კრიმინალური კლანების პოლიტიკური საცეცები

„მაფია და კამორა ყოველთვის იყვნენ
ჩვენს გარშემო და ასეც გაგრძელდება;
სამწუხაროდ ისინი არსებობენ. ჩვენ
გვიწევს ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში“ –
პიეტრო ლუნარდი, 2001
ბერლუსკონის მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრი.

იტალიის ინფრასტრუქტურის მინისტრის ეს სიტყვები აღიარებაა იმ ფაქტის, რომ ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების და ორგანიზებული დანაშაულის თანაცხოვრება ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენა და მათი „წარმატებული“ საქმიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ნიშანდობლივია ეს სიტყვები იმ სამინისტროს ხელმძღვანელისგან, რომლის თანხების კორუფციული განკარგვა წარმოადგენდა კრიმინალის მთავარ შემოსავლის წყაროს. ამ ჯგუფების სიმბიოზი ურთიერთსარგებლიანობას ეფუძნება – ერთის მხრივ, ორგანიზებული დანაშაულისათვის ხელმისაწვდომი ხდება საბიუჯეტო სახსრები, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ საარჩევნო მხარდაჭერით.

audienceds
კამორა მე-19 საუკუნის ბოლოს

კამორა ნეაპოლის რეგიონალური დანაშაულებრივი უძველესი ქსელია. მასზე პოლიციური ჩანაწერი მაფიამდე წლებით ადრე – 1820 წელს გაჩნდა. მაფიისგან განსხვავებით, რომლის თავდაპირველი ძირითადი საშემოსავლო და საორგანიზაციო საყრდენი აგრარული სექტორი იყო, კამორასთვის საუკუნეების განმავლობაში მთავარი საყრდენი, მოქმედების არეალი და შემოსავლის წყარო სასჯელაღსრულების სისტემები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ურბანულ დასახლებებში აქტიურად ვითარდებოდა, კამორა ყოველთვის იმართებოდა ციხიდან.

კამორა განსაკუთრებით საყურადღებო ფენომენია საქართველოსთვის, რადგან ძალიან გავს ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ სისტემას, თანაც სხვადასხვა ასპექტში.

ციხე – ორგანიზებული დანაშაულის შტაბ ბინა და მართვის ცენტრი

კამორამ პირველმა გააფორმა ციხის ადმინისტრაციებთან სისტემატიზირებული შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად კამორა უზრუნველყოფდა ციხეში სიმშვიდეს, მოუხსნიდა რა ადმინისტრაციას და შესაბამისად სახელმწიფოს დამატებით საზრუნავს და წუხილებს. სანაცვლოდ კამორა იღებდა უფლებას – უკიდურესი ზეწოლა მოეხდინა დანარჩენ პატიმრებზე და, მეორეს მხრივ, ესარგებლა კომფორტული, პრივილეგირებული პირობებით საპატიმრო დაწესებულებებში.

decrescenzods
სალვატორე დე კრეშენცო – მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ყველაზე ცნობილი ბოსი

ამ ვითარების ერთ-ერთ უძველეს წყაროს წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნეში ნეაპოლში მცხოვრები შვეიცარიელი მკვლევარის დაკვირვება. მარკ მონიერის “Le Camorra” დეტალურად აღწერს კომორისტებისა და ჩვეულებრივი პატიმრების ურთიერთობას ციხის შიგნით. მისი კვლევის მიხედვით, კამორისტების ნებართვის გარეშე პატიმრებს არ ჰქონდათ ჭამის, სმის, სიგარეტის მოწევის ან თამაშის უფლება, პატიმარს კომორისტისთვის უნდა მიეცა 10% ყველაფრისგან რასაც ოჯახი უგზავნიდა. უნდა გადაეხადა ციხეში ვაჭრობისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი საქმინობის ნებართვისთვის. პატიმარს ასევე კამორისტებისთვის უნდა გადაეხადა ადვოკატის ყოლის უფლებისთვის. ნებისმიერი იხდიდა, თვით უქონელიც, სრულიად ღატაკსაც ეკისრებოდა კამორისტისთვის გადახდის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერს ცემაში სიკვდილი ემუქრებოდა.

