პირადად გორბაჩოვი თანამოაზრეთა მცირე ჯგუფთან ერთად და არა საბჭოთა სამხედრო აზროვნება, ასეთი დასკვნებისთვის იყენებდა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ წარმოდგენებს, რომლის თანახმადაც ბირთვული იარაღი, ომის ტრადიციული გაგებით როგორც ასეთს გამორიცხავდა. მაგრამ გავიდა სულ რაღაც 6 წელი და უკვე დამოუკიდებელი, არაკომუნისტური რუსეთის პრეზიდენტ ელცინის 1993 წლის დოქტრინაში ჩაიწერა პირველი ბირთვული დარტყმის განხორციელების უფლება, როგორც ნორმა, თუ ამას მოითხოვდა გარემოება. ეს უკვე იყო მკვეთრი ნაბიჯი აგრესიული დოქტრინისკენ, ისეთი, რომელსაც სულ რაღაც 5 წლის წინ საბჭოთა კავშირის არსებობისას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის ნგრევის ეიფორიის და დასავლეთთან მოთანამშრომლე სუსტი ელცინის პირობებში დაიწყო რუსული თანამედროვე აგრესიული სამხედრო დოქტრინის ევოლუციის პროცესი.

შემდეგი რუსული დოქტრინა მიღებულ იქნა 2000 წელს, ეს უკვე პუტინის პრეზიდენტობისას. ამ დოქტრინის მიხედვით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა რუსეთის უშუალო სამეზობლოში მიმდინარე კონფლიქტებიდან მომდინარე საფრთხეებზე. იგივე დოქტრინის სულისკვეთებით NATO-ს და ევროკავშირის პოლიტიკა წარმოადგენდა მადესტაბილიზირებელ ფაქტორს რუსეთის უსაფრთხოებისთვის. ამავე დოქტრინის პირმშოა  „ინფორმაციული აგრესიის“ კონცეფცია. უმთავრესი აქცენტი კი გაკეთდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა რეალურად დაიწყო და ეს დღემდე მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვან წინსვლას უჩვენებს.

სურკოვიდან შოიგუმდე

2000 წლის რედაქციის სამხედრო დოქტრინით ერთ-ერთი ფართო აქცენტირებული საკითხი არმიის რეფორმირების შესახებ სრულებითაც არ აღმოჩნდა მითი. მიუხედავად იმისა, რომ მას სწორედ ასე აღიქვამდნენ  ობიექტური დამკვირვებლები და მისი მიმდინარეობის პროცესის შემხედვარე ამ რეფორმის პროდუქტიულობის განსაკუთრებით არ სწამდა რუსი გენერალიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს.

ამ ორი მინისტრის პერიოდში ადგილი ჰქონდა ორ უდიდეს პრაქტიკულ გამოცდას რუსეთის არმიისთვის, პირველი 2008 წლის ომი საქართველოსთან და მეორე ყირიმის ანექსირება. რუსული არმიის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაზე, რომელშიც ის იმყოფებოდა საქართველოში შემოჭრის დროს ყველაზე კარგად მეტყველებს შიდა რუსული კრიტიკა, რომელიც ყველაზე რელევანტურია რადგან თანაბრად მოიცავს უკიდურესად შოვინისტური ექსპერტების და გაწონასწორებული დამკირვებლების შეფასებას, რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფითს, რომელიც შინაარსობრივად 2008 წლის საქართველოსთან ომს, წარმართვის თვალსაზრისით პრაქტიკულ მარცხთან ათანაბრებდა. ამ თვალსაზრისს ალბათ ყველაზე კომპეტენტურად სრულად პრორუსული სულისკვეთებით, მაგრამ მოზომილი ლექსიკით გამოხატავს МГИМО-ს და მოსკოვის საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი Andrey Sushentsov-ი საერთაშორისო გამოცემაში შემდეგი ფრაზით:

„ეს ომი (2008 წლის რუსეთ-საქართველო) იყო კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი რუსი სამხედროებისთვის, ვინაიდან ამ ხანმოკლე კონფლიქტმა გამოავლინა უამრავი ნაკლოვანებები, როგორც სამხედრო ორგანიზაციის, შიარაღება-აღჭურვილობის და ომის წარმოების დრომოჭმული კონცეფციის კუთხით.“

map-of-ukraine (1)

სპეციალისტთა წრეებში თვალსაჩინოა ის განსხვავება, რომელიც არსებობდა საქართველოსა და ყირიმში შეჭრილ რუსულ დანაყოფებს შორის, განსაკუთრებით იგრძნობა ეს განსხვავება ოპერაციულ დონეზე, თუმცა იგივე განსხვავების აღმოსაჩენად არაოფიციალურად დაინტერესებულ პირთათვის სრულებით საკმარისია აგრესორის არმიის ჯარისკაცების ეკიპირებაზე დაკვირვება. საქართველოში რუსი სამხედროები ნახევრად ჩაუცმელი, ნახევრად მშივრები იყვნენ, მაშინ როცა ყირიმში გამოჩენილი რუსი სამხედროების ვიზუალიზაცია უკვე იქცა ძლიერი არმიის სიმბოლოდ. მართალია ვიზუალიზაცია არ არის ძლიერი კრიტერიუმი არმიის შეფასებისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ის აბსოლუტურად ემთხვევა რუსული არმიის ოპერაციული დახვეწის პროგრესს.

ჩემი ამოცანა არ არის ამ სტატიაში რუსეთ-საქართველოს ომის რომელიმე ასპექტის ანალიზი და განხილვა, ზემოთ მოყვანილი ილუსტრაცია დამჭირდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ვაჩვენო ის ტექნიკური ასპექტი, რომელიც იდო 2000 წლის დოქტრინაში და რომელიც შენარჩუნებულია დღევანდელ მოქმედ რედაქციაში. ეს არის RMA (Revolution in Military Affairs) კონცეფცია, რომელიც დომინირებს უკანასკნელი წლების ყველა რუსულ სამხედრო დოქტრინაში.

1-dsqvzn-wu89su1xghjiq6w

RMA (რევოლუცია სამხედრო სფეროში) არის დასავლური კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ომის წარმოების სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებებს, მეორეს მხრივ კი დოქტრინულ და ოპერაციული კონცეფციების ინოვაციებს. საქმე იმაშია, რომ RMA, რომელიც დომინირებდა დასავლურ სამხედრო-სტრატეგიულ აზროვნებაზე XX მეორე ნახევრიდან, რომელსაც 90-იან წლებში სრულად ჰქონდა მოცული დასავლური სამხედრო დებატები და რომლის ნაწილობრივ უგულებელყოფა გამოიწვია ავღანეთის და ერაყის კამპანიების ასიმეტრიულმა ომის ფორმებმა, სინამდვილეში მოდის საბჭოთა კავშირიდან. RMA-ის კონცეფცია დაფუძნებულია საბჭოთა კავშირის მარშალ ოგრაკოვის იდეაზე სამხედრო ტექნიკური რევოლუციის შესახებ (MTR). მარშალი ოგრაკოვი აქტიურად ანვითარებდა რევოლუციური ცვლილებების ამ კონცეფციას საბჭოთა არმიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ზრდით და ამ შესაძლებლობების ოპერაციული იმპლემენტაციის გზით პროგნოზირებდა ფუნდამენტურ მოდერნიზაციას. მისი ხედვით NATO-ც და საბჭოთა არმიებიც იდგნენ ასეთი რევოლუციის საწყისებთან, რომელშიც ძირითადი როლი უნდა შეესრულებინათ კომპიუტერებს, კოსმოსურ შესაძლებლობებს, შორი რადიუსის სარაკეტო კომპლექსებს და ყოველივე ამის ადექვატური დოქტრინებისა და ოპერატიული კონცეფციების შემუშავებას.

