დაზვერვა – სახელმწიფოს ღირსების საქმე

“და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ”

ეს ბიბლიური პასაჟი იოანეს სახარებიდან ამშვენებს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურის შესასვლელს და რა თქმა უნდა სრულიად ლოგიკურად. ერთის მხრივ, სადაზვერვო საქმიანობა ადამიანთა ორგანიზებული გაერთიანების უძველესი საქმიანობაა, მეორეს მხრივ, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მექანიზმი პოლიტიკური, სტრატეგიული, უსაფრთხოებითი და ეროვნული ამოცანების მისაღწევად.

ერთ-ერთ უძველეს ისტორიას დაზვერვასთან დაკავშირებით სწორედ რომ ბიბლიაში ვაწყდებით. ეს ძალიან საინტერესო მონაკვეთი წინ უსწრებს მოსეს და ისრაელელთა 40-წლიან მოგზაურობას უდაბნოში და პრინციპშიც წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების არამარტო წინმსწრებს, არამედ მის მაფორმირებელ ელემენტს, ისე გამოდის რომ უფლის მიერ გაცემული დავალება პირდაპირ სადაზვერვო საქმიანობად გვესახება.

“ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანანის ქვეყანა…

(რიცხვნი თ.13 (2))

მას შემდეგ კი, რაც მოსე მიიღებს დავალებას უფლისგან, ის უკვე უფრო დეტალურად უხსნის დასაზვერად გასაგზავნ საკუთარ ხალხს სადაზვერვო ამოცანას.

“გააგზავნა ისინი მოსემ ქანანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: … მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი. როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ, ბანაკებია თუ ციხესიმაგრეები. როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფი”.  რიცხვნი (თავი 13).

ამ ციტატებიდან ჩანს სრულყოფილი სადაზვერვო ამოცანის შინაარსი და გარდა უბრალო დაზვერვისა, დავალებაში არის ფრაზა “იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფი”, როგორც ჩანს აქ უკვე სადაზვერვო საქმიანობის ფარული კომპონენტი იკვეთება. სხვა მხრივ, სადაზვერვო ამოცანა სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებაზეა ორიენტირებული, როგორც ხალხის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სისტემისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესწავლის გზით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაზვერვას იყენებდნენ ძველ ეგვიპტეში. XII დინასტიის დროს, როგორც ჩანს არსებობდა სისტემატიზირებული სადაზვერვო დანაყოფები, რომლებიც ტერიტორიების მუდმივი მონიტორინგის გზით ზვერავდნენ ეგვიპტის საზღვრის მომიჯნავე ტერიტორიებს, ნუბიელების მოულოდნელი შემოჭრის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს ეკუთვნის 4000 წლის პაპირუსის დოკუმენტი, სადაც აღწერილია დაზვერვის შედეგები შემდეგი სიტყებით “ჩვენ წავაწყდით 32 ადამიანის ნაკვალევს და 3 მაიმუნისას”.

 

Alexander_the_Great_mosaic
ალექსანდრე მაკედონელის მოზაიკა –  ძვ.წთ 100 წ.

ყველასთვის კარგად ცნობილი შეხვედრა ალექსანდრე მაკედონელსა და უცხოელ ელჩებს შორის, რომელთა ქვეყნებს მოგვიანებით დაიპყრობს, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრეს გამეფებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა ადგილი, წარმოადგენს ნამდვილ დაზვერვით საქმიანობას მაკედონელის მხრიდან. იგი ინტერესდებოდა მოსახლეობის ოდენობით, მიწის ნაყოფიერებით, გზებისა და მდინარეების მიმართულებებით, ქალაქების მდგომარეობით, პორტებისა და ციხესიმაგრეების განლაგებით და არც მეტი, არც ნაკლები პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პერსონების იდენტობით.

ასეთივე სტრატეგიული დაზვერვა ედო საფუძვლად იულიუს კეისრის მიერ გალების დაპყრობას. მან საკუთარ კამპანიაში ძირითად ორიენტირებად გამოიყენა გალების ეთნიკური მახასიათებლები, მათი ეკონომიკური და სოციალური უნარები, პრაქტიკულად კეისარი “გალების ექსპერტი” იყო, გარდა სტრატეგიული დაზვერვისა, ის ასევე აწარმოებდა სამხედრო ტაქტიკურ დაზვერვასაც. ისევე როგორც ალექსანდრე მუდმივად იყენებდა სპეციალურად გამოყოფილ მცირე დანაყოფებს, რომლებსაც გადაადგილების დროს წინ აგზავნიდა ვითარების წინასწარ შესასწავლად.

სხვათა შორის, ამ სახის სამხედრო სადაზვერვო და არა საოკუპაციო ძალებს წარმოადგენდა ჯებეს და სუბუდაის მეთაურობით  1220-21 წლებში საქართველოში შემოჭრილი მონღოლური ლაშქარი, რომლებმაც ჩინგის-ყაენისგან სწორედ იმის ნებართვა აიღეს, რომ ხვარამზის სულთნის დევნის დასრულების შემდეგ კასპიის ზღვის ტერიტორია დაეზვერათ. შედეგად მონღოლთა სადაზვერვო რაზმებმა ქართული ლაშქარი რამდენჯერმე დაამარცხეს და როგორც ისტორიოგრაფიაში ითვლება, მონღოლთა ურდომ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აზიას გაცდენილი პირველი ევროპული ქვეყანა გააცნო საქართველოს სახით.

თუმცა, რომ არ ავცდეთ თემას, ჯობია დავუბრუნდეთ დაზერვის უფრო ადრეული მექანიზმების აღწერას. ისევ რომზე რომ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, რომაული სამხედრო სადაზვერვო სისტემა საკმაოდ ორგანიზებული იყო. კეისრის პერიოდისთვის სადაზვერვო დანაყოფების და ფუნქციების ნაირსახეობა არსებობდა: procursatores –  ეს იყო სამხედრო დანაყოფი, რომელიც აწარმოებდა დაზვერვას უშუალოდ არმიის მარშრუტზე; exproratores – შორ მანძილებზე გამოსაყენებელი მზვერავები; speculatores –  დაკავებულნი იყვნენ უშუალოდ მტრის ტერიტორიაზე ჯაშუშობით, იგზავნებოდნენ ღრმად მტრის ტერიტორიაზე.

განსაკუთრებულ საინფორმაციო წყაროებს ხედავდნენ რომაელები მოწინააღმდეგეთა მოღალატეებში. საინტერესოდ აღწერს ძველ რომაულ სისტემაზე დაშენებულ ბიზანტიურ დაზვერვის სისტემას პროკოპი კესარიელი:

“და ჯაშუშთა საქმე არის შემდეგი; უძველესი დროიდან ბევრი ადამიანი ემსახურებოდა სახელმწიფოს, ადამიანები რომლებიც მოდიოდნენ მტრის ქვეყანაში, შედიოდნენ სპარსთა სასახლეებში როგორც ვაჭრები ან როგორც სხვა მოხელენი, შემდეგ იძიებდნენ ყველაფერს იქაურს, მოგვიანებით ბრუნდებოდნენ რომაელთა მიწაზე, სადაც მტრის საიდუმლოებებს ახსენებდნენ უკვე მაგისტრატს, ამ ინფორმაციებით აღჭურვის შემდეგ ყველა იყო დაცული და არანაირი მოულოდნელობა არავის შეემთხვეოდა”.

ამ სადაზვერვო სისტემის მოშლას პროკოპი კესარიელი აბრალებს იუსტინიანეს ხელმომჭირნეობას, შედეგად სხვა უამრავ უბედურებასთან ერთად ლაზიკას დაკარგვასაც ასახელებს, ეს კი მისი აზრით მოხდა იმიტომ, რომ  “რომაელებმა ვერაფრით შეძლეს დედამიწის ზურგზე სპარსეთის მეფის და მისი არმიის აღმოჩენა”.

სუნ ძიც კი თავის ტრაქტატში “ომის ხელოვნება” მთელ თავს უთმობს დაზვერვას და ჯაშუშთა სარგებლიანობას. მისი თქმით “მტრის ნამდვილი მდგომარეობის შესახებ სანდო ცნობებს სულები და აჩრდილები ვერ მოგვაწვდიან, მათ ბუნებრივ მოვლენებში ვერ ამოიკითხავ, ზეცის ნებაში ვერ ამოიცნობ. მათი მოპოვება მხოლოდ სხვა ადამიანებისგან შეგიძლია”.