ეს სურათი ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში, განსაკუთრებულად კი თითქმის ზედმიწევნით აღწერაა უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდის დროს ქურდული სამყაროს მიერ ციხეების მართვის სტილისა. მიუხედავად ეპოქალური სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისა, იტალიურ კამორას ეს ნიშა არ დაუკარგავს, რათქმა უნდა ფორმებმა განიცადეს დროის მიერ მოტანილი ტექნიკური ცვლილებები, მაგრამ კამორა დღემდე რჩება იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლური ციხეების სრულ ბატონ-პატრონად.

1991 წელს ნეაპოლის პოლიციის უფროსმა რეგიონში დრამატულად გაზრდილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად საჯაროდ მოიხსნა, განაცხადა რა რომ „ყველაფერი რაც ხდება გარეთ იგეგმება შიგნით [ციხეში]“.

კამორა მინიმუმ სამჯერ მაინც გამოცხადდა ოფიციალურად დამარცხებულად, სამივეჯერ XX საუკუნეში და სამივეჯერ დიდი შეცდომა აღმოჩნდა. XX საუკუნის შუა ხანებში, ერთგვარი დასუსტების ფონზე რაფაელე კუტოლომ, რომელიც წლების განმავლობაში არ გამოსულა მკაცრი რეჟიმის ციხიდან, ასევე ციხიდან გამოუსვლელად შექმნა კამორას ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ახალი ტალღა “Nuova Camorra Organizzata“ (NCO) – ახალი კამორას ორგანიზაცია, ციხიდან გამართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სასტიკი და შემოსავლიანი ქსელი მთელი კამორას ისტორიაში.

Raffaele-Cuotolo-600x400
რაფაელე კუტოლო

კამორას გენეტიკური კოდი უცვლელია, მისი სიცოცხლის წყარო ციხეებიდან მოდის, ციხეებში კონტროლის მეშვეობით ინარჩუნებს ორგანიზებულ სახეს. სანამ მისი საჭიროება ციხეში არ გაქრება, არსებული სისტემა მხოლოდ გაძლიერდება. ამიტომაც კამორისტი მით უფრო დაფასებულია, თუ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს. ნებისმიერი კამორისტი გმირია თუ კამორას მტერი ფიზიკურად ან მორალურად ჰყავს განადგურებული. კამორა დღემდე აგროვებს ე.წ. „საერთოს“, რომელიც იხარჯება ციხეებში მყოფი კამორისტების და მათი ოჯახების შესანახად და რათქმა უნდა ადმინისტრაციის მოსასყიდად.

კამორისტები და კანონიერი ქურდები  – ერთი მედლის ორი მხარე

სიტყვა კამორისტი შინაარსობრივად  „კანონიერ ქურდს“ აღნიშნავს. თვითონ კი იტალიური სისტემის მიმდევრებს საკუთარი თავი „ღირსეულ კაცად“ მიაჩნდათ, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან „კაი ბიჭების“ შემთხვევაშია.

ამასთანავე ყველაფერი რაც განასხვავებს კამორას მაფიისგან ძალიან ამსგავსებს ქართულ ქურდულ სამყაროს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალში საცემია მართვის და კონტროლის ჰორიზონტალური სტილი. მაფიის მსგავსი ოჯახურ-კლანური ვერტიკალური მართვა სრულიად უცხოა კამორასთვის. მისი მმართველობითი ფორმირება და ფუნქციონირება ისე არის გაშლილი და მიმობნეული, როგორც ქურდული სამყაროსი. ამ მხრივ ნამდვილად უფრო „დემოკრატიულია“. შედეგად კი, მაფიისგან განსხვავებით, რომლის ძირითადი ლიდერების იდენტიფიცირება და მასზე ორიენტირება ყოველთვის შეუძლია სახელმწიფოს, კამორას შემთხვევაში, ისევე როგორც ქურდული სამყაროს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. აქ გველეშაპს უამრავი თავი აქვს და ერთის წაცლა მეორის ამოსვლას იწვევს. კამორას და ქურდულ სამყაროს უბრალოდ არ გააჩნია ლიდერთა წრე, რომელთა იდენტიფიცირებით და შემდეგ სამართლებრივი რეაგირებით გარკვეული დროით მაინც იქნეს შესაძლებელი  მისი თუნდაც დროებითი პარალიზება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კამორას, ასვე ქურდულ სამყაროს გააჩნია გადაწყვეტილების მიმღები ლიდერთა უწყვეტი ქსელი, რომლის თანახმადაც სრულიად ახალ-ახალ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ახალი დანაშაულებრივი სისტემურ-ქსელური დავალებების გაცემა. ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით სრულიად უწყვეტად ფუნქციონირებს.