RMA – როგორც ახალი ტექნოლოგიების და კონცეფციების შერწყმა დღესაც რუსული სამხედრო დოქტრინის ლოკომოტივია. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსული სამხედრო შესაძლებლობები ამ მიმართულებით პროგრესს ნელა მაგრამ მაინც უჩვენებს. ასეთი მიდგომების შედეგია „ჰიბრიდული ომის“ კონცეფცია, რომელსაც მოგვიანებით შევეხებით, მანამდე კი რამდენიმე სიტყვით განვიხილოთ სერდუკოვის რეფორმები რომლის გარეშეც დღევანდელი რუსული არმია იქნებოდა ბევრად უფრო სუსტი და მოუქნელი.

სერდუკოვი იყო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყელაზე არაპოპულარული მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ფიგურა რუსულ პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ მისი არაპოპულარულობა საერთოად არ იყო დაკავშირებული კორუფციასთან. კორუმპირებულობა სხვათა შორის სავსებით არ უშლის ხელს მოქმედ მინისტრ შოიგუს იყოს ყველაზე პოპულარული თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში. სერდუკოვის არაპოპულარულობის მიზეზი მდგომარეობდა იმ რეფორმებში, რომელიც მან გაატარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ხოლო ის ფაქტი რომ მინისტრი სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდა განსხვავებით შოიგუსგან, იქცეოდა როგორც სამოქალაქო მენეჯერი და არა როგორც არმიის გენერალი შოიგუ, ეს მხოლოდ დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო რუსული სამხედრო ელიტისთვის. სერდუკოვის რეფორმების გარეშე რუსული სამხედრო დოქტრინა სრულიად არარეალიზებად დოკუმენტად დარჩებოდა.

რაოდენ გასაოცრად არ უნდა ჟღერდეს, სერდუკოვის რეფორმები NATO-ს მოდელის არმიის შექმნაზე იყო ორიენტირებული. ეს რეფორმები სრულად რომ ავღწეროთ, მოდერნიზაციისა და მობილურობისაკენ ყველა ნაბიჯი რომ გავაანალიზოთ და ამავდროულად არ გამოვიყენოთ სიტყვა რუსეთი, არ მივაქციოთ ყურადღება ციფრების მასშტაბს, მერწმუნეთ შთაბეჭდილება დაგვრჩება, რომ ვსაუბრობთ რომელიღაც ქვეყანაზე, რომელიც დაჟინებით ცდილობს „ნატოს სტანდარტებზე“ გადასვლას.

მისი ამოცანა იყო მოქნილი, ძლიერ ლეტალური და სწრაფი არმიის რელსებზე გადასვლა. ისეთი უზარმაზარი არმიისთვის კი, რომელსაც სიზანტე და მასშტაბურობა სისხლში აქვს გამჯდარი ამ რელსებზე გადაყვანა თავისთავად გულისხმობდა ისეთი მტკივნეული, მასიური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ათობით ათას სამხედრო მოსამსახურეს შეეხებოდა.

სერდუკოვის რეფორმის ფარგლებში ოფიცერთა კორპუსი 400.000-დან 150.000-მდე შემცირდა, 1,107 მოქმედი გენერლიდან არმიაში დარჩა 866; 22,663 პოლკოვნიკის ნაცვლად 9,114; არსებული 99,550 მაიორიდან დარჩა 25,000, კაპიტნების რიცხვმა 90,00-დან დაიწია 40,000-მდე.

russias-new-military-doctrine-shows-putins-geopolitical-ambitions

ეს ერთი შეხედვით „შემცირებებს“ ჰგავს და ასეც მონათლეს რუსულ არმიაში, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გონივრული სტანდარტიზაცია, რადგან ამ შემცირებების პარალელურად მიმდინარეობდა შტატების გაზრდა იქ სადაც საჭირო იყო, მაგალითად ამ პროცესში 10,000-ით გაიზარდა მოქმედ ლეიტენანტთა ოდენობა, შემოტანილ იქნა სერჟანტის საკონტრაქტო სამსახური, რუსეთის ისტორიაში პირველად ადგილი ჰქონდა მცდელობას მართვა და კონტროლი სისტემის მკაცრად იერარქიულიდან ლეიტენანტთა და სერჟანტთა კორპუსის სასარგებლოდ შესუსტებისთვის.

ეს რომ ფუნდამენტური რეფორმების ნამდვილი საძირკველი იყო ამას ადასტურებს სამხედრო განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები. უამრავი, მიმობნეული, დაუტვირთავი სამხედრო სასწავლებლები შეიკვეცა და გაერთიანდა, განსაკუთრებით საგულისხმო იყო სამხედრო სასწავლებლებში განხორციელებული შინაარსობრივი ცვლილებები, მაგალითად გენერალური შტაბის აკადემიაში გაბერილი 17 უაზრო კათედრა გაუქმდა და შეიქმნა სულ ორი, პირველი სამხედრო ხელოვნების და მეორე ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ის ცვლილებები რაც შევიდა სასწავლო გეგმებში და პროგრამებში. სერდუკოვის რეფორმის შედეგად სამხედრო სასწავლებლებში პირველი წელი სრულად იტვირთებოდა სამხედრო ორგანიზაციული, სამხედრო ოპერატიული და სტრატეგიული საკითხებით. მომდევნო წლებში კი სამხედრო თემატიკის საათებს არ უნდა გადაეჭარბებინათ კურსის 20%-სთვის, დანარჩენი 80%-ზე მოდიოდა „სამოქალაქო საგნები.“ ამ უკანასკნელი კურსების ლექციების წასაკითხად სამხედრო სასწავლებლებში უნდა მოეწვიათ რუსეთის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების პერსონალი.

ყოველივე ამის პარალელურად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მტკივნეულად განიცადა გენერალური შტაბის ასტრონომიულად გაბერილი საშტატო სისტემის და თავდაცვის სამინისტრო 27,873 თანამშრომლის 8,500 საშტატო ერთეულამდე დაყვანა, რასაც მოჰყვა სამხედრო დაზვერვის სამსახურის, რომელიც საქართველოში ცნობილია „გერეუს“ სახელით 40%-ით შემცირება.

მოქმედი ოფიცრებისთვის არანაკლებ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა დასავლური სტილის საშტაბო-სამეთაურო ერთწლიან კურსებზე გადასვლა.

გასაგებია, რომ ამ ინიციატივებს, მათ გატარებას, წამოწყებას და იმპლემენტაციას უზარმაზარი უკმაყოფილება მოჰყვა არმიაში და ფლოტში. უკმაყოფილების მასშტაბის საილუსტრაციოდ საკმარისი იქნება იმის თქმა, რომ სერდუკოვს ღიად აკრიტიკებდნენ მოქმედი ოფიცრები, გენერლები და ადმირალები, ასევე ექსპერტები. მაგალითად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა მწვავედ გააკრიტიკა „ამერიკული სტილის ბრიგადის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლა“. შორს რომ არ წავიდე ამ წინააღმდეგობის პროცესის აღწერაში, საკმარისია იმის გახსენება, რომ მინისტრ სერდუკოვს ხედვების შეუთავსებლობის გამო სამჯერ მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა გადადგომის პატაკით.

ძალიან არ მსიამოვნებს ამ სწორი რეფორმების პროცესის აღწერა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ გონივრული რეფორმების შედეგი უკვე სახეზეა, უფრო დიდი შედეგი კი წინ არის. რამდენედაც უსიამოვნოა იმის დანახვა, რომ რუსული არმია პროგრესს განიცდის, ამის არ დანახვის უფლება არ გვაქვს.