SONY DSC
სუნ-ძის ქანდაკება იაპონიაში

სუნ-ძი ჯაშუშთა კლასიფიკაციასაც ახდენს 5 კატეგორიად, მათგან ერთ-ერთზე, ორმაგ ჯაშუშებზე განსაკუთრებულ რეკომენდაციას იძლევა: – “ცნობების მისაღებად აუცილებლად დაგჭირდება ორმაგი ჯაშუში, ამიტომ ორმაგი ჯაშუშის მიმართ განსაკუთრებით ხელგაშლილი უნდა იყო”.

ეს პატარა ისტორიული ექსკურსი უბრალოდ სადაზვერვო საქმიანობის ღრმა ისტორიულ ფესვებზე მეტყველებს, რომელიც მოიპოვება რელიგიურ ტექსტებში, ფილოსოფიურ ტრაქტატებში, ისტორიულ წყაროებში და უბრალოდ ცივილიზაციის ისტორიაში. არის თუ არა ამ უძველესი ეპოქიდან დღემდე შეცვლილი და თუ არის, რა?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღწერილი ეპოქიდან დღემდე დაზვერვის დანიშნულება, საჭიროება და მნიშვნელობა მხოლოდ გაიზარდა, კონცეპტუალურად ცვლილება განიცადა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების საშუალებებმა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძირითად ადამიანურ რესურსს დაემატა ბევრი ტექნიკური ინსტრუმენტი, მაგრამ უცვლელი დარჩა მზვერავის დანიშნულება, მისი მომხმარებელი და დაზვერვის წარმმართველი ადამიანის სახით.

ენციკლოპედია ბრიტანიკას ფაქტორი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ერთ დროს საკუთარ თანამშრომლებს ურჩევდა თავი აერიდებინათ ენციკლოპედია ბრიტანიკის გავლენისაგან. ის სავსებით სამართლიანად თვლიდა, რომ მის თანამშრომლებს თავი არ უნდა შეეწუხებინათ ისეთ ინფორმაციაზე მუშაობით, რომლებიც ისედაც თავისუფლად მოიძიებოდა პრესაში თუ აკადემიურ მონოგრაფიებში. მთავარი ამოცანა იყო ისეთი ინფორმაციის მოძიებაზე ფოკუსირება, რომელიც ჩვეულებრივ არ იყო ხელმისაწვდომი და ითვლებოდა “საიდუმლოდ”.

CIA Headquarters
CIA-ს შტაბ-ბინა

სწორედ იმ ინფორმაციის უნიკალურობის და ღირებულების გამო, რომელიც შეიძლება სადაზვერვო საქმიანობით მოპოვებული იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, სადაზვერვო საქმიანობა  სახელმწიფოს იმ სახის საქმიანობებს შორის არის “გამოკვეხებული”, რასაც დიპლომატია და ომი ქვია. ამასთანავე, ძლიერი სადაზვერვო სამსახურის გარეშე დიპლომატია შეიძლება ძალიან სუსტი აღმოჩნდეს, ხოლო ომი, დაზვერვის დახმარების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ფლობს ეფექტურ სადაზვერვო სამსახურს ძალიან გავს გაუნათლებელ, თანაც ბრმა ადამიანს დახმარების გარეშე. გაუნათლებელს იმიტომ, რომ მინიმუმ საკვალიფიკაციო ცოდნას არ ფლობს, ბრმას კი იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ხედავს იმას თუ რა ხდება რეალურ რეჟიმში მის გარშემო და მის თავს.

თავის დროზე “ენციკლოპედია ბრიტანიკის ეფექტი” დღეს ალბათ სრულად აქვს ჩანაცვლებული ინტერნეტის ეფექტს და ილუზიას, რომ “ყველაფერი ისედაც ცნობილია”, თუმცა სინამდვილეში ასეთი გავლენების ქვეშ შეიძლება აღმოჩდნენ მხოლოდ სუსტი, შეუმდგარი სახელმწიფოები, რომლებსაც გამართული სადაზვერვო სისტემა არ გააჩნიათ და პრინციპში ზემოთ ნახსენები აღქმა შეიძლება ძალიან მისაღები და კომფორტული იყოს ასეთი სახელმწიფოსთვის, სწორედ რომ საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად. მეორეს მხრივ კი, ტრადიციული ძლიერი სადაზვერვო სამსახურები უკვე სრულებით თავისუფალნი არიან ასეთი პრიმიტიული მოსაზრებებისაგან, ამ ინსტიტუტებში მათთან დაკავშირებული მიმდინარე დებატები აბსოლუტურად სულ სხვა საკითხებს ეხება, მათ შორის ისეთებს როგორიცაა – დახარჯული თანხების ღირებულების ადეკვატურობა, სადაზვერვო სამსახურების მხრიდან კანონის და მორალის მიჯნაზე მოქმედების ნიუანსები ან ისეთი დისკუსიები, რომელთა ამოცანაა დაინახონ ცალკეული სამსახურების მოძრაობა მოქმედების პრინციპიდან – “დააკვირდი და დაელოდე”, პრინციპისკენ – “შეიპყარი და გაანადგურე” და პირიქით.

ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას სადაზვერვო საქმიანობა XXI საუკუნეში ბევრად უფრო დიდ საჭიროებას წარმოადგენს ვიდრე ოდესმე, თუნდაც იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ყველა ტრადიციული სადაზვერვო სამსახური შეუდარებლად დიდი შესაძლებლობებით არის აღჭურვილი. მათ შორის რათქმა უნდა რუსული სამსახურები; და თუ სახელმწიფოს მინიმუმ მაინც გააჩნია სხვა სახელმწიფოსთან ინტერესთა მიმდინარე კონფლიქტი, რომ არაფერი ვთქვათ საომარ ვითარებაზე და ოკუპაციაზე, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა, რომ გამოწვევებთან გამკლავებისას ეფექტურად გამოიყენოს სადაზვერვო საქმიანობა.

Intelligence

ქართულად გამოყენებული ტერმინი დაზვერვა, ერთგვარად თითქოს განსაზღვრავს კიდეც სადაზვერვო საქმიანობის არსს, რაც სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ნიშნავს რაიმეს წინასწარ დანახვას, დათვალიერებას ან თუნდაც განჭვრეტას. სინამდვილეში სადაზვერვო საქმიანობაში უშუალოდ დაზვერვა არის მხოლოდ ერთი კომპონენტი.

დაზვერვა მინიმუმ 4 ძირითადი ელემენტისგან შედგება:

1) ინფორმაციის მოპოვება;

2) ინფორმაციის ანალიზი;

3) საიდუმლო საქმიანობა (ხშირად მოიხსენიება “შენიღბულ ქმედებად” ანდა “სპეციალურ პოლიტიკურ მოქმედებად”);

4) კონტრდაზვერვა.

მხოლოდ ოთხივე მიმართულებით დახელოვნებული სამსახური შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ სადაზვერვო სისტემად.

დაზვერვის ფუნქციებთან დაკავშირებით ხშირად არის ორი ერთდროული მოსაზრება: 1) არის თუ არა საერთოდ რეალური იმ ამოცანების შესრულება, რომელიც დაზვერვას შეიძლება დავუსახოთ? და 2) რომ ასეთი ფუნქციების შესრულება მხოლოდ ძალიან მდიდარ სახელმწიფოებს ხელეწიფებათ.

რეალობა კი მდგომარეობს იმაში, რომ დაზვერვა ძირითად ადამიანურ ფაქტორებზე დაშენებული ინსტიტუტია, სადაც არანორმალურად ფასობს ინტელექტი, ინოვაციურობა, იმპროვიზაციის უნარი, რისკი, გამბედაობა, პატრიოტიზმი და ენთუზიაზმი, ხოლო მატერიალური ბაზა წადმოადგენს მხოლოდ ამ თვისებების პროფესიონალურ ჩარჩოში მოქცევის შემდომ დანამატს. არცერთი ტექნიკური მატერიალური საშუალება არ იძლევა არანაირ ეფექტს ზემოაღწერილი ადამიანური უნარების გარეშე, პირიქით კი ყოველთვის შეიძლება დაიბადოს ზრდაზე ორიენტირებული სადაზვერვო ინსტიტუცია.

mosad gerb

 

ამის ნათელი მაგალითია ისრაელის “მოსადი”, რომელმაც მუშაობა სრულიად ცარიელი ხელებით დაიწყო, მხოლოდ ადამიანურ რესურსებზე დაყრდნობით, პრაქტიკული ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე და იქცა ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ინსტიტუტად და მსოფლიო მნიშვნელობის სადაზვერვო სამსახურად.

დაზვერვასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი დიდი “გაურკვევლობა”. გამომდინარე იქიდან, რომ უცხო ქვეყნის სადაზვერვო საქმიანობის აღმოჩენა საკუთარ ქვეყანაში ყველგან ითვლება მკაცრ კანონდარღვევად, იწვევს თუ არა მისი აღმოჩენა ყოველთვის სამართლებრივ რეაგირებას. პასუხი არის ცალსახად – არა. სადაზვერვო საქმიანობის ღირებულებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში არასდროს ხდება მისი გათანაბრება “ჩვეულებრივ კრიმინალთან”. როგორადაც არ უნდა ჟღერდეს, უცხო ქვეყის აგენტურის უკანონო ქმედება შეიძლება იქცეს არა სამართლებრივი რეაგირების საკითხად, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით სამანიპულაციო მექანიზმად. ამის ყველაზე ნათელ მაგალითად ითვლება II მსოფლიო ომის დროს ბრიტანელების მიერ აღმოჩენილი გერმანული ქსელი, რომელიც კი არ იქნა გაუვნებელყოფილი სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ გამოყენებული იქნა ერთგვარ სატყუარად მუდმივი ინფორმაციის მოწოდების და მუშაობის საშუალების მიცემით. შედეგად  დადგა ის, რომ გერმანელები ძირითად სადესანტო გადმოსხმას 1944 წელს ელოდებოდნენ არა ნორმანდიაში როგორც სინამდვილეში მოხდა, არამედ პა-დე-კალეს რეგიონში, სადაც მომზადებული თავდაცვის რეჟიმი ბევრად აღემატებოდა ნორმანდიისას.

1200px-NormandySupply_edit

ოპერაცია “overloard” – მოკავშირეების გადმოსხმა ნორმანდიაში, 6 ივნისი, 1944 წ.

ფარული საქმიანობა – გავლენის აგენტი

ფარული საქმიანობა ან როგორც ხშირად უწოდებენ “შენიღბული ქმედება” არის დაზვერვის ზემოთ აღწერილი ელემენტებიდან ერთ-ერთი, რომელიც ძირითადად გულისხმობს ფარული საშუალებებით უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას საკუთარი ინტერესების კარნახით.

vintage-italian-posters-italy
ანტისაბჭოთა კამპანია იტალიაში – 1948 წ.

ასეთი ფარული ქმედების მიზანი შეიძლება იყოს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორიც იყო მაგალითად 1948 წლის იტალიურ არჩევნებში ანტიკომუნისტური პარტიებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან (CIA). ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვება მაშინ მნიშვნელოვანწილად სწორედ ამერიკული ფარული მხარდაჭერის დამსახურება აღმოჩნდა.

ასეთივე ფარულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) 1981 წელს პოლონური “სოლიდარობის” მიმართ, რომლის აქტივობები პოლონეთის კომუნისტური რეჟიმის რეპრესიების ფონზე შენარჩუნებადი აღმოჩნდა სწორედ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოs (CIA) მატერიალური და ტექნიკური დახმარებით.

დაზვერვის ფარული საქმიანობის ფოკუსში არც თუ იშვიათად შეიძლება ექცეოდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ამოცანა მედია საშუალებების გამოყენებით, როგორიც იყო თავის დროზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ ფარული ფინტებით დაფინანსებული და ადმინისტრირებული „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“.

face of communism
კომუნიზმის სახე – ანტისაბჭოთა კამპანია იტალიაში, 1948წ.

ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფისთვის უფრო ნაკლებად ცნობილი, მაგრამ შედარებით პოლიტიკური ფოკუსის მქონე ფრანგული პოლიტიკური ჟურნალი “Synthese”, რომლის სულის ჩამდგმელი ამჯერად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) იყო. ეს იყო ფრანგულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პიერ-შარლ პეტის მიერ 1976 წელს შექმნილი გამოცემა, რომელმაც პეტის პირადი კონტაქტების წყალობით ისეთ მაშტაბს მიაღწია პოლიტიკურ წრეებში, რომ საფრანგეთის პარლამენტის წევრთა 70% აღმოჩნდა ამ გამოცემის აქტიური მომხმარებელი. პოლიტიკურ ჟურნალ “Synthese” კი ძირითადად ორიენტირებული იყო საფრანგეთის პოლიტიკური ინტერესების ისეთ ჭრილში წარმოჩენით, რომ მკითხველს ადვილად ექმნებოდა შთაბეჭდილება საფრანგეთი-საბჭოთა კავშირის ურთიერთობების მოჩვენებით სარგებლიანობაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, საფრანგეთი-NATO-ს ურთიერთობების ხარჯზე.

სადაზვერვო სამსახურების ფარული ქმედებების ისტორიაში არის ისეთი მილიტარისტული ჩარევებიც პოლიტიკაში, როგორიც იყოს თავის დროზე ოპერაციები ირანში პრემიერ-მინისტრის მოჰამედ მოსადეკის, დომენიკის რესპუბლიკაში – რაფაელ ტრუხილიოს, კონგოში – პატრის ლუმუმბას, ჩილეში – სალვადორ ალიენდეს წინააღმდეგ, ნიკარაგუაში – „Contras“-ს და ავღანეთში მოჯაჰიდების მხარდაჭერა.

Salvador-Allende-9-frases-que-marcaron-la-historia-de-Chile-4
სალვადორ ალიენდე ფიდელ კასტროსთან ერთად

არანაკლებ მნიშვნელობის მატარებელია ფარული საქმიანობის ის მიმართულება, რომელიც ხშირად ასევე იწოდება “სპეციალურ პოლიტიკურ საქმიანობად” და გულისხმობს უცხო, მოწინააღმდეგე სახელმწიფოში “გავლენის აგენტების” ყოლას. “გავლენის აგენტებში” შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც არაოფიციოზი, მაგალითისთვის ზემოთ მოყვანილი პიერ-შარლ პეტი, რომელსაც საბჭოთა ინტერესების ლობირებისთვის საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში სრულებით ჰყოფნიდა კერძო ურთიერთობები, ისევე როგორც სრულებით არაოფიციალურ ურთიერთობებზე იყო აგებული მოსადის მიერ სირიის პოლიტიკურ ისთებლიშმენტში; ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შეგზავნილი ელი კოენის საქმიანობა, რომელიც გამოგონილი სახელით, გამოგონილი საქმიანობით სრულიად შეთხზული ისტორიით გახდა სირიის პრეზიდენტის და მთავარი პოლიტიკური ფიგურების უახლოესი წრის წარმომადგენელი და სირიელების მიერ გამოაშკარავებამდე ფასდაუდებელ სამხედრო-პოლიტიკურ ინფორმაციას აწვდიდა სირიელი პირველწყაროებიდან ისრაელს, არ არსებული ადამიანის იდენტობით კოენმა იმდენს მიაღწია, რომ სირიის მმართველი პარტიის ერთ-ერთ საყრდენ ბიზნესმენად იქცა და რომ არა შემთხვევითი გამოაშკარავება, უახლოეს პერიოდში სირიის მთავრობის წევრის პოზიციასაც დაიკავებდა, რადგან მინისტრობის შეთავაზება უკვე მიღებული ჰქონდა.

ფარული ოპერაციებით, ოფიციალურ სამთავრობო წრეებში გავლენის მოპოვების ძალიან საინტერესო მაგალითია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის თანამშრომელი ჰერი დექსთერ უათი, რომელიც აქტიურად ლობირებდა საკუთარი პატრონის, საბჭოთა კავშირის ინტერესებს ამერიკის მთავრობაში, უკვე იალტის კონფერენციის მომზადების პროცესში, უაითმა, როგორც ფინანსთა მდივნის მოადგილემ მოამზადა გერმანიის დეინდუსტრიალიზაციის გეგმა, რომელიც სრულად ასახავდა საბჭოთა ინტერესს და ამასთანავე მოამზადა საბჭოთა კავშირისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტის გამოყოფის წინადადება, “საბჭოთა კავშირთან დაახლოებისა და ნდობის გაჩენის მიზნით”, უაითის სახით ასეთი გავლენის აგენტის ყოლით, საბჭოთა კავშირმა თითქმის მოახერხა რუზველტის დარწმუნება საბჭოთა ინტერესების გატარებაში.