mappa-camorra-03-napoli-provincia
კამორას კლანები – ჰორიზონტალური მმართველობა

კამორას და ქურდული სამყაროს საერთო დამახასიათებელი ნიშანია ისიც, რომ ორივენი ბევრად უფრო სახალხო, მასიური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, ელიტარული მაფიისგან განსხვავებით. ისინი უფრო დიდი დოზით სარგებლობენ ქუჩის მხარდაჭერით, რომანტიკულ-იდეალისტური თვალსაზრისით  მათი მხარდამჭერები უფრო ახალგაზრდები არიან. ისინი მაფიისგან განსხვავებით საკუთარ რიგებს მასიურად ავსებენ საზოგადოების შედარებით დაბალი ინტელექტუალური და ღარიბი ფენებიდან.

კამორას და ქურდულ სამყაროს მაფიისგან განსხვავებით დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საერთაშორისო ცნობადობა. თუ კამორას შემთხვევაში რობერტო სავიანომ ის მსოფლიოს გააცნო, მსოფლიოში მის მიმოფანტულ წევრებს საერთაშორისო გავლენები მაინც არ გააჩნიათ ზუსტად ისე როგორც ქურდულ სამყაროს. კი არის მიმობნეული ევროპის მასშტაბით, მაგრამ საკუთარი ძალადობრივ მექანიზმებს მაინც ძირითადად ეთნიკურად ქართული ჯგუფების, ან პოსტ საბჭოთა სივრციდან წამოსული დიასპორების ფარგლებში იყენებს.

კამორამ ზუსტად ისეთი ქუჩური ბანდიტიზმის გზა გამოიარა, რაც ჩვენ გვახსოვს 1990-2000 წლების მიჯნაზე, ქართული ბანდიტური პერიოდიდან მისთვის დღემდე დამახასიათებელია ჩვეულებრივი რეკეტი, ყაჩაღობა, კონტრაბანდა, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით ამას აღარ აკეთებს დემონსტრაციულად, ყოველ შემთხვევაში ცდილობს ყველგან და ყოველთვის ნაკლებად იხმაუროს.

3a8eecs-960
კამორისტის დაკავება

მან დროთა განმავლობაში შეცვალა ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მეთოდები, ქუჩიდან ნელ-ნელა ბიზნეს კაბინეტებში გადაბარგდა, ასევე შეცვალა სახელმწიფოს სახელით მათთან დაპირისპირებულ ვიწრო ჯგუფებთან ურთიერთობის მეთოდი. ვიწრო ჯგუფებს იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად სახელმწიფოს და ორგანიზებულ დანაშაულს შორის წარმოქმნილი ყოველი დაპირისპირებისას ერთ მხარეს სახელმწიფოს სახელით არის ენთუზიასტ ადამიანთა მცირე ჯგუფი, მეორე მხარეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარო სრულად და მასთან ერთად იმავე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად როგორც ეს იყო ფალკონეს შემთხვევაში.

„დემოკრატიის“ და „უფლებების“ მახვილი ორგანიზებული დანაშაულის ხელში

90-იანი წლების ბოლოსკენ საკუთრ ინტერესებს ორგანიზებული დანაშაული და მასთან კავშირში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენელი ვიწრო იდეალისტი ჯგუფებისგან, არა პირდაპირი ძალადობის გზით – ოპონენტების განადგურებით, არამედ ირიბი გზით იცავდა. მან რამდენჯერმე წარმატებულად შეძლო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით საკუთარი თავის წამებულად წარმოჩენა, რაც უფრო მასობრივი და ქუჩის აქციების ფორმების კამპანიის სახეს ატარებდა.