„ნათქვამია, რომ მას ვინც იცნობს თავის მტერს და საკუთარ თავს, არ ემუქრება საფრთხე ასეულობით ბრძოლაშიც კი. ის ვინც არ იცნობს თავის მტერს, მაგრამ იცნობს საკუთარ თავს, ზოგჯერ გაიმარჯვებს, ზოგჯერ კი დამარცხდება. ის ვინც არც მტერს იცნობს და არც საკუთარ თავს, ყველა ბრძოლიდან დამარცხებული გამოვა.“ სუნ-ძი

როცა სასიცოცხლო რეფორმების საფუძვლების ჩაყარა დიდწილად მორჩა და მოხერხდა იმდენი რამდენიც მოხერხდა, უდიდესი წინააღმდეგობების ფონზე რუსეთის ყველაზე არაპოპულარული თავდაცვის მინისტრი სერდუკოვი შეცვალა რუსეთის ყველაზე პოპულარულმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ.

პირველი თვალშისაცემი ცვლილებაში იყო შოიგუს არმიის გენერლის ფორმა, გარდა ამისა მან რამდენიმე პოპულისტური ნაბიჯიც გადადგა უკან, მაგრამ უმნიშვნელო და ისეთები რომლებიც ძირეულ საკითხებს ნაკლებად შეეხო. მაგალითად, აღადგინა „პრაპორშიკი“-ს პოზიცია, მაგრამ შეზღუდულად, რამდენიმე ბრიგადა დააბრუნდა დივიზიის სტრუქტურაზე, მაგრამ რამდენიმე. ესეც კი კანონზომიერია და პრინციპში მხოლოდ პოლიტიკური ჟონგლიორობის საკითხია, რადგან სერდუკოვმა „შავი სამუშაო“ მედვედევის პრეზიდენტობის ვადაში მოასწრო, პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ კი შოიგუს პირობებში დაიწყო სამხედრო დოქტრინის იმ ნაწილის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელიც 2020 წლამდე არმიის და ფლოტისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დოქტრინით გათვალისწინებული 600 მილიარდი დოლარის ღირებულების გადაიარაღება, რომელიც მოიცავს: ახალი 2300 ტანკი, 2000 საარტილერიო სისტემა, „ისკანდერის“ 10 ბრიგადა, 10 ბრიგადა ჰაერსაწინააღმდეგო S-300, კოსმოსური ძალებისთვის 56 ბატალიონი S-400, 38 ბატალიონი S-500, საჰაერო ძალებისთვის 600 თვითმფრინავი, 1100 ვერტმფრენი; 30000 დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალება, რამოდენიმე ათეული გემი და რამოდენიმე ათეული წყალქვეშა ნავი და კიდევ უამრავი კომპონენტი. რა თქმა უნდა ყველაფერი ამ ტექნიკიდან ახალია, ეს ყველაფერი დამატება და შევსებაა.

პირადად ჩემთვის დიდ დაინტერესებად არ იწვევს დოქტრინის ეს ტექნიკური ნაწილი, მითუმეტეს, რომ არც თვალყურის მიდევნების საშუალება მაქვს, მაგრამ მთავარი ამ მიმართულებით არის ის რომ ეს მასშტაბური გადაიარაღება გლობალური მოთამაშეების პრიორიტეტი უფროა და სწორედ ამ მიზეზით აკლდება სამხედრო დოქტრინის ისეთ დებულებებს ყურადღება, რომლებიც საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შიეძლება იყოს.

თუმცა ტექნიკური გადაიარაღების პროცესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფრანგული ვერტმფრენმზიდის შესყიდვის თაობაზე ფართოდ ატეხილი აურზაური. აქ არსებობს რამდენიმე საინტერესო ნიშანდობლიობა. რუსული სტრატეგიული და ტაქტიკური ძალების როგორც შექმნის, ასევე ოპერაციული გამოყენების დოქტრინა გამორიცხავს რუსულ შეიარაღებაში ისეთ სამხედრო საშუალების ინტეგრირებას, რომელიც არ არის რუსული წარმოების, განსაკუთრებით კი სტრატეგიული დონის შეიარაღების სფეროში. ამას უპირველესყოვლისა განაპირობებს საბრძოლო სისტემების უსაფრთხოების მოთხოვნები და მეორეს მხრივ საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერა. თუ ამ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, მივაქცევთ ყურადღებას რუსული სამხედრო ფლოტის დოქტრინულ მოთხოვნას, ანუ მის ორიენტირებას წყალქვეშა ფლოტზე, შეიძლება დიდი ალბათობით დასახელებული ვარაუდის გამოთქმა, რომ თავის დროზე მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდის შეძენა არ ემსახურებოდა პირდაპირი ნიშნით რუსულ სამხედრო საჭიროებას. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს დაახლოებით ისეთი აბსურდია, როგორც მაგალითად ამერიკის მხრიდან ისეთი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენა, რომლის მწყობრიდან გამოყვანა და უფუნქციოდ ქცევა მოგვიანებით თვითონ რუსეთს შეეძლებოდა. გარდა ასეთი აბსურდისა, მისტრალის შესყიდვასთან დაკავშრებით არსებობს კიდევ ერთი ძალიან დიდი ლაფსუსი, რუსეთი იმავე წლებში უკვე უჩვენებდა ტექნიკური თვალსაზრისით მისტრალთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი, ტექნოლოგიურად უფრო რთული საზღვაო საშუალებების საკუთარი ძალებით შექმნის პოტენციალს.

Mistral-helicopter-carriers

ამიტომაც, საფრანგეთისგან მისტრალის შეძენა რუსეთის მხრიდან უფრო გავდა პოლიტიკურ კონტრაქტს, პოლიტიკური მიზნით საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გავლით მისტრალის სახით საფრანგეთისთვის „სახელმწიფო-პოლიტიკური ქრთამის“ შეთავაზებას. ვინც მისტრალის შესყიდვას ჩვეულებრივ ნამდვილ სამხედრო კონტრაქტად აღიქვამს ის ალბათ იმასაც ნორმად მიიჩნევს რომ კახელმა მეღვინებ გერმანული ყურძენი შეიძინოს, თანაც კილოგრამი 10 დოლარად.

ყურადღებაა მისაქცევი ერთ უნიშვნელოვანეს გარემოებაზეც – ტაქტიკური გამოყენების თვალსაზრისით მისტრალის დანიშნულებაა ვერტმფრენთა ასაფრენი პლატფორმის შექმნა, ვერტმფრენების ახლოს მიზიდვა პოტენციური მოწინააღმდეგის ტერიტორიასთან. ამ კონტრაქტის დადების დროს ქართველი ექსპერტები ვარაუდობდნენ რუსეთის ვერტმფრენთა დაჯგუფების მხრიდან საქართველოზე მასიური შეტევის გაზრდის შესაძლებლობას. ეს უბრალო უმეცრებაა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, საქართველოს შემთხვევაში რუსეთს გააჩნია შეუზღუდავი ბუნებრივი პლატფორმა მოსაზღვრე ჩრდილო კავკასიის სახით, საიდანაც ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო მასიური სავერტმფრენო შტურმის საშუალება გააჩნია. მაგალითად, თბილისზე შტურმის შემთხვევაში მისტრალი ასაფრენი პლატფორმის თვალსაზრისით ძალიან დაბალ და დაუცველ შესაძლებლობას ფლობს, მაშინ როდესაც ჩრდილო კავკასიას ბუნებრივად გააჩნია შეუზღუდავი შესაძლებლობები, საიდანაც შეიძლება აფრინდეს განუზომლად ბევრად უფრო მეტი ვერტმფრენი. მათ შეუძლიათ ბევრად უფრო ადრე მიაღწიონ საქართველოს გრავიტაციის ცენტრს – როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურს, მათ უფრო სწრაფად შეუძლიათ უკან პლატფორმაზე დაბრუნება საწვავის და შეიარაღების ხელახლა შევსების მიზნით და შეუძლიათ პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში აწარმოონ ოპერაცია. საქართველოს შემთხვევაში ყოველივე ეს მისტრალის ძალებს აღემატება. თუმცა არც ის ფორმულირება იქნებოდა სრული სიმართლე, რომ მისტრალი საერთოდ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთის. ის რა თქმა უნდა არის კიდეც ერთი დამატებითი საფრთხე, მაგრამ ისეთ მასშტაბებთან ძალიან შორს მდგარი როგორადაც მას აფასებდნენ უკანასკნელ წლებში ქართველი ექსპერტები.