Harry dexter white
ჰარი დექსტერ უაითი (მარცხნივ) და ვილიამ ვარდ პიგმანი აწვდიდნენ ინფორმაციას საბჭოთა რეზიდენტებს აშშ-ში

 

საბჭოთა “გავლენის აგენტების” სიაში ერთ-ერთი ეფექტური იყო ნორვეგიელი არნი თრიჰოლთი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა სახის საბჭოთა ინტერესების ლობირებაში. თავის დროზე თრიჰოლთი ნორვეგიის მხრიდან მონაწილეობდა საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებებში ბარენცის ზღვასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები დასრულდა საბჭოთა ინტერესების სრული დაკმაყოფილებით. ასევე ის იყო სკანდინავიის ატომური შეიარაღებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რაც პირდაპირპროპორციული იყო საბჭოთა ინტერესის რეგიონში NATO-ს შესუსტების თვალსაზრისით. როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა პრესსამსახურის უფროსი, რომელსაც საკმაოდ გავლენიანი კავშირები გააჩნდა ნორვეგიულ პრესაში, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მედიაში ანტიამერიკული და NATO-ს საწინააღმდეგო ნარატივის პოპულარიზაციისთვის.

anre treholt
არნი თრიჰოლთი

რადგან ამ ისტორიებისას რამდენჯერმე ნახსენები იქნა საბჭოთა კავშირი, აუცილებლად ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც, საბჭოთა კავშირის ნგრევას არ გამოუწვევია საბჭოთა სადაზვერვო სისტემის ფუნქციონირების მოშლა. რუსეთის ფედერაციამ დიდწილად გადაიბარა წინამორბედი პოლიტიკური სისტემის სადაზვერვო საქმიანობა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტის რობერტ ჰანსენის შემთხვევა, რომელმაც საბჭოთა კავშირის „КГБ“-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწყო, ამერიკელების მიერ მისი დაკავება, როგორც რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის აგენტის, უკვე 2001 წელს მოხდა. ჰანსენის მაგალითი ხშირად მოჰყავთ როგორც შემთხვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, კონკრეტულად კი კომუნიზმის გულშემტკივრობასთან, ამერიკული თვალსაზრისით ეს სწორი შენიშვნაა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი – ეს საბჭოთა „КГБ“-ს მუშაობის უწყვეტობაა. ჰანსენმა სულ 16 წელი გაატარა „КГБ“-სთან თანამშრომლობაში, აქედან მხოლოდ 6 წელი საბჭოთა კავშირთან და თითქმის ორჯერ მეტი – 10 წელი უკვე რუსეთის ფედერაციასთან. რა თქმა უნდა, ეს სრულებით არ არის ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა.

როგორც წესი დრო, ხანგრძლივობა ეს არის სადაზვერვო საქმიანობისთვის აუცილებელი გარემოება. საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაზვერვო ოპერაციები წლების განმავლობაში გრძელდება. ასე იყო მოსადის საქვეყნოდ ცნობილი ოპერაცია “ღვთის რისხვა”, რომელიც მიუნხენის ტერაქტის ორგანიზატორების ფიზიკურ ლიკვიდაციას გულისხმობდა. ოპერაცია დაიწყო 1972 წლიდან პრემიერ-მინისტრის გოლდა მეიერის სანქციებით და მისივე ბრძანებით შეჩერდა ისე, რომ ბოლომდე არ იყო მიყვანილი. საქმე კი იმაში იყო, რომ ტერორისტთა ლიკვიდაციის პროცესში მოსადმა ტრაგიკული შეცდომა დაუშვა. “შავი სექტემბრის” წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ლიკვიდირებული იყო, როცა მოსადი საბოლოო ოპერაციას ნორვეგიაში ატარებდა. ამ ოპერაციის მიზანი იყო “შავი სექტემბრის” ლიდერის ალი ჰასან სალამეჰის ლიკვიდაცია. სალამეჰი იყო მიუნჰენის ტერაქტის სულის ჩამდგმელი. დრამატული შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მოსადის აგენტებმა სალამეჰის ნაცვლად შეცდომით სრულებით სხვა უდანაშაულო ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინეს, ისე რომ დარწმუნებულნი იყვნენ რომ ანადგურებდნენ N 1 ტერორისტს. შედეგი იყო – პოლიტიკური სკანდალი ევროპის მაშტაბით და ნორვეგიელების მიერ მოსადის აგენტების დაპატიმრება. ამ რთულ პოლიტიკურ-სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც შევიდა მოსადის ოპერაცია, სულ მალე იომ-ქიფურის ომის დაწყება დაემთხვა, შედეგად პრემიერმა გოლდა მეიერმა დახურა ოპერაცია “ღვთის რისხვა”, ისე რომ მთავარი სამიზნე, მიუნხენის ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი დარჩა თავისუფლებაზე და დაუსჯელი.

მხოლოდ წლების შემდეგ, უკვე პრემიერ-მინისტრ მენახემ ბეგინის დროს 1979 წელს მიეცა მოსადს წლების წინ დაწყებული ოპერაციის დასრულების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის სალამეჰი უკვე აღარ იკავებდა “შავი სექტემბრის” ლიდერის პოსტს, მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით უფრო საჯარო ცხოვრებით ცხოვრობდა, იასირ არაფატთან ერთად გაეროსაც კი სტუმრობდა ოფიციალური დელეგაციის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ სალამეჰი მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკულ CIA-სთან და გარკვეულწილად მათი მფარველობის ქვეშ იყო, პრემიერ-მინისტრმა მენახემ ბეგინმა, ისრაელის უსაფრთხოების ტრადიციებთან სრულ შესაბამისობაში გადაწყვიტა, რომ არცერთ ტერორისტს არ უნდა შერჩენოდა ებრაელების სისხლი. შედეგად მიუნხენის ტერაქტიდან 7 წლის შემდეგ ბეირუთში საბოლოოდ დასრულდა ოპერაცია “ღვთის რისხა” სალამეჰის ლიკვიდაციით.

Wrath of God
ოპერაცია “ღვთის რისხვა”

საიდუმლო ოპერაციების ხანგრძლივობის დროში უწყვეტობის მაგალითია ბინ ლადენის ლიკვიდაციაც, რომელსაც 10 წელი დასჭირდა შედეგის დასაყენებლად.

აქ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი ბუნებრივად წარმოშობს კითხვას სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის კანონთან შესაბამისობის შესახებ. ამ უხერხულ კითხვაზე არსებობს მკაფიო პასუხი, ნებისმიერი სახელმწიფოს ფარული საქმიანობა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, თუნდაც მეგობრული სახელმწიფოს შემთხვევაში, მოდის ადგილობრივ კანონმდებლობასთან კონფლიქტში. ერთი სიტყვით, ფარული საიდუმლო საქმიანობა, იქნება ეს ინფორმაციის მოპოვების ნაწილში თუ სხვა ფარული ქმედების სახით, კანონით დასჯადია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მიმდინარეობს. თვით ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია პაკისტანური კანონმდებლობის თვალსაზრისით უკანონოა, დაწყებული ამერიკული დანაყოფის მიერ პაკისტანის საზღვრის უკანონო კვეთით, გაგრძელებული ბინ ლადენის ლიკვიდაციით და მისი გვამის პაკისტანის ტერიტორიიდან გატანის ჩათვლით.

ამიტომ, კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ სადაზვერვო სამსახურები არ არიან სამართალდამცავი ორგანოები, მათი საქმიანობის ეფექტურობა ხშირად იმაზეა დამოკიდებული რამდენად “პროფესიონალურად” არღვევენ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებენ.

ზემოთ აღწერილი დაზვერვის რამდენიმე ნიუანსის საილუსტრაციოდ ყელაზე საინტერესო წყაროს “მოსადი” წარმოადგენს. ერთადერთი მიზნით, მოსადი ყველაზე კარგად აჩვენებს სადაზვერვო სამსახურის ეფექტურობის ფასს პატარა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებასა და ნაციონალური ღირსების დაცვის თალსაზრისით. მოსადის მაგალითი ასევე საუკეთესო დადასტურებაა იმისა, რომ ამ სახის  სამსახურის შექმნა და ფუნქციონირება უპირველეს ყოვლისა ადამიანურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და რაც მთავარია, ნათლად უჩვენებს, რომ “თავს ზემოთ ძალა არსებობს”.

მოსადი – თავს ზემოთ ძალა არსებობს

ნამდვილად შეუსრულებელ ამოცანას გავდა 1967 წლის 6 დღიან ომამდე ისრაელის საჰაერო ძალების მხრიდან მოსადისთვის მოთხოვნილი დახმარება. საჰაერო ძალების სარდალი ვაიცმანი ითხოვდა დახმარებას იმ საბჭოთა MIG-21-ის ტესტირებისთვის, რომელიც მოსალოდნელ ომში სრულიად სამართლიანად ითლებოდა დაუძლეველ ძალად. ისრაელის საჰაერო ძალებს და ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებს პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია, არანაირი მონაცემი არ გააჩნდათ იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ყველაზე საშიშ საბჭოთა MIG-21-ზე, რომელიც მათ მოწინააღმდეგეთა შეიარაღებაში უკვე შედიოდა. MIG-21-ზე დასავლურ სამყაროში არსებობდა მხოლოდ ერთი ინფორმაცია – ის უკონკურენტო იყო ბრძოლისას.