Gaspare_Mutolo
გასპარე მუტოლო

განსხვავებით კამორასგან, მაფიამ ბრძოლა უზენაესი სასამართლოს „განაჩენების მკვლელი“ მოსამართლის კორადო კარნევალეს ხელით სცადა. მაფიის წევრმა, მოგვიანებით პროკურატურის ინფორმატორმა გასპარე მუტოლომ ჩვენებაში დეტალურად განაცხადა „ეს იყო Cosa Nostra-სთვის მათემატიკური უტყუარობის მსგავსი რამ, რაც ეფუძნებოდა მაფიის ადვოკატების შეხედულებებს, თუ უზენაესი სასამართლო შეცვლიდა ფალკონეს მიერ ჩვეულებრივ სასამართლოში მიღწეულ განაჩენს, მაფია ერთდროულად ორმაგ შედეგს მიიღებდა – დაპატიმრებულთა განთავისუფლებას და საბოლოოდ კი ფალკონეს პროფესიონალიზმის გაცამტვერებას, რომელიც გამოჩნდებოდა უდანაშაულო მსხვერპლების მდევნელი“.

2000-იანი წლების დასაწყისში სწორედ ასეთ სახელმწიფოს მცირე ჯგუფთან შეტაკებას მოჰყვა იტალიაში ციხეების გადატვირთულობა. მაგალითად, ნეაპოლის 900 კაციან ციხეში უცებ 2500 პატიმარი აღმოჩნდა. ქვეყნის მასშტაბით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების რაოდენობა აჭარბებდა სასჯელმისჯილთა რაოდენობას. საპირისპიროდ კი კამორამ სამოქალაქო პროტესტის ფორმებს მიმართა. კამორისტების ოჯახის წევრები და მეგობრები აქციებს აქციებზე აწყობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ იტალიის „უსამართლოდ გასამართლებულთა ასოციაციამ“ მუდმივი შიმშილობის მოწყობები დაიწყო, როგორც ციხის გარეთ, ასევე ციხის შიგნით. ოფიციალური სტრუქტურები ადასტურებდნენ შიმშილობის აქციაში პატიმართა 70%-ის მონაწილეობის მიღების ფაქტს. მარტო 1999-2000 წლებში შეიქმნა ისეთი დრამატული ფონი, რომ საზოგადოების ნაწილი დარჩა ნეიტრალური, უდიდესი ნაწილი კი კამორისტების მორალური მხარდამჭერი იყო. გადატვირთულობის შედეგად ციხის თანამშრომლების და პატიმართა შეფარდებამ შეადგინა 1:90-ზე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა ასობით პატიმრის თვითდაზიანების შემთხვევა, მხოლოდ 1999-2000 წლებში 920 თვითმკვლელობის მცდელობა, საავადმყოფოში გადაყვანილი 100 პატიმრის სიკვდილი და ციხეში მომხდარი დღემდე დაუდგენელი 83 „საეჭვო გარემოებაში“ სიკვდილი. 1999 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ყველაზე მეტი გადაწყვეტილება, რეკორდული 44 სახით იტალიის წინააღმდეგ გამოიტანა. მთელ ამ პროცესში კამორას არ ჩაუდენია არცერთი ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა მის „დაჩაგრულის“ იმიჯს.

საბოლოო ჯამში ამ სურათმა ხელისუფლებაში მეორედ მოსული სილვიო ბერლუსკონის მისცა იმის გაკეთების საშუალება, რაც 7 წლის წინ პირველ ვადაზე ვერ შეძლო საზოგადოებრივი პროტესტის გამო. ბერლუსკონის ამნისტიით ციხიდან გამოვიდნენ მაფიოზები და კამორისტები, მეგობრები და მეგობართა მეგობრები.  ბერლუსკონიმ თითქმის სრულიად გაანთავისუფლა ყველა მაფიოზე და კამორისტი, შესაბამისად ციხის გადატვირთულობის პრობლემა მოიხსნა, რამაც ავტომატურად გამოიწვია სიმშვიდე, როგორც შიგნით ციხეში, ისე გარეთ საზოგადოებაში ციხესთან მიმართებით.