მოქმედი დოქტრინა 2015

ბოლო რუსული სამხედრო დოქტრინა რომელსაც თავისუფლებაზე გავეცანი 2010 წლის რედაქციაა, 2015 წლის დოქტრინა კი წავიკითხე იქ საიდანაც ახლა ვწერ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რაიმე გლობალური განსხვავება არ არის და საერთოდაც თითქმის იდენტურიც კია, 2010 წლის რედაქცია შედგება 53  მუხლისგან, ხოლო 2015-ის 58 მუხლისგან. ჩემთვის ბოლო დოქტრინა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დოქტრინაში ნახსენებია სიტყვები „აფხაზეთის რესპუბლიკა“ და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“. დოქტრინა, რომელშიც არცერთი სახელმწიფო არ არის ნახსენები სახელობით, ინდივიდუალურად, რადგან საფრთხეებთან (NATO) და მოკავშირეებთან მიმართებით (СНГ, ОДКБ) იგი იყენებს კოლექტიურ აბრევიატურებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამჯერ არის სახელობით მოხსენიებული.

2010 წლის სამხედრო დოქტრინის მიღების მომენტისთვის უკვე სახეზე იყო რუსეთ-საქართველოს ომი, ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმების დარღვევით აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს ხელისუფლებაში იყო მკვეთრად გამოხატული ანტირუსული ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ იმ დოქტრინაში აფხაზეთი და ოსეთი ნახსენები არ არის. მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პოლიტიკა; გადადგა კონკრეტული ნაბიჯი „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატად წოდებული დიალოგის ფორმატის შექმნით, პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელი, თუმცა სრულიად კონკრეტული სახელის მატარებელი; როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სრულად, ცალმხრივად გააქრო არათუ დაძაბულობა, არამედ რიტორიკულ დონეზეც კი საამებელი დამოკიდებულება დაიჭირა რუსეთისადმი; ყველაფერი ამის ფონზე რუსეთის სამხედრო დოქტრინაში დემონსტრაციულად ჩაიწერა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ 2008 წლის რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან შედარებით, 2015 წელს სამხედრო დოქტრინაში მათი მოხსენიება არის ბევრად უფრო საშიში მოვლენა, რადგან წარმატებული არაღიარების პოლიტიკის შემდეგ, რომელიც საქართველომ აწარმოა, 2015 წლის დოქტრინა უკვე აღარ აქცევს ყურადღებას აღიარებს ვინმე ამ სუბიექტს თუ არა. ყოველგვარი დათქმების გარეშე იღებს ვალდებულებებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინაშე სამხედრო დახმარების თაობაზე. მათ წინააღმდეგ ნებისმიერ – არათუ ძალისმიერ, არამედ არაძალისმიერ – „შიდა საქმეებში“ ჩარევასაც კი საკუთარ საომარ საფრთხედ აცხადებს, არ ტოვებს არანაირი არაძალისმიერი მოქმედების გზასაც კი. ბუნებრივია, ყველა საფრთხე რომელიც 2015 წლის დოქტრინამ წარმოშვა არ არის ფორმულირებული იმ სამ მუხლში სადაც ნახსენებია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ დოკუმენტის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მუხლების და პუნქტების კორელაციის შედეგად, შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი არაძალისმიერი მოქმედება, რომელიც ეხმიანება საქართველოს ინტერესებს ავტომატურად გამოცხადებულია რუსეთისთვის საომარ საფრთხედ, ანუ შეიძლება თეორიულად იქცეს ომის მიზეზად.

ქვემოთ შევეცდები ამ მუხლების ანალიზს, მაგრამ აქვე მოვიყვან ერთ ძალიან უწყინარ მაგალითს, რომელიც შეიძლება საქართველოში ბევრს არც შეუძლია რაიმე სახით დაუკავშიროს ომს, მაგრამ რუსულ დოქტრინას სხვანაირად ჰგონია. ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ შემდეგი სურათი, სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე რომელიმე მიმდინარე არალეგიტიმურ არჩევნებში იმარჯვებს ძალა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან აფხაზეთში შიდა არეულობის შედეგად ხდება „თვითგამოცხადებული ხელისუფლების“ ცვლილება. ეს მოვლენა დოქტრინის მიხედვით ავტომატურად გამოცხადებულია საომარ საფრთხედ. დოქტრინის მე-12-ე მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერ მეზობელ სახელმწიფოში ხელისუფლების ცვლილება, რომლის ინტერესები ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს საომარ საფრთხეს.  რუსეთის დოქტრინის მიხედვით აფხაზეთი რუსეთის მეზობელია, შესაბამისად იქ ანტირუსული მთავრობის მოსვლა ავტომატურად საომარი საფრთხეა რუსეთისთვის. ბუნებრივია, მე-12-ე მუხლი თბილისსაც ეხება, მაგრამ ამას მოგვიანებით განვიხილავთ, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის ილუსტრაციას ვცდილობ, რომ თბილისისგან სრულად დამოუკიდებლად, რაიმე მიზეზით, ვინმეს სოხუმში გაუჩნდეს საქართველოსკენ შემობრუნების სურვილი, რუსეთი ამის უფლებას სეპარატისტებსაც ართმევს.

ან თუნდაც კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას არათუ ომის მიზეზად არამედ შეიძლება სრულიად „ბრძნული“ პოლიტიკის წარმოებად მიაჩნდეს. დავუშვათ რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ან ოსეთში, არსებობს რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთან რეინტეგრაციის სურვილი აქვს, დოქტრინის მიხედვით საქართველოდან სრულად არაძალადობრივი ხასიათის ასეთი ჯგუფების დაფინანსება, არათუ ომის მიზეზია, არამედ ითვლება თანამედროვე ომის წარმოებად. ამას ამბობს დოქტრინის მე-15-ე მუხლი, რომლის თანახმადაც გარედან პოლიტიკური ძალის დაფინანსება და არამარტო პოლიტიკური, არამედ არასამთვრობო ორგანიზაციისაც კი წარმოადგენს ომის წარმოების ფორმას. დოქტრინის მიხედვით კი აფხაზეთში საზოგადოებრივი აქტივობის საქართველოდან დაფინანსება „გარედან დაფინანსებად“ ითვლება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აქ საუბარია არაძალადობრივ ქცევაზე, მაგრამ დოქტრინის მიხედვით არაძალადობრივი აქტივობები ჰიბრიდული ომის კონცეფციის საშუალებით გათანაბრებულია ომის აქტთან და საომარ საფრთხესთან.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დოქტრინაში შეტანით ყოველგვარ საღ აზრს მიღმა გათამაშებული კომბინაცია იკრძალება.