იმისთვის, რომ ამ საშიში შეიარაღებისთვის ადეკვატური წინააღმდეგობის ტაქტიკა შემუშავებულიყო, საჭირო იყო MIG-21-მდე წვდომა. სწორედ ეს ითხოვა ვაიცმანმა მოსადისგან.

მოსადი ასეთ თხოვნას სრულიად მომზადებული შეხვდა. სრულიად გასაიდუმლოებული საბჭოთა MIG-21-ის ისრაელში რაიმე სახით ჩამოყვანა, თანაც ფუნქციონირებად მდგომარეობაში შეუძლებელ მისიას ჰგავდა. მიუხედავად ყველაფრისა, მოსადმა დავალების შესრულება მაინც მოსინჯა, საკუთარ სისტემაში და ქსელში დაიწყო გამოსადეგი წინადადებების მოძიება და შესწავლა. პრობლემის გადაჭრის წინადადება აღმოაჩნდა ირანში ისრაელის სამხედრო ატაშენს იაკობ ნიმროდის ინიციატივა. ის იწრმუნებოდა, რომ მის ხელთ არსებულ ჯაშუშთა ქსელის მეშვეობით შესაძლებელი იყო ერაყის სამხედრო პილოტზე გასვლა, რომელიც პიროვნული შეხედულებების და ხელმძღვანელობისადმი არაკეთილგანწყობის გამო საიმედო ვარიანტად ჩანდა, დიდი ალბათობით ამ ერაყელ პილოტს მუნირ რედფას შეეძლო ისრაელისთვის მოეტანა ის რაც მას ასე ძალიან სჭირდებოდა.

mig 21
ოპერაცია “DIAMOND”  –  მოსადის მიერ გატაცებული MIG-21

სამხედრო ატაშემ ირანში მოახერხა იმის ორგანიზება, რომ ირანელი პილოტი მუნირი საბერძნეთის ტერიტორიაზე ისე შეახვედრა მოსადის წარმომადგენელს, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია.

მუნირ რედფა ერთი ჩვეულებრიი პილოტი იყო, რომელიც ხელმძღვანელობის არანაირ დავალებას არ თაკილობდა, გულმოდგინედ ბომბავდა ქურთულ დასახლებებს, მაშინაც კი როცა ზუსტად იცოდა, რომ იმ სოფლებში არცერთი ქურთი ბრძოლისუნარიანი მამაკაცი არ იმყოფებოდა, არ ერიდებოდა ბავშვების და ქალების ამარა დარჩენილი სოფლების დამობმვას, მაგრამ ამავდროულად მძაფრ უკმაყოფილებას განიცდიდა საკუთარი ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებიც კარიერული წინსვლის შანსს არ აძლევდნენ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით – მუნირი ქრისტიანი იყო.

როცა საბერძნეთში ახლადგაცნობილმა ადამიანებმა, რომელთანაც ერთად უკვე რამდენიმე დღე ჰქონდა გატარებული სხვადასხვა თემებზე “ჭორაობაში” გაუმხილეს, რომ მოსადის წარმომადგენლები იყვნენ და სთავაზობდნენ ერაყიდან საიდუმლო MIG-21-ის გატაცებას, მუნირს დიდხანს არ უფიქრია, არც რამე განსაკუთრებული ფინანსური ანაზღაურების მოთხოვნა წამოუყენებია, ძალიან მარტივად დასთანხმდა შეესრულებინა ეს მისია მოსადისთვის.

munir redfa
მუნირ რედფა – მოსადის მიერ გადმობირებული ერაყელი მფრინავი

ბუნებრივია, მოსადმა ისრაელის ავიაციის სპეციალისტების დახმარებით მასთან რამდენიმე შემდგომი შეხვედრა მოაწყო, სადაც დახვეწა მისი წარმატებით ჩატარების დეტალები. მოლაპარაკებების და უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთდროულად მიმდინარეობდა რომში, ამსტერდამში, ათენში, პარიზში. საბოლოოდ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, 1966 წლის 16 აგვისტოს ერაყის საჰაერო ძალების უახლესი საბჭოთა მოდელი MIG-21, რომელსაც მუნირი მართავდა ისრაელის სამხედრო აეროდრომზე ყოველგვარი წინააღმდეგობის, დაბრკოლების გარეშე დაეშვა. ისრაელი გახდა საბჭოთა მიგ-ის მესაკუთრე. ბუნებრივია, ებრაელმა სამხედროებმა ეს თვითმფრინავი ზუსტად იმისთვის გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ, სკურპულოზური ექსპერტიზა ჩაუტარეს, აღმოაჩინეს მისი უპირატესობები – ის სხვებთან შედარებით ძალიან მაღალ სიმაღლეზე, ძალიან მაღალი სიჩქარით დაფრინავდა და ისრაელის შეიარაღებაში არსებულ ყველა გამანადგურებელს ერთი ტონით მაინც ჩამოუვარდებოდა, ამიტომ ითვლებოდა როგორც აღმოჩნდა ცაში მოუხელთებლად.

მას შედეგ, რაც დასავლურ სამყაროში MIG-21-ის პირველი ეგზემპლიარი გამოჩნდა ებრაული ოპერაციის წყალობით, თვითმფრინავის დეტალური შესწავლის სურვილი ამერიკულმა მხარემ გამოთქვა, მათაც ზუსტად ის აწუხებდათ ამ MIG-თან დაკავშირებით რაც ებრაელებს – არაფერი იცოდნენ მასზე.

მაგრამ ამერიკელებს ამის საშუალება მაინც არ მისცა ისრაელის მხარემ სანამ უკვე ამერიკელების მხრიდან არ მიიღო კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მონაცემები – ეს ეხებოდა საბჭოთა თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემას, რომელიც უკვე გააჩნდათ არაბულ სახელმწიფოებს და ისრაელს მასზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. მონაცემები SAM-2-ზე როგორც ჩანდა გააჩნდა ამერიკულ მხარეს, მაგრამ ისრაელს არ უზიარებდა. MIG-21-ის წყალობით ამ ინფორმაციის გაზიარება მოხდა.

მოსადის მიერ ჩატარებული ეს ოპერაცია 10 თვით უსწრებდა 1967 წლის 6 დღიან ომს, სადაც ისრაელმა შესანიშნავ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, თუ იმ მომენტისთვის არ იქნებოდა MIG-21-ის და SAM-2-ის მონაცემები შესწავლილი, ისრაელის გამარჯვება საეჭვო იქნებოდა.

რა დასკნების გაკეთება შეიძლება ამ ერთი საიდუმლო ოპერაციის ანალიზით?

1) ყველაზე მნიშნელოვანი ის არის, რომ თავს ზემოთ ძალა არსებობს და ასეთი წარმატების მიღწევა სრულიად არის დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორებზე, ენთუზიაზმზე, რისკზე, პატრიოტიზმზე და ღალატზე (მუნირის შემთხვევა).

2) ცალსახად ჩანს რა როლი ითამაშა მოსადის საიდუმლო ოპერაციაში სამხედრო ატაშეს სახით დიპლომატიურ საფარქვეშ აწყობილმა სადაზვერვო ქსელმა – ინფორმაციის მოძიების ეტაპი სრულიად ატაშეს პრეროგატივა აღმოჩნდა, უფრო მეტიც – ის სულის ჩამდგმელიც კი არის მთელი ოპერაციის.

3) საჰაერო ძალების სარდლის მოთხოვნა “მინდა MIG-21” იყო არა უტოპიური მოთხოვნა, არამედ ღრმა ანალიზის შედეგი, ვინაიდან მისი არმოპოვების შემთხვევაში ომში  შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი დამდგარიყო.

4) მოსადის თავზეხელაღებული საიდუმლო ოპერაცია MIG-ის მოსაპოვებლად თავის მხრივ გახდა საშუალება ამერიკელი მეგობრებისგან იმ ინფორმაციის გაცვლის სახით მიღების, რომლის გარეშე 1967 წელს ისრაელის საჰაერო უპირატესობა მთელი ომის დროს საბჭოთა SAM-2-ის ფაქტორის გამო მიუღწეველი იქნებოდა,

5) მთელი ოპერაცია წარიმართა როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის გვერდის ავლით, ასევე კონკრეტული ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობის იგნორირებით, სადაც ოპერაციის საიდუმლო ნაწილის მომზადება და მხარდაჭერა მიმდინარეობდა მათ შორის ირანის, ერაყის, იტალიის, ჰოლანდიის და საფრანგეთის ტერიტორიაზე.