არსებობს ერთი საყურადღებო რამ კამორას ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც დოზით გავს ქურდულ სამყაროსთან არსებულ ვითარებას. იტალიაში მძაფრი სამოქალაქო პროტესტი დაიწყო კამორისტების ქუჩაში ღია ბანდიტიზმის აღსაკვეთად, მათი ქუჩებიდან გაძევების მოთხოვნით. ამავე დროს, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მათი უხეში, ძალადობრივი ქუჩური თარეშის აღკვეთის სურვილი და არა კამორას როგორც ფენომენის ლიკვიდაციის.

სახელმწიფო ტენდერები  –  კრიმინალების უშრეტი საზრდო

ადამიანები აქციებზე აპროტესტებდნენ კამორას ყოფნას ქუჩებში, მაგრამ სიამოვნებით თანამშრომლობდნენ მათთან ოფისებში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ბიძგი კამორასთვის, როცა მან საქმიანობის სხვა ფორმებით წარმოებაზე დაიწყო ფიქრი. ამას თან ერთვოდა ეკონომიკური სარგებლიანობის ფაქტორიც. კამორამ ქუჩის ბანდიტობიდან „კაბინეტურ ბიზნესმენობამდე“ ტრანსფორმაციის პროცესი დააჩქარა. ამ ისედაც უკვე მიმდინარე, მაგრამ დაჩქარებულმა პროცესმა აჩვენა რომ კამორასთვის ამ მიმართულებას საზოგადოების განაწყენების ნაცვლად პირიქით მისი დიდი მხარდაჭერა და საქმიანი კავშირები მოჰქონდა.

ტრანსფორმაციის მთავარ, ადრეულ და გარდამტეხ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს 80-იანი წლების დასაწყისში იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომლის შემდეგ თითქმის მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა გახდა აღსადგენი. მიწისძვრის შედეგად სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების უფლება მოიპოვა კამორამაც. ერთის მხრივ ბაზისად გამოიყენა სწორედ რომ წარსული ბანდიტური საქმიანობის, რეკეტის და ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული ფინანსური შესაძლებლობები, რაც თავისთავად ფულის გათეთრებაცაა და ბიზნესის ლეგალიზებაც. მეორეს მხრივ დაიწყო საბიუჯეტო სახელმწიფო თანხების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რაც არცთუ რთული სქემებით შეძლო. გამოცხადებული ტენდერის კორუფციული გზით მიღების შემდეგ კამორისტების ფირმები ბიუჯეტიდან წინასწარი გადახდის სახით ასაშენებელი ობიექტის 20-37% იღებდნენ, შედეგად ობიექტის მშენებლობა თვეების განმავლობაში, ზოგჯერ კი წელიწადზე დიდხანს არ იწყებოდა. ბიუჯეტიდან ავანსად აღებული თანხა კი სულ სხვა, ბევრად უფრო მომგებიან ბიზნესში მიდიოდა, იქ სარგებელის მოტანის შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა და იწყებოდა მშენებლობა.

Patria Lago cartina dettagliata
Lago di Patria – გზატკეცილი, რომლის რეაბილიტაცია კამორას ერთ-ერთი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა

წარმატებით იყენებდნენ ქვეკონტრაქტორების დაქირავებას. ეს ისეთი შემთხვევებია, როცა რომელიმე ფირმა იღებს სახელმწიფო ტენდერს და შემდეგ მიმდინარე სამუშაოების პროცესში ქირაობს სხვა ფირმებს, რითაც ტენდერის გარეშე ზრდიდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას. განსაკუთრებულად იყენებდნენ კიდევ ერთ მექანიზმს. პროექტის დაწყების ხშირ, ხანგრძლივ გადავადებას. იგებდნენ ტენდერს, მერე სახელმწიფო აღმოაჩენდა, რომ უფრო მეტის გაკეთება ყოფილა საჭირო და იწყებოდა ჯერ პროექტის გადავადება, მერე მოყვებოდა პროპორციულად გაზრდილი დაფინანსება. მაგალითად, Lago di Patria გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია საწყის ეტაპზე 1985 წლის თებერვალში შეფასდა 102 მილიონ დოლარად, 1985 წლის ოქტომბრისთვის მისი ფასი აღმოჩნდა 136 მილიონი დოლარი, 1986 წელს 272 მილიონი დოლარი გახდა, ხოლო 1988 წლამდე საქმიანობის გაწელვით ფასმა 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ან მაგალითად Conte di Sarno-ს არხის რეაბილიტაცია დაიწყო 37 მილიონი დოლარით და 1988 წლამდე მუშაობის გაჭიანურებით მისი რეაბილიტაცია ჯდებოდა 400 მილიონი დოლარი.