12 მუხლის „Д“ პუნქტის მიხედვით, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაც ომის საფრთხეს წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობით ორივე ოკუპირებული რეგიონი „რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოა“ საქართველოს მხრიდან რაიმე სახით მათი „შიდა“ საქმეებში ჩარევა ყოველგვარი დათქმის გარეშე ომის მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს. ანუ ზემოთ აღწერილი სეპარატისტული არჩევნების, რაიმე ოპოზიციური ჯგუფების ან არასამათავრობო ჯგუფების დაფინანსების გარეშეც, რაიმე კონტაქტი მათთან რომელიც შეიძლება შეფასდეს „შიდა საქმეებში“ ჩარევად, ურთიერთობა რომელიც თავისი ბუნებით შეიძლება სულაც არ იყოს რეინტეგრაციის პროცესთან კავშირში შეიძლება გახდეს ომის მიზეზი.

სამხედრო დოქტრინაში აფხაზეთის და სამხეთ ოსეთის შეტანით საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის გარდა მოხდა სეპარატისტული რეჟიმების უკიდურესად შეზღუდვა მოქმედებებში. ამ დოქტრინამ არასდროს არსებული მაგრამ მაინც თეორიულად დასაშვები სეპარატისტების შემობრუნება საქართველოსკენ სამხედროო მუქარით და სამხედრო ძალით აკრძალა.

ასე რომ, დოქტრინა 2015-ის მიხედვით ნებისმიერი მშვიდობიანი ინიციატივა აკრძალულია, პრაქტიკულად არ არსებობს რაიმე სახის მშვიდობიანი სტრატეგიული კომბინაცია, რომელიც დოქტრინის რომელიმე პუნქტით არ იბლოკებოდეს. ნიშანდობლივია, რომ ძალიან ჰიპოთეტური უმცირესი შანსი სეპარატისტული რეჟიმების მხრიდან საქართველოსკენ მოძრაობის დაწყების შესაძლებლობა გათანაბრებულია რუსეთის ეროვნული ინტერესების ისეთ ხელყოფასთან, რომელიც შეიძლება იქცეს ომის მიზეზად. ანუ ძალიან უხეშად  მაგრამ არსობრივად რომ ვთქვათ, დღეს რომ აფხაზეთის სეპარატისტმა ლიდერმა თვითონ გადაწყვიტოს საქართველოსთან შემოერთება რუსეთი იტოვებს უფლებას ამ მიზეზით თბილისს შეუტიოს სამხედრო ძალით.

საფრთხეების რუსული აღქმა

დოქტრინის იმ თავში სადაც საუბარია რუსეთისთვის საფრთხეებზე ჩამოთვლილია მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც ზედმეტ განხილვას არ საჭიროებენ. მე შევეხები მხოლოდ იმ ასპექტებს, რომელიც მიმაჩნია კრიტიკულად. რა თქმა უნდა არ დავიწყებ საუბარს, რომ NATO-ს გაფართოვება რუსეთს საფრთხედ აქვს გამოცხადებული და მსგავს ცნობილ პოსტულატებზე. საფრთხეებზე საუბარს დოქტრინა იწყებს გლობალური კონკურენციით გამოწვეული დაძაბულობის აღწერით და მე-8 მუხლს ამთავრებს წინადადებით, რომ როგორც საერთაშორისო ასევე რეგიონალურ დონეზე „მიმდინარეობს გავლენების ეტაპობრივი გადანაწილება ახალი ეკონომიკური ზრდის ცენტრების და პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრების სასარგებლოდ.“

nato-ban-1024x606

თითქოს არაფერი, მაგრამ ეს წინადადება არის იმის აღწერა თუ სხვა ფაქტორებთან ერთად კიდევ რა წარმოადგენს საფრთხეს. აქ კი შავით თეთრზე წერია, რომ ახალი ეკონომიკური მიზიდულობის რეგიონალური ცენტრის წარმოქმნა მისთვის სამხედრო საფრთხეთა სისტემის ნაწილია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საქართველოსთვის? რომ გამოვაცალოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი, საერთოდ გავაუქმოთ სამხედრო ძალა ან უფრო გასაგებად რომ ვთქვა, საქართველოში პოპულარული ტერმინით რომ ვაქციოთ საქართველო პოლიტიკურად სრულად, აბსოლუტურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ და ვიზრუნოთ მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე (რაც პრაქტიკაში კი არის წარმოუდგენელი მაგრამ მაინც ვიხელმძღვანელოთ ასეთი დაშვებით) დღევანდელი რუსული დოქტრინის მიხედვით ასეთი მდიდარი, ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრიც კი საფრთხეს წარმოადგენს. საკუთარი ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, მისთვის საფრთხედ აღიქმება ნებისმიერი ძლიერი ეკონომიკა სამეზობლოში რომელსაც შეიძლება გააჩნდეს ისეთი მიზიდულობა როგორიც მაგალითად შვეიცარიას. რუსეთს შვეიცარია მოსწონს შვეიცარიაში, სამეზობლოში კი აშინებს.

ეს ჰიპოთეზის დაშვების დონეზე, მაგრამ როგორც უნდა აღვიქვათ რეალური მოცემულობა როცა საქართველო სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით რეალურად ყოველ დღე სუსტდება ეკონომიკური განვითარების ლოზუნგების ფონზე. საზოგადოებაში თითქოს უსიტყვო შეთანხმება არსებობდეს – „ეკონომიკური კეთილდღეობის სანაცვლოდ დავთმოთ დანარჩენი ყველაფერი.“ მწარე რეალობა კი ის არის რომ რუსეთი ასეთი განვითარების შესაძლებლობასაც საომარ საფრთხედ აღიქვამს და ამის თაობაზე ღია დეკლარირებას აკეთებს დოქტრინაში.

საფრთხეები II

ამ ჯერზე შევეხები დოქტრინისმიერ ძირითად საგარეო სამხედრო საფრთხეების თაობაზე ფორმულირებულ მე-12 მუხლს. უფრო ზუსტად კი 12-ე მუხლის „Б“, „Д“ და „H“  პუნქტებს, რომლებიც საერთო ბუნების მატარებელნი არიან და ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული რეგიონალური დანიშნულება. ამ პუნქტების მიხედვით რუსეთისთვის გარედან მომდინარე ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს ვითარების დესტაბილიზაცია რეგიონში, მოკავშირეების შიდა საქმეებში სხვების ჩარევა და ხელისუფლებების ცვლილებები სამეზობლოში.

Б) პუნქტი ამბობს, საფრთხეა „სიტუაციის დესტაბილიზაცია ცალკეულ სახელმწიფოებში და რეგიონებში.“

Д) პუნქტის მიხედვით საფრთხეა: „… ტერიტორიული პრეტენზიები მისი მოკავშირეებისთვის და მათ საქმეებში გარედან ჩარევა“

H) პუნქტის მიხედვით საფრთხეა „რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში ისეთი რეჟიმების დამყარება, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინეტერესებს, მათ შორის ასეთი რეჟიმების დამყარება ლეგიტიმური ორგანოების დამხობის გზით.“

სწორედ ბოლო პუნქტით რომ დავიწყოთ ეს პუნქტი ამბობს, „მათ შორის ლეგიტიმური ორგანოების დამხობის გზით“ ანუ ნორმატიული მოცემულობისთვის გამონაკლისს და მეორეხარისხოვან საკითხად ითვლება ანტი რუსული რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის გზა, იყენებს რა ტერმინს „მათ შორის“ გულისხმობს ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში მოსულ ანტირუსულ ძალას, შესაბამისად სულერთია რა გზით და მეთოდით მოდის ანტირუსული ძალა ხელისუფლებაში, ის ყველა შემთხევავში აპრიორი საფრთხეა.