6) არც ებრაული კანონმდებლობით არ ითვლება სხვა ქვეყანაში რამის მოტაცება ან მოპარვა კანონით გამართლებულ ქმედებად.

მთელი ოპერაციის შედეგად შეიძლება უპირველესყოვლისა დასახელდეს 6 დღიან ომში მიღწეული წარმატება  და რა თქმა უნდა არანაკლები მიშვნელობა ენიჭება საბჭოთა კავშირის საიდუმლოების გაზიარებას, ხელმისაწვდომობას NATO-ს ბლოკისთვის.

ისრაელის ანგელოზი – ეგვიპტის მოღალატე

იომ-ქიფურის ომთან დაკავშირებით საკმაოდ არასასიამოვნო დავა წარმოიშვა საიდუმლო სამსახურებს შორის, სამხედრო დაზვერვის შეფი (1973) ბრალს დებდა მოსადის აგენტ “ანგელოზს” რომელმაც იომ-ქიფურის ომის დაწყების შესახებ რამდენიმე საათით ადრე შეატყობინა ისრაელს, იმაში რომ “ანგელოზი” არა უბრალოდ მოსადის აგენტი იყო, არამედ ეგვიპტის ორმაგი აგენტი და რომ მოქმედებდა ისრაელის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ისტორია იომ-ქიფურის (1973) დროს დაიწყო და ისეთი მიუღებელი ფორმა მიიღო საიდუმლო საქმიანობის ეფექტურობის დასადგენად, რომ ყველა სახის საიდუმლო ერთ დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

2007 წლის ივნისში სადაო მოვლენებიდან 34 წლის შემდეგ ისრაელის სასამართლომ ამ დავას წერტილი დაუსვა, დაადასტურა რომ მოსადი მართალი იყო, რომ მის აგენტ აშრაფ მარუანს ზიანი არ მოუტანია ისრაელისთვის და რომ ის არ იყო ორმაგი აგენტი.

სამართლიანობის ასეთი ზეიმიდან რამოდენიმე დღეში 2007 წლის 27 ივნისს ბიზნესმენი აშრაფ მარუანი მოკლული იპოვეს ლონდონში საკუთარ სახლთან. სკოტლანდ იარდი მალევე ჩიხში შევიდა, ერთადერთი რაც გაირკვა იყო ის, რომ  მარვანი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნახეს როგორ ესაუბრებოდა “ვიღაც ადამიანს”, ის ვიღაცა დარჩა ვიღაცად. ისე გამოვიდა, რომ ისრაელის სასამართლომ ირიბად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მოსადის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის მხოლოდ სარგებლის მომტან აგენტს.

ეს ისტორია ატიპიურია მოსადის ტრადიციებთან მიმართებით, ვინაიდან მოსადი არა მარტო საკუთარი ბრუტალური მეთოდებით, ტერორისტთა და ისრაელისთვის სხვა სახის საფრთხის შემქმნელების ლიკვიდაციით არის ცნობილი, როგორც მაგალითად ირანის ბირთვული პროგრამის სამეცნიერო ჯგუფის წევრების ლიკვიდაციით, ასევე მისი ერთ-ერთი ნამდვილი ტრენდია ის, რომ მოსადი არასდროს  ამჟღავნებს საკუთარი აგენტების იდენტობას.  სხვათაშორის მათ კონფიდენციალურობას მათი გარდაცვალების შემდეგაც არ არღვევს.

marwan
ნასერი და აშრაფ მარუანი

 

მაგრამ აგენტ “ანგელოზის” ისტორია ნამდვილად გამონაკლისია ამ თვალსაზრისით და თუ შეიძლება ითქვას მწარე გაკეთილიც.

ისრაელში 30 წელი მიდიოდა დისკუსია მოსადის აგენტ “ანგელოზის” როლზე იომ-ქიფურის ომში. იყო ფართო პოლემიკა, მედია განხილვები. მაგრამ ჯერ კიდევ 1973 წელს იომ-ქიფურის ომის დროს ისრაელში სულ რამოდენიმე ადამიანმა იცოდა მოსადის აგენტის “ანგელოზის” არსებობის შესახებ, მაგრამ კიდევ უფრო ვიწრო წრემ იცოდა რომ ანგელოზი ეს აშრაფ მარუანი იყო, ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერის ქალიშვილის ქმარი, მოგვიანებით კი 1970 წლიდან ნასერის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის ახალი პრეზიდენტ სადათის უახლოესი გარემოცვის წევრი, პრეზიდენტის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში. “ანგელოზის” თაობაზე პოლემიკა დიდი ხნის განმავლობაში მისი რეალური იდენტიფიცირების გარეშე მიმდინარეობდა, სანამ 2002 წელს ლონდონში არ გამოქვეყნდა ისრაელის ისტორიის მკვლევარის წიგნი, სადაც “ანგელოზი” მოხსენიებული იქნა “სიძედ”, რა თქმა უნდა ამ ფაქტს მოჰყვა ხმაური, მაგრამ ამ სახის იდენტიფიცირება მაინც არ იყო სრულფასოვანი და როგორც ჩანს არც თანამედროვე ეგვიპტე აპირებდა ამ გამოაშკარავების შემჩნევას. მაგრამ ცოტა ხანში ხელახლა გამოქვეყნდა ამანის (Aman) – ისრაელის სამხედრო დაზვერვის იომ-ქიფურის დროინდელი ხელმძღვანელის წიგნიც, სადაც “ანგელოზი” უკვე ნამდვილი სახელით აშრაფ მარუანად იქნა მოხსენიებული, წიგნის ავტორი კვლავ ბრალს დებდა მარუანს ეგვიპტის აგენტობაში და ამტკიცებდა, რომ შორეულ 1973 წელს მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო შეგნებული დეზინფორმაცია, ხოლო მისი საკუთარი პოზიცია, რომ 1973 წელს მხედველობაში არ მიეღოთ მოსადის აგენტის “სასწრაფო შეტყობინება” იყო სრულებით გონივრული და ამ შეხედულების გაზიარება გარკვეული პერიოდით გოლდა მეიერის მთავრობის მიერაც იყო აბსოლუტურად სწორი ქცევა.

არაფერს მოგვცემს მხოლოდ ეს ისტორია თუ არ აღვადგენთ 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დაწყების სურათს და რამდენიმე ფრაზით არ შევეხებით მარუანის ისტორიას მოსადთან დაკავშირებით.

მაშ ასე, 1973 წლის 5 ოქტომბერი იომ-ქიფურის ომის დაწყებამდე 1 დღე:

ისრაელში წინასაარჩევნო გარემოა, მმართველი პარტიის მთავარი მესიჯი არის, რომ “ომი არ იქნება”, “ყველაფერი კარგად არის სუეცის არხთან”. ამ დროს მოსადის შეფი ცვი ზამირი ლონდონიდან ღებულობს შეტყობინებას. მას საკუთარი აგენტი უკავშირდება, რომელიც ლონდონშია ბაზირებული მხოლოდ ერთადერთი მიზნით – ეგვიპტიდან “ანგელოზის” მიერ გამოგზავნილი შეტყობინება გადაამისამართოს ისრაელში და შესაბამისად იქცევა, მოსადის შეფს აწვდის ეგვიპტიდან მიღებულ ერთ სიტყვიან შეტყობინებას “ქიმიკატები”, რაც მოსადსა და “ანგელოზს” შორის არსებული შეთანხმებისამებრ ნიშნავდა ერთადერთ რამეს – ისრაელზე დაუყოვნებლივი თავდასხმის საფრთხეს. შემუშავებული პროცედურის მიხედვით ასეთი შეტყობინებისთანავე მოსადის შეფი პირადად უნდა გამგზავრებულიყო ლონდონში, მოსადის კონფიდენციალურ მისამართზე, სადაც თავის მხრივ ეგვიპტიდან ანგელოზი შემოუერთდებოდა და პირად საუბარში გადასცემდა ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

რამდენიმე საათში ეს შეხვედრა შედგა ლონდონში, მოსადის შეფმა “ანგელოზისგან” დეტალური ინფორმაცია მიიღო არაბთა გაერთიანებული ძალებით ისრაელზე თავდასხმის შესახებ, მათ შორის ზუსტი დრო და დადასტურებულად არსებული ინფორმაცია, რომ “რუსები არ ჩაერთვებოდნენ”.