არსაიდან შეიქმნა მილიონერების სრულიად ახალი ფენა, ძირითადად რეგიონალური დონის პოლიტიკური აქტივისტების სახით. თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ეს კამორასთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო, საქმეში ჩართული ყავდათ ყველა ვინც გააჩნდათ და არა საჭირო პროფესიონალები და სპეციალისტები. თავიდან მშენებლობის ბიზნესი კომიკურად ვითარდებოდა, აშენებდნენ ყველაფერს უხარისხოდ, გარდა ამისა უფუნქციოდ, მაგალითად – „არსად მიმავალ გზას“, წყლის რეზერვუარებს წყლის გარეშე, ხიდებს არასწორ ადგილზე და ა.შ. მაგრამ პროცესი ნელ-ნელა დაიხვეწა და უკვე გუშინდელი ბანდიტები არა მხოლოდ დღევანდელი მილიონერები იყვნენ, არამედ პროფესიულ საქმიანობაშიც დაიხვეწნენ.

არჩევნები და პოლიტიკა – კრიმინალის სარფიანი ბიზნესი

კამორა სამთავრობო ფულის საკუთარ ნებაზე გამოყენებამ პოლიტიკურ, საარჩევნო ხმების ბიზნესამდე მიიყვანა.

politics-and-crime

უკვე კამორამაც, მაფიის მსგავსად სახელმწიფოსთან “საარჩევნო კონტრაქტი” გააფორმა, რაც იტალიური პოლიტიკური სისტემის გამო საკმაოდ ურთიერთმომგებიანი გამოდგა. კამორას სახელმწიფოსთან უკვე მარტო ციხესთან დაკავშირებული კონტრაქტი არ აკავშირებდა. პოლიტიკური სისტემის ეს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იტალია დღემდე კლიენტ-პატრონიზმის სისტემას ეფუძნება, რომლის პირობებში ორგანიზებული დანაშაული უზრუნველყოფს პოლიტიკურ პარტიებს ხმებით არჩევნებისას, ხოლო მთავრობა სანაცვლოდ უკან უბრუნებს მადლობას კამორისტების სახელმწიფო სექტორში დასაქმების სახით. აქ ადგილი არ აქვს  კორუფციის ისეთ ფორმას როგორც ქრთამის სახით ფულის მიცემა ან აღებაა, მთელი ეს პროცესი თითქოს პირდაპირ ურთიერთდაუკავშირებელ ადამიანებს შორის მიმდინარეობს, არჩევნებზე X-მა შეიძლება B-ს მისცეს ხმა, მაგრამ X-ი სამსახურს A-სგან მიიღებს.

აქ საუბარია კამორას თვითორგანიზებაზე ხმების ვაჭრობის თაობაზე, თორემ იტალიური საარჩევნო სისტემისთვის ეს უცხო მანამდეც არ იყო. უფრო მეტიც, თვითონ კამორასაც ჰქონდა ამ სახის ურთიერთობების მცდელობა სახელმწიფოსთან. მაგალითად, 1970-იან წლებში სახელმწიფომ  დანაშაულის რეციდივის შესუსტების მიზნით, სახელმწიფო სექტორში დაიწყო ყველა პატიმრის დასაქმება ვინც ციხეს ტოვებდა, მაშინ საქმე ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა, რომ ადამიანები ნასამართლეობის ცნობას ყიდულობდნენ სახელმწიფო სამსახურში მოსახვედრად.