ამავე შეხედულებას ამყარებს ჩანაწერი დესტაბილიზაციის შესახებ, ამ შემთხვევაში ეს პუნქტი არ არჩევს ერთმანეთისგან არაკანონიერ დესტაბილიზაციას და მაგალითად ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში უნივერსალური სახალხო უფლების – ტირანიის წინააღმდეგ აჯანყების – რეალიზაციას. დოქტრინის ეს განცხადებები თეორიული დაშვებით რომ განვმარტოთ მივიღებთ შემდეგ სურათს, რუსეთისთვის თანაბარ საფრთხეს წარმოადგენს ერთის მხრივ საქართველოში ლიგიტიმური არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული ძალა, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მეორეს მხრივ, მაგალითად რომელიმე შუააზიურ სახელმწიფოში, სადაც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ავტოკრატიული წესით მმართველის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას ექნება ადგილი მშვიდობიანი, მაგრამ მასობრივი სახალხო საპროტესტო მოძრაობის მეშვეობით. ამავე სახის ავტოკრატიული რეჟიმების საშინაო საქმეებში გარდან ჩარევაც კი გათანაბრებულია საომარ საფრთხეებთან. ამ პოსტულატებით ის მხარს უჭერს „ავტოკრატიულ სტაბილურობას“ და აფრთხობს ჩვეულებრივი დემოკრატიული ცვლილება. ამოსავალი წერტილი კი არის მხოლოდ მისი ინტერესების შესაბამისობა.

ნიშანდობლივია რომ სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ ასეთი კონცეფცია დოქტრინის თანახმად ეხება მხოლოდ რუსეთის უშუალო სამეზობლოს, უფრო კონკრეტულად კი ქვეყნებს რომელსაც ის საბჭოთა ეპოქის დანატოვრად და საკუთარი გავლენის ექსკლუზიურ სფეროდ თვლის. თუ დოქტრინის თანმიმდევრულობას მივყვებით, ზემოაღწერილიდან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ხელისუფლებათა არახელსაყრელი ცვლილების შემთხვევაში რუსეთი დიდი ალბათობით ჩაერთვება მათ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. მაგრამ აქ აუცილებლად გასამახვილებელია ყურადღება იმ გარემოებაზე რომ ასეთი ომი არ იქნება ომი კლასიკური გაგებით ტანკებით და რაკეტებით, უდიდესი ალბათობით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ეს იქნება „ჰიბრიდული ომი,“ განსაკუთრებით აქცენტირებული არაძალადობრივ და არაპირდაპირ მეთოდებზე. ამის მტკიცების საშუალებას ისევდაისევ თვითონ სამხედრო დოქტრინა იძლევა, რომლის სულისკვეთება მდგომარეობს ტრადიციული ომის მეთოდების მაქსიმალურად თავიდან აცილებაში და პრიორიტეტის მინიჭებაში ომის წარმოების ახალი ჰიბრიდული მეთოდებისთვის. რაც ლოგიკურიც არის, ასეთი ომი რუსეთისთვის ნაკლებ დამაზიანებელი უნდა აღმოჩნდეს მაშინ როცა მოწინააღმდეგეც საკმაოდ აზიანებს.

ამ შეხედულებას ისიც ამყარებს, რომ დოქტრინაში ჩამოყალიბებული ომის წარმოების თანამედროვე ფორმები მათთვის დათმობილი ადგილი და მათი დეტალიზაცია იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთი თავს თვლის სათანადოდ დახელოვნებულად ამ მეთოდებში, რომლის ერთ-ერთ ძირითად იარაღად მინისტრი შოიგუ ინფორმაციას და საინფორმაციო საშუალებებს მიიჩნევს, უფრო ზუსტად კი ამბობს: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავის თავში აერთიანებენ ძალიან ბევრს. ერთის მხრივ ეს ნამდვილად იარაღია, მეორეს მხრივ მას შეუძლია ძლიერ ატკინოს ადამიანს. დღეს ეს არის ის, რაც ცუდ ხელში მოხვედრისას, სურვილის მიხედვით შეიძლება ერთდროულად იქცეს გამომძიებლად, პროკურორად, მოსამართლედაც და ჯალათადაც. არ ვისურვებდი რომ ჩვენ ნელნელა ვიქცეთ იმ ხალხად, ვინც ამ იარაღს იყენებს ყველაზე ნეგატიური სახით.“

თანამედროვე ომის რუსული მეთოდები – ჰიბრიდული ომი

დოქტრინის მე-15 მუხლი – „თანამედროვე საომარი კონფლიქტების თავისებურებების მახასიათებელი ნიშნები“ – ასე არის დასახელებული დოქტრინის ის ნაწილი, სადაც აღწერილია იმ მეთოდთა ძირითადი ნაწილი რისგანაც შედგება ფართოდ განხილვადი „რუსული ჰიბრიდული ომის“ კონცეფცია.

მუხლის პირველი პუნქტი აყალიბებს იმ ძალთა სიას, რომელთა ურთიერთქმედებით იწარმოება თანამედროვე ომი. ეს ძალებია:

  1. სამხედრო ძალები
  2. პოლიტიკური ძალები
  3. ეკონომიკური ძალები
  4. საინფორმაციო ძალები
  5. სხვა არასამხედრო ძალები

მუხლის ფორმირებიდან ჩანს, რომ აქ ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ექცევა უშუალოდ სამხედრო ძალას, ხოლო ყველა დანარჩენი არასამხედრო ძალის რეალიზაციის მეთოდად დასახელებულია „მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალის ფართოდ გამოყენება“ და სპეციალური ოპერაციების სამსახურის მხარდაჭერა.

hw-hybrid_warfare-001

მე-15 მუხლის „A“ პუნქტთან ერთად უნდა მოხდეს იგივე მუხლის „K“ პუნქტის ერთიანი განხილვა. მე-15 მუხლის „K“ პუნქტი აღწერს „გარედან დაფინანსებული და მართული პოლიტიკური ძალების და საზოგადოებრივი მოძრაობების გამოყენებას.“ ამ მუხლის ანალიზიდან ჩანს, რომ ცალსახად საუბარია სრულიად არასამხედრო ვიზუალიზაციის ომის წარმოებაზე. მეთოდად აღიარებულია მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალი. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ის შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური (სოციალური პრობლემატიკა), ასევე საინფორმაციო (ავთენტური ან არაავთენტური ინფორმაციით მოსახლეობის აღშფოთება) ბუნების. დოქტრინის მიხედვით საუბარია როგორც უკვე არსებული ასეთი საპროტესტო პოტენციალის გამოყენებაზე, ასევე ასეთი პოტენციალის კულტივირებაზე, მიზანმიმართულად გარედან შექმნაზე და შემდგომ გამოყენებაზე, ამ უკანასკნელ მოსაზრებას ადასტურებს მე-15 მუხლის „K“ პუნქტი, რომელიც საუბრობს გარედან მართული და დაფინანსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობების მნიშვნელობაზე.

ამავე სულისკვეთებას იზიარებს რუსეთის გენშტაბის უფროსის გერასიმოვის ცნობილი მოხსენება, სადაც ის ხაზს უსვამს მოქმედების ისეთი ფორმის მნიშვნელობას, როგორიც არის „შიდა ოპოზიციის მიერ პერმანენტული დაძაბულობის ფრონტის შექმნა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.“

რაც შეეხება ინფორმაციული ძალის ბუნებას, რომელიც ზემოთ აღვწერე როგორც „ავთენტური ან არაავთენტური“ ასეთ ფორმულირებას მე-15 მუხლი პირდაპირ არ იძლევა მიუხედავად იმისა რომ გამოყენების ხასიათის მიხედვით თავისუფლად შეიძლება დახასიათდეს, მაგრამ ზოგადად დოქტრინა ცნობს „ინფორმაციულ ომს“ და ამასთანავე 13-ე მუხლში საუბრობს რუსეთის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის დაცვაზე ისეთი სახის ინფორმაციის ზეგავლენისგან, რომელსაც შეუძლია „სულიერი ტრადიციების“ ხელყოფა, ასე რომ სარკის ეფექტი ის რაც რუსეთს საკუთარ საფრთხედ მიაჩნია ავტომატურად ითვლება ფაქტორად, რომელიც თვითონ შეიძლება გამოიყენოს მოწინააღმდეგესთან მიმართებით.