ისრაელში უკვე იომ-ქიფურის დღესასწაული იყო დაწყებული, ამ დროს პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობდა ქვეყანაში, არ ფუნქციონირებდა არცერთი სახელმწიფო უწყება, ტელევიზია და რადიოც კი. შესაბამისად, მოსადის შეფი მოსადის ან რომელიმე ოფისში ვერავის დაუკავშირდებოდა, ამიტომაც მოუწია სახლში დაერეკა საკუთარი შტაბის უფროსისთვის ღია სატელეფონო კავშირით, რადგან ინგლისში ისრაელის საელჩოშიც სპეციალური კავშირგაბმულობის პერსონალიც ისვენებდა.

ასე რომ, შტაბის უფროსმა სახლში ლონდონიდან მიღებული ზარით მოისმინა საკუთრი უფროსის შემდეგი ფრაზები:

“მომისმინე, ჯერ ცივი წყალი შეისხი, ახლა აიღე კალამი, ფურცელი და ჩაიწერე: “კომპანია კონტრაქტს გააფორმებს დღეს, დღის ბოლომდე”, ეს ფრაზაც წინასწარ შემუშავებული პროცედურით იყო დადგენილი და ნიშნავდა “ომის დაწყება დღის ბოლომდე”. ზამირის დავალების მიხედვით, შტაბის უფროსმა ლონდონიდან მიღებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს. უსაფრთხოების კაბინეტის შეკრების მომენტისთვის ლონდინიდან რაღაც სახით მაინც ჩამოაღწია ზამირის მიერ შედგენილმა ტელეგრამამაც: “გეგმის მიხედვით ეგვიპტელები და სირიელები აპირებენ შეტევის წამოწყებას სანამ მოსაღამოვდება. დღევანდელი დღესასწაულის გამო ვარაუდობენ ძალების გადმოსხმას დაბნელებამდე. შეტევა განხორციელდება ზუსტად იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი. “ანგელოზი” დარწმუნებულია, რომ სადათი ვერ გადადებს შეტევას რადგან პირობა უკვე მისცა არაბ ლიდერებს… წყარო დარწმუნებულია რომ თავდასხმის შანსი 99.9%-ია, რადგან მათ საკუთარი გამარჯვების სჯერათ, აშინებთ გეგმების გამჟღავნება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გარედან ჩარევა… რუსები ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.”

ეს უნიკალური მოვლენა იყო იმ თვალსაზრისით, რომ დაზვერვას ხელთ ჰქონდა ომის დაწყების ზუსტი დრო, მონაწილე ძალთა ოდენობა და თვით სამხედრო შეტევის გეგმაც კი, მაგრამ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ვერ გააკეთა სიტუაციის სწორი ანალიზი და მეტი დამაჯერებლობა სამხედრო დაზვერვის Aman-ის შეფის მოსაზრებებში, რომელიც აწარმოებდა რა სუეცის არხთან განლაგებულ ეგვიპტური ძალების მუდმივ მეთვალყურეობას და აუდიო-ელექტრო კონტროლს, ამტკიცებდა რომ ეგვიპტელები ფართო მაშტაბიან მანევრებს ატარებდნენ, შეიძლება რაიმე პროვოკაცია მოეწყოთ, მაგრამ არა ნამდვილი ომი.

Aman-ის შეფმა ზამირის შეტყობინებიდან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენა ფრაზა “რუსები არ ჩაერთვებიან”, რასაც საკუთარი მონაცემებიც უდასტურებდნენ იმ თვალსაზრისით, რომ მისი მონიტორინგი ნათლად ხედავდა თუ როგორ ტოვებდნენ რუსები საზღვრისპირა ტერიტორიებს. იმ დროს ისრაელის პოლიტიკურ წრეებში სრულად გაბატონებული იყო აზრი, რომ ეგვიპტელები რუსების ჩართულობის გარეშე მარტონი ისრაელთან ომს ვერ გაბედავდნენ. ამანის შეფი უკვე იმ წუთიდან ბრალს სდებდა “ანგელოზს” ორმაგ აგენტობაში, არგუმენტად კი იყენებდა შემდეგ გარემოებას; ამ მომენტამდე “ანგელოზმა” ორჯერ გააფრთხილა ისრაელი მოსალოდნელ ომზე, მაგრამ არცერთს ადგილი არ ჰქონია. თუმცა ამანის შეფს რატომღაც ყურადღების მიღმა რჩებოდა მთავარი გარემოება, ორივე შემთხვევაში “ანგელოზმა” მართალია დანიშნულ დროზე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ მაინც შეატყობინა ისრაელს შეტევის გადადების თაობაზე.

რეალობა კი აღმოჩნდა, რომ “ანგელოზის” ინფორმაცია აბსოლუტური ჭერმარიტება იყო, ომი იმავე დღეს დაიწყო, თანაც ისე რომ ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ აუმოქმედებია არცერთი ბერკეტი, რომლის საფუძველი მოსადის რეკომენდაციით გააჩნდა და საბოლოო ჯამში რომელთა დროულად ამოქმედება იომ-ქიფურის ომს უფრო მოკლევადიანად და შედარებით ნაკლებ მსხვერპლიანად აქცევდა.

სამხედრო ისტორიაში იომ-ქიფურის ომი კლასიფიცირდება როგორც მოულოდნელი თავდასხმის მაგალითი, მეორეს მხრივ  კი ისრაელის დაზვერვის მხრიდან, სინამდილეში აქ სახეზე არა სადაზვერვო სამსახურის მარცხია, არამედ პოლიტიკური ანალიზის ჩავარდნა და ისიც არა სადაზვრევო სამსახურის სფეროში შემავალი ანალიტიკის გამო, არამედ უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან რეალობის სათანადოდ ვერ შეფასების შედეგად.

როგორც არ უნდა ყოფილიყო აქ აღწერილი აზრთა სხვადასხვაობა მოსადსა და ამანს შორის გახდა 30 წლიანი დისკუსიის საგანი. რაც საბოლოოდ სასამართლოს მხრიდან მარუანის, როგორც ისრაელისთვის სასარგებლო აგენტის გამართლებით და ფაქტობრივად კი მისი სიკვდილით დამთარდა.

ალბათ ახლა უკვე ჩანს, რომ “ანგელოზის” ინფორმაციის არგაზიარება მძიმე შეცდომა იყო, მაგრამ საინტერესოდ რჩება ის თუ როგორ იქცა მარუანი “ანგელოზად”.

მარუანს 60-იან წლებში პერსონალური ურთიერთობები დაეძაბა სიმამრთან ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერთან, მიზეზი ახალგაზრდა მარუანის ლონდონში სასწავლებლად წასვლა, უფრო სწორედ ამ პერიოდში მისი ცხოვრების სტილი ლონდონში, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი და საყვარლები იყო. შედეგად ნასერმა მარუანს ლონდონში სწავლის გაგრძელების უფლება მხოლოდ ეგვიპტიდან დისტანციურად მისცა და ეგვიპტეში დააბრუნა.

მარუანი ლონდონში მხოლოდ მცირე ხნით საკუთარ პროფესორთან ნაშრომის პერიოდული განხილვებისთვის ჩადიოდა. 1969 წლის დასაწყისში ის სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტით იმყოფებოდა ლონდონში, სადაც უბრალოდ ტელეფონი აიღო და ისრაელის საელჩოში დარეკა, იკითხა სამხედრო ატაშე, რომელსაც ღიად წარუდგინა საკუთარი თავი და დაინტერესდა იმით, თუ რა სარგებელი შეიძლებოდა ენახა პირადად მოსადთან თანამშრომლობისთვის. ბუნებრივია, თავდაპირველად არავის შეეძლო ასეთი ღია საუბრის დაჯერება, ჩაითვალა რომ უნიჭო ხუმრობა იყო, მაგრამ მოსადს მაინც შეატყობინეს.