martucci

ახლა კი სრულებით სხვა რამ იყო სახეზე – ორმხრივი ორგანიზებული დაინტერესება სტაბილურ არჩევნებში. ამ სფეროში კამორამ ნამდვილად დიდი ძალით შემოაბიჯა, ხმების ორგანიზების საუკეთესო უნარები უჩვენა. მაგალითად 1992-94 წლებში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლიბერალური პარტიიდან ალფონსო მარტუჩიმ კენჭი იყარა კაზალ დი პრინციპეში, კაზერტას პროვინციაში. სანამ კენჭს იყრიდა ის კამორისტების ადვოკატი იყო, როცა არჩევნებში კამორისტებს დახმარება თხოვა განსაცვიფრებელი შედეგი დადგა, იმ რეგიონში ლიბერალებს არასდროს აუღიათ 1.2%-ზე მეტი, ალფონსომ არჩევნებზე რეკორდი მოხსნა – ლიბერალებმა 26.7% აიღეს. რა თქმა უნდა ამ სისტემის ორგანიზებამდე დიდი ხნით ადრეც ეხმარებოდნენ კამორისტები ცალ-ცალკე პოლიტიკოსებს, მაგრამ ეს უფრო მეგობრული ჟესტი იყო, ვიდრე ბიზნესზე ორიენტირებული. მაგალითად, აღმოჩენილია სენატორ ფრანჩესკო პატრიარქას მიერ 1974-76 წლებში ციხეში მყოფი კამორისტი ჩირო იავარონესთვის მიწერილი წერილები, სადაც მადლობას უხდის საარჩევნო კამპანიაში ციხიდან აღმოჩენილი დახმარებისთვის.

საარჩევნო ხმების გაყიდვა ძალიან ურთიერთმომგებიანი ბიზნესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კამორა სახელმწიფო ტენდერებიდან ქვეკონტრანქტორების დაქირავების სისტემით, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს „აჭმევდა პურს“, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ქვეკონტრაქტორად იყვანდა მათ ფირმებს, არჩევნების დროს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, მხარს სახელისუფლებო ძალების შენარჩუნებას უჭერდა. მეთოდებს კი მრავალფეროვანს იყენებდა: ოპონენტების დაშინებას, ფიზიკურ გასწორებას, უბრალოდ ამომრჩევლის მოსყიდვას.

დემოკრატიულობა ნაკლებად ძალადობრივი ფორმების გამოყენებას ითხოვდა. ამ მეთოდების დახვეწისას კი ისეთ ლაფსუსებსაც ჰქონია ადგილი, როგორიც მაგალითად 1990 წელს კამორას მხრიდან მასიურ ჩართვას მოჰყვა მუნიციპალურ არჩევნებში. ერთდროულად გამოვლინდა დარღვევები კაზორიაში, ნეაპოლში, პოცცუოლიში, სან-ჯუზეპე-ვეზუვიანოში, სავიანოში, ტოლე-დელ-გრეკოში. ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ მათგან ნაწილში ჩაყრილი ბიულეტენები აღემატებოდა ელექტრონულ სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. იყო  ამომრჩეველთა მოსყიდვის უცნაური ფორმებიც, მაგალითად,  დაპირდნენ ამომრჩევლებს თუ არჩევნებზე მოვიდოდნენ გადასახადებისაგან გაანთავისუფლებდნენ, რაც გააკეთეს კიდეც. 1993 წელს მარანოში 9000 ადამიანი  უბრალოდ გაქრა კომუნალური გადასახადის სიიდან და ვერც ვერავინ გაიგო როგორ და რატომ.

როგორც არ უნდა იყოს, ადგილობრივ არჩევნებს იტალიაში მაინც არ აქვს დიდი ტრადიცია, ასე რომ კამორას გზადაგზა სწავლა არ გაჭირვებია, პარალელურად ეროვნულ დონეზე შეღწევაც მოახერხა. ძალიან მალე უკვე ნებისმიერი კანდიდატი ნებისმიერ დონეზე მით უფრო მეტ საარჩევნო ხმებს იღებდა, რაც უფრო მეტად იყო ასოცირებული კამორასთან.