მე-15 მუხლის „В“ პუნქტი საუბრობს კიდევ ერთ მომიჯნავე მეთოდზე. კერძოდ კი მოწინააღმდეგეზე ზემოქმედებაზე ერთდროულად როგორც მთელი ქვეყნის ასევე გლობალური ინფორმაციის სივრცეში. ამავე მუხლში საუბარია მოქმედების არაპირდაპირ და ასიმეტრიულ ფორმებზე. თუ ამ პრინციპს დავუკავშირებთ გარედან მართული პოლიტიკური ძალების და საზოგადოებრივი მოძრაობების დაფინანსებას ირიბი გზებით შეიძლება ნიშნავდეს დაფინანსების პროცესის არაპირდაპირ წარმართვას, ანუ არა პირდაპირი მნიშვნელობით „გარედან“ დაფინანსებას არამედ ქვეყნის შიგნით არსებული „ფინანსური წყაროს მიერ რუსეთის ინტერესების შესაბამისობით „ირიბად დაფინანსებას“. მაგალითად ქველმოქმედების ან კულტურული ცხოვრების მხარდაჭერის კონტექსტში.

აღწერილი სურათის მიხედვით არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ომის წარმოების ახალი რუსული ფორმა მარტო არასამხედრო კომპონენტებზეა ორიენტირებული, ომის ასეთი უკვე აღწერილი ფორმები ძირითადად ემსახურება სახელმწიფოთა ხელისუფლებების შეცვლის მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ ამ ახალ ფორმებში საუბარია ტრადიციული ცხელი ომის შესახებაც, რომელიც იწარმოება სამხედრო ძალის უშუალო ჩართულობით. მაგრამ ამ ომთან მიმართებით ახალი, ჰიბრიდული ფორმის მთავარ პრინციპად აღიარებულია მისი „სხვისი ხელით“ წარმოება.

მე-15 მუხლი ერთის მხრივ „Ж“ პუნქტში საუბრობს დაპირისპირებულ მხარეთა ტერიტორიაზე მუდმივი საომარი კერების შექმნის უზრუნველყოფაზე, ხოლო იგივე მუხლის „З“ პუნქტში კი „არაფორმალური შეიარაღებული დანაყოფების“ გამოყენებაზე. ამ კონცეფციას დიდი მიმოხილვა არ სჭირდება, მართალია ის ახლა ჩაიწერა დოქტრინაში, მაგრამ ამ ფენომენს ჩვენ უკვე ვიცნობთ აფხაზეთის ომის მაგალითზე და ისეთი ჟარგონებით როგორიცაა „ბოევიკები“, „ნაიომნიკები.“ სწორედ ამ კონცეფციაზეა საუბარი როცა რუსეთი აწარმოებს ომს სხვისი სახელით. მაგალითად აფხაზი სეპარატისტების ან ე.წ. „დონბასის რესპუბლიკის“ სახელით, უზრუნველყოფს ომის თეატრში მუდმივ შეტაკებებს, უკვე სწორედ იმ „ბოევიკების“ და „ნაიომნიკების“ ხელით, რომელსაც დოქტრინა „არარეგულარულ შეიარაღებულ ფორმირებებს“ უწოდებს.

„არაფორმალური ძალების“ ფენომენი სხვათა შორის რუსეთ-საქართველოს ომშიც იყო გამოყენებული „ჩეჩენი მოხალისეების“ სახით, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით უფრო ავტონომიურ რეჟიმში იქნა გამოყენებული აფხაზეთის ომში ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების სახით.

პრინციპში თამამად შეიძლება ითქვას რომ რუსეთის მიერ 2015 წლის სამხედრო დოქტრინით „ომის წარმოების ახალ ფორმებად“ გამოყენებული კონცეფციები, ჰიბრიდული ომის შემადგენლები, მათ შორის არაძალადობრივი კომპონენტების სრული სპექტრი და ცხელი ომის სხვისი სახელით და სხვისი ხელით წარმოების ყველა ასპექტი „დატესტილ იქნა“ საქართველოში დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

შესაბამისად, როცა დღეს მიდის საუბარი ახალ რუსულ „ჰიბრიდულ ომზე“ „გერასიმოვის დოქტრინაზე“ ან რომელიმე მსგავს ტერმინზე, ეს გამოწვეულია ორი ფაქტორით, პირველი უკრაინის კრიზისით და მეორე უფრო მთავარი ამ ფორმების რუსულ სამხედრო დოქტრინაში ფორმულირებით. რეალურად აქ არაფერია ახალი, განსაკუთრებით არაფერია ისეთი რევოლუციური როგორიც მაგალითად ტექნიკური თვალსაზრისით თავის დროზე იყო დენთი ან ტანკი, ხოლო კონცეპტუალური თვალსაზრისით არაფერია ისეთი რევოლუციური როგორც მაგალითად თავის დროზე იყო ნაპოლეონის Grande Armee ან გერმანული ბლიცკრიგი.

რეალურად სახეზეა ტრადიციული მეთოდების ისეთი საშუალებების განვითარება, რომელსაც გამოყენების არცთუ მოკლე ისტორია აქვს. შემარყეველი ეფექტის განცდა არის კი მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა შეძლო მეთოდების და კონცეფციების დახვეწა და კონსოლიდირება. სამწუხარო ის არის, რომ მან ომის წარმოების ამ ფორმებით უკვე შეძლო წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციების ჩატარება. ამ შეხედულების ნათელი დასტურია საქართველო, 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსეთი უკვე იმყოფებოდა ჰიბრიდულ ომში საქართველოსთან, აგვისტოს ხუთი დღის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა ჰიბრიდული ომის არაძალადობრივი და ირიბი მეთოდებით მოქმედება და მიაღწია კიდეც მნიშველოვან სამხედრო-პოლიტიკურ მიზანს. არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ომის ახალ ფორმებში არაფერია თავისთავად ახალი და რევოლუციური მასშტაბის, ამყარებს ის მოცემულობაც, რომ რუსეთი ამ მეთოდებს უპირველესყოვლისა საკუთარი ექსკლუზიური გავლენის, უახლოესი სამეზობლოს მიმართ იყენებს, ის ვერასდროს დაისახავს იგივე საშუალებებით იგივე სამხედრო-პოლიტიკური მიზნის მიღწევას გლობალურ დონეზე.

შეჯამებისთვის, რუსეთის სამხედრო ხედვის მიხედვით, ომის წარმოების თანამედროვე ახალი ფორმები ერთიანად რომ ჩამოვაყალიბოთ ის მიიღებს შემდეგი მეთოდების სახეს:

  1. მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალის გამოყენება, როგორც გარედან შექმნილი ასევე ბუნებრივად წარმოშობილი;
  2. პოლიტიკური ჯგუფების და საზოგადოებრივი მოძრაობების გარედან დაფინანსება და მართვა – დაფინანსება როგორც უშუალოდ რუსული წყაროებით, ასევე რუსული ინტერესების გამტარებელი მესამე ფინანსური წყაროდან;
  3. ინფორმაციულ-პოლიტიკური წნეხი მოწინააღმდეგეზე, როგორც ქვეყნის შიგნით გავლენის აგენტების და პროპაგანდის მეშვეობით, ასევე გლობალურ ინფორმაციული სივრცის გამოყენებით;
  4. პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები, ან ამ სანქციებით მუქარა
  5. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა;
  6. არაძალისმიერი აქტივობებისთვის სპეციალური ძალების, სპეცსამსახურების მიერ დახმარების შენიღბული გაწევა,
  7. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში არაფორმალური შეიარაღებული ძალების ჩართვა;
  8. დაპირისპირებულ მხარეთა ტერიტორიაზე მუდმივი საომარი ზონის უზრუნველყოფა, ისევე როგორც არასაომარ პერიოდში დაძაბულობის სხვა კერების მუდმივი უზრუნველყოფა;
  9. ირიბი და ასიმეტრიული მოქმედებებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, როგორც სამხედრო კონფლიქტების, ასევე არაძალადობრივი დაპირისპირების დროს.