მოსადს არ გასჭირვებია იმის გათვიცნობიერება, რომ საქმე ნამდვილად ეგვიპტის პრეზიდენტის სიძესთან ჰქონდათ. მასთან პირველი კომუნიკაციისას ყველაზე დამაბნეველად ის მოტივები ჩანდა, რის გამოც მარუანს ჰქონდა გადაწყვეტილი ეგვიპტის ღალატი და მოსადთან თანამშრომლობა, მათ შორის იყო იდეოლოგიური მოტივები, სიმამართან პირადი უთანხმოება და მასზე შურისძიება, და ამ ყველაფერთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღება. მაგრამ მალევე 1970 წელს “გაურკვეველმა” მარუანმა მოსადს აჩვენა საკუთარი ფასი – მოსადს მიაწოდა ეგვიპტის პრეზიდენტის და საბჭოთა ლიდერების შეხვედრის შოკისმომგვრელად დეტალური აღწერა, შეხვედრის ანგარიში იმდენად დეტალური იყო, რომ მისი ავთენტურობა არანაირ ეჭვს არ ბადებდა. მოსადისთვის ცხადი გახდა მათ ხელთ ნამდვილი “ანგელოზი” ჰყავდათ.

1973war1
ანვარ სადათი იომ-ქიფურის ომის დროს

მას შემდგ რაც მარუანის სიმამრი პრეზიდენტი ნასერი დაიღუპა, იგი ახალი პრეზიდენტის სადათის დაახლოებული პირი გახდა, ხოლო მას შემდეგ რაც პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი გადატრიალების და ლიკვიდაციის შეთქმულების გამოვლენაში, შემდგომ კი ეგვიპტის პოლიტიკურ წრეებში სტაბილიზაციის დამყარებაში წვლილი შეიტანა, ის პრეზიდენტ სადათისთვის უფრო ახლო თანაშემწედ იქცა ვიდრე თავის დროზე საკუთარი სიმამრის შემთხვევაში იყო. ის უკვე პირადად მონაწილეობდა უმაღლესი რანგის შეხვედრებში, მათ შორის ესწრებოდა პრეზიდენტ სადათის შეხვედრას ბრეჟნევთან, კისინჯერთან და არაბული ქვეყნების ლიდერებთან. ის ამავდროულად იქცა ეგვიპტის საიდუმლო პოლიტიკურ ემისრად არაბული სამყაროს ლიდერებთან, ამიტომ ხშირი პირადი ვიზიტებიც ჰქონდა არაბულ დედაქალაქებში, სახელმწიფოს პირველ პირებთან. ბუნებრივია, მოსადი არა მხოლოდ ღებულობდა ოფიციალური შეხვედრების ოქმებს მარუანისგან, არამედ არაბული ქვეყნების ლიდერების კაბინეტებში დაუბრკოლებლად შეესვლებოდა. მარუანის მიმართ არაბულ სამყაროში ნდობა იმდენად დიდი იყო, რომ როცა მოამარ კადაფიმ ეგვიპტის პრეზიდენტს რამდენიმე ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი – რუსული “სტრელა” სთხოვა, რომლებიც გამიზნული იყო იტალიაში სამოქალაქო თვითმფრინავების ტერორისტული გზით ჩამოგდებისთვის, ამ ლოჯისტიკური საკითხის გადაწყვეტა მარუანის ხელში აღმოჩნდა. მან ლოჯისტიკა კი მოაგვარა, მაგრამ ტერაქტი ვერ შედგა, რადგან იტალიის სპეცსამსახურებს მოსადმა შეატყობინა ტერორისტების ზუსტი მისამართი იტალიაში და მათ ხელთ არსებული შეიარაღების შესახებ ინფორმაცია. შედეგად ტერორისტების ჯგუფის დაკავება და “სტრელების” ამოღება მოჰყვა.

ბუნებრივია, მარუანის მიერ წლების განმავლობაში მოსადისთვის მოწოდებული ყველა ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. 70-იანი წლების ბოლოს კი სპეციალურად შეხვდა საიდუმლოდ მოსადის ხელმძღვანელობას იმის სათქმელად, რომ წყვეტდა ყველანაირ ურთიერთობას და ზოგადად იწყებდა სხვა ცხოვრებას – ბიზნესმენის ცხოვრებას. მართლაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესების მფლობელი გახდა, მათ შორის ფლობდა საფეხბურთო კლუბ ჩელსის აქციებს, ბიზნესში წარმატებებით ცხოვრობდა სანამ მისი სიმშვიდე არ დაარღვია ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებმა წიგნებმა, რომლებმაც ეტაპობრივად, მაგრამ სრულიად მოახდინეს “ანგელოზის” იდენტიფიცირება. მიუხედავად საჯარო ხმაურისა მარუანი ყველაფერს უარყოფდა და დეტექტიურ ზღაპრებს უწოდებდა, იმ პერიოდში საჯაროდ გამოჩნდა ეგვიპტის პრეზიდენტ მუბარაქთან ერთად პრეზიდეტნ ნასერის საფლავზეც.

როგოც ჩანდა ამ ისტორიაში ჩაღრმავება არც ეგვიპტეს სურდა და მოსადს არც არაფერში სჭირდებოდა.

და ალბათ ასეც დარჩებოდა, რომ არა ისრაელის სასამართლოს მიერ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” დაკმაყოფილება, რომელიც მან მარუანისთვის “ზიანის მომტანის” იარლიყის ჩამოხსნით, მისი მოსადის “ნამდვილ” სასარგებლო აგენტად გამოცხადების გზით გააკეთა. შედეგი კი აღმოჩნდა არა ვინმეს ლეგიტიმური ინტერესის დაკმაყოფილება, არა უბრალოდ სიმართლის დადგენა სასამართლოს მეშვეობით, არამედ მარუანის ლიკვიდაცია.

ეს ნამდვილი ისტორიაა და არა დეტექტიური ჟანრის ზღაპარი როგორც ამას თვითნ მარუანმა უწოდა, ყველაფერ ზემოთ აღწერილს ერთი მარტივი სახელი ჰქვია – რეალობა.

რა შეიძლება გამოვიყენოთ მოსადის ამ ჩახლართული სადაზვერვო საქმიანობიდან განზოგადებისთვის:

1) მარუანი – ნამდვილი კლასიკური მოღალატეა იმ ეპოქის ეგვიპტის და მთელი არაბული სამყაროსთვის.

2) მარუანის სახით უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში შეიძლება არსებობდეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ფულზე ყიდიან ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას.

3) მოსადმა წლების განმავლობაში მოახერხა, რომ საკუთარი აგენტი ისე ემართა მტრის უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში, რომ მასზე არავის იოტისოდენა ეჭვიც არ გასჩენია, პირიქით, მოსადი დაინტერესებული იყო მისი აგენტის გავლენების ზრდით და ამ მიზნით იყენებდა უკიდურეს ფარულობას, მათ შორის ისრაელში.

4) მთელ ამ ისტორიაში მთავარი წარმმართველი ძალა იყო ადამიანური ფაქტორი და არა რაიმე ტექნოლოგიები.

5) მარუანის საქმიანობა, რომელიც უკიდურესად სასარგებლოდ ფასდება ისრაელში, ჩვეულებრივ კრიმინალურ დანაშაულს წარმოადგენდა ეგვიპტეში, ასეთად რჩებოდა ის თუნდაც მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების ეტაპზე.

6) საზოგადოების მაღალმა ინტერესმა და სასამართლოს კომბინაციამ ერთადერთი რაც მოახერა იყო ის, რომ შეუგნებლად გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, რომელიც იმ საზოგადოებასა და სასამართლოსგან მხოლოდ მადლობას იმსახურებდა.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, ამ სტატიაში განხილული ნიუანსების საფუძველშიც შეიძლება იმის გამეორება, რომ სადაზვერვო საქმიანობა ნამდვილად არის სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი კომპონენტი, სინამდვილეში მისი არსებობის და ეფექტურობის მიმართ მოქალაქეთა მოთხოვნა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც მაგალითად ჯანდაცვის სისტემისათვის, ვინაიდან შეუძლებელია გქონდეს ჯანმრთელობა და არ გქონდეს უსაფრთხოება.

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორიც, რომ ეფექტური სადაზვერვო ინსტიტუციის შექმნა და ფუნქციონირება წმინდად ადამიანური ნების საკითხია. მათი შედეგიანობის დაბალანსება ან სხვა ინსტანციით ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სადაზვერვო სამსახურის და მისი სარგებლის გამოყენება ისევე შეუძლია პატარა სახელმწიფოს როგორც დიდს, ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ რეალობისთვის თვალის გასწორება და მუშაობა.

და თუ ერს, სახელმწიფოს გააჩნია ისეთი ფასეულობა როგორიც ღირსებაა, მისი დაცვა უპირველესყოვლისა ხელეწიფება სწორედ ქმედით სადაზვერვო სამსახურს, განსაკუთრებით კი ისეთი სახელმწიფოების შემთხვევაში, რომლებიც იმყოფენიან მტრული სახელმწიფოს ცინიკური წნეხის ქვეშ.

 

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s