სხვათაშორის სამედიცინო დაზღვევის სფეროშიც კამორამ მოძრაობა მუნიციპალური დონიდან – ქვემოდან ზემოთ დაიწყო. მაგალითად, კასტელამარე-დი-სტაბიაში კამორამ პირველ ეტაპზე პაციენტთა კვების კანტრაქტით შეაბიჯა, იმდენად მაღალი ტარიფი დააწესა ერთ პაციენტზე, რომ ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე წმინდად ამ ბიზნესიდან ამოღებული თანხით ააშენა საავადმყოფოს დამატებითი ფლიგელი. მართალია დროში დიდი ხანი დასჭირდა – 10 წელი, თუმცა ესეც მხოლოდ მომგებიანობის გამო, ის რაც თავდაპირველ ეტაპზე 1.6 მილიონი დოლარი უნდა დამჯდარიყო, საბოლოოდ 8 მილიონ დოლარად შეასრულა. სტანდარტულად 20% მიმდინარე ქრთამებს ხმარდებოდა. ეს ერთი პატარა მაგალითია, თუმცა ისევ სამედიცინო დაზღვევიდან უსინდისო სარგებლის ერთ კარგ მაგალითად გამოდგება ნეპოტიზმის ის ხარისხი, რასაც კამორა მიმართავდა. იმავე რეგიონალურ სამედიცინო დაფინანსებას მხოლოდ ერთ 1992 წელს 80 მილიონ დოლარიანი დეფიციტი გაუჩნდა. როცა კვლევა ჩატარდა, აღმოჩნდა რომ დაგეგმილი ბიუჯეტის 80 მილიონით გადაჭარბება მხოლოდ და მხოლოდ გაზრდილ შტატებზე გაურკვეველ ახალ შექმნილ თანამდებობებზე გაურკვეველი პროფესიის ხალხის დანიშვნით, მათი ხელფასებით და მათზე გაწეული სხვა ადმინისტრაციული ხარჯებით იყო გამოწვეული. თუმცა ეს პრობლემებიც დაიძლია, მოგვიანებით უფრო და მეტი საავადმყოფოს მართვაც აიღო საკუთარ თავზე.

კამორას წარმატება კლიენტ-პატრონიზმის სისტემაში იმაში მდგომარეობს, რომ ის უფრო ახლოს აღმოჩნდა საზოგადოების უფრო ფართო ფენებთან, შედეგად უფრო მეტს კვებავდა და უფრო მეტ ხმას აგროვებდა. მიუხედავად საქმიანობის ასეთი გამრავალფეროვნებისა, მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო ხმების მობილიზების გამო ფართოდ არის  წარმოდგენილი ბიზნესი, ორივე მიზეზის ერთობლიობით ფლობს უდიდეს პოლიტიკურ კავშირებს და გავლენებს.

დღეს კამორა უკვე სრულად არის შერწყმული პოლიტიკასთან. მშვენივრად მუშაობს პრინციპი – „მეტი კამორისტი მეგობარი, მეტი ხმა არჩევნებში“, განსაკუთრებით ადგილობრივზე, თუმცა როგორც ფალკონეს დროს თვით ფალკონესთვისაც კი და დანარჩენი მსოფლიოსთვის კამორას ცნობადობა მაფიასთან შედარებით კვლავ ძალიან, ძალიან დაბალია.

05d5d9e541f7f6e26373ff6add9d8ff2--private-sector-dads

წლები კი დასჭირდათ კამორისტებს, მაგრამ დღეს პოლიტიკოსების და კამორისტების ნახვა თავისუფლად შეიძლება საჯარო შეხვედრებზე, მაგრამ ამას ახლა პოლიტიკოსის და ბიზნესმენის შეხვედრა ჰქვია.

კამორამ, რომელიც წლების განმავლობაში არსად გვესმოდა, მაფიას ყველა მასშტაბით გაუსწრო. 1992 წლიდან 2007 წლამდე იტალიაში გაიცა 1725 მაფიოზის დაპატიმრების ბრძანება, კამორას წევრობისთვის კი იგივე პერიოდში თითქმის ორჯერ მეტი – 2368.

პოლიციამ მაფიისგან მოახდინა 204 მილიონი ევროს კონფისკაცია, იგივე პერიოდში