დასკვნა

რა თქმა უნდა, მე არ მიცდია დოქტრინის სრული კომენტარების გაკეთება და რა თქმა უნდა არც ზოგადად რუსული პოლიტიკის ანალიზის მცდელობა მქონია. მე მხოლოდ სამხედრო დოქტრინის ის ცალკეული კომპონენტები განვიხილე და შევეცადე გამეანალიზებინა, რომლებიც ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა იკითხებოდეს ქართულად.

სამხედრო დოქტრინა არის სახელმწიდო პოლიტიკის სისტემური ნაწილი, რომელიც როგორც წესი იძლევა ორ ძირითად კითხვაზე პასუხს – პოლიტიკური მიზნის მისაღწევად რა საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული და როგორი სახით უნდა მოხდეს მათი გამოყენება. ამიტომაც რუსეთის სამხედრო დოქტრინა შეიცავს საკმაოდ მკაფიო ღია პოლიტიკურ გზავნილებს, რომლებიც საკუთარი სამხედრო ხასიათის გამო ყველაზე კომფორტულად ფორმულირდება სწორედ სამხედრო დოქტრინაში, განსხვავებით სხვა ნებისმიერი პოლიტიკურ-სტრატეგიული დოკუმენტისაგან. სამხედრო დოქტრინა და განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო დოქტრინა როგორც წესი არასდროს არის მხოლოდ სამხედრო, წმინდად ტექნიკურ საკითხებზე კონცენტრირებული. მაგრამ რუსეთი სამხედრო დოქტრინა არც შინაარსობრივად, არც სტრუქტურულად არ გავს არცერთ დასავლურ სამხედრო დოქტრინას, მასში უფრო მეტია პოლიტიკური შემადგენელი ვიდრე უშუალოდ სამხედრო. ამიტომაც რუსული დოქტრინიდან გასაგებად იკითხება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები. მაგალითისათვის, როცა ქართულ რეალობაში ხშირად ისმის „აფხაზებთან და ოსებთან შერიგების“ რაღაც მითიური გზების არსებობის თაობაზე, დოქტრინა გასაგებად გვეუბნება რომ ეს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, უფრო მეტიც, ასეთ მოვლენას საომარ აქტს უტოლებს.

hqdefault

მაშინ როცა რუსეთის დიპლომატიური უწყება პერიოდულად  სხვადასხვა საკითხებზე მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს, სამხედრო დოქტრინა აცხადებს კონფლიქტის ზონებში მუდმივი საომარი კერების შექმნის პრაგმატულ საჭიროებას, ისევე როგორც „არაფორმალური“ ძალების საშუალებით მოქმედებას თვლის ეფექტურ ინსტრუმენტად  პოლიტიკური მიზნებისთვის.

ცხადია, რომ ასეთ დოკუმენტს გააჩნია დაშინების ფუნქციაც, ის ფაქტი რომ სამხედრო დოქტრინა მეზობელ სახელმწიფოში მისი ინტერესებისთვის მიუღებელი ხელისუფლების არსებობას საომარ საფრთხედ აცხადებს, არის მასების ფარულად დაშინების მექანიზმი. ღია საჯარო განცხადებებით ასეთი დაშინება როგორც წესი ვერ მიიღწევა, პირიქით მას პრაქტიკაში სრულად საწინააღმდეგო ეფექტი მოაქვს ხალხების, ერების გაბრაზების სახით. მაგრამ დოქტრინის ფარული მასობრივი დაშინების მექანიზმი რომ ეფექტურად მუშაობს ფაქტია, თუნდაც საქართველოს მაგალითზე. ქვეყანაში სადაც ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არასდროს წაუკითხავს რუსეთის სამხედრო დოქტრინა, რა თქმა უნდა თემით დაინტერესებული ვიწრო ჯგუფის გარდა, მისი გზავნილები მაინც მასობრივად აღწევს ადრესატამდე, ახერხებს მასების დაშინებას და რაც უფრო პარადოქსულია იგივე ეფექტს აღწევს პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამიტომ მუდმივად შფოთავს ქართველი ხალხი რუსეთის ფაქტორთან დაკავშრებით.  ამ თვალსაზრისით რუსული სამხედრო დოქტრინა როგორც დოკუმენტი თვითონ წარმოადგენს იმ ჰიბრიდული ომის შემადგენელ კომპონენტს, რომელიც მასშივეა აღწერილი. ჰიბრიდული ომის მეთოდების ერთობლიობა ქმნის კიდევ ერთ პარადოქსულ მოცემულობასაც, როცა საზოგადოება შიეძლება ცხოვრობდეს ჰიბრიდული ომის ეპიცენტრში, მოსალოდნელი სხვა ჰიპოთეტური ომის შიშის ქვეშ, ისე რომ მომდინარეს ვერც კი ამჩნევდეს.

და ბოლოს, რუსეთის სამხედრო დოქტრინასთან დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი გამოკვეთილი გარემოება, დოქტრინა აშკარად ორიენტირებულია ღია სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილებაზე და ამ შეხედულებას მხოლოდ ამყარებს ის აგრესიულობა, რომელსაც დოქტრინა ასხივებს. თუმცა ომის თავიდან აცილება რუსული სამხედრო ხედვის თანახმად მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მხოლოდ ძლიერი სამხედრო ოპონენტის შემთხვევაში. ეს სიძლიერე არ არის დამოკიდებული ოპონენტის არც გეოგრაფიულ სიდიდეზე, არც მოსახლეობის ოდენობაზე, ეს სიძლიერე ნიშნავს მდგრად სახელმწიფოებრიობას, ძლიერ, ეფექტურ ინსტიტუტებს და არმიას. ეჭვგარეშეა, რომ თუ რუსეთის უშუალო მეზობელი იქნებოდა ისრაელი, იქ არ ექნებოდა არც ერთ ისეთ კონფლიქტს ადგილი, როგორც საქართველოს და უკრაინის შემთხვევაშია. პრინციპში არსებობს მოქმედი მაგალითი ფინეთის სახით, რომელმაც თავის დროზე, XX საუკუნეში სწორედ მდგრადობით დააღწია თავი რუსეთის საფრთხეს, რომლისთვისაც რუსეთთან ომი უკვე მხოლოდ ისტორიაა, დღევანდელი სამხედრო დოქტრინა კი ფინურ პოლიტიკურ-სამხედრო წრეებში ვერანაირ სერიოზულ შიშს ვერც გამოიწვევს.

ამიტომაც ღია მუქარაზე, ღია ტექსტით ნათქვამზე, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებაც კი რუსეთისთვის საომარი საფრთხეა, შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ ორი პასუხი: ერთი – შიში, სიღარიბე და მონობა; მეორე – მდგრადობა, გამდიდრება და გაძლიერება. როცა რუსული სამხედრო დოქტრინა ყოველგვარი სამხედრო და პოლიტიკური კონტექსტის მიღმა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებასაც კი პტაქტიკულად Cassus Bell-ად აცხადებს, შიში ყველაზე დიდი სისულელეა და გზა უიმედო სიღარიბისკენ.

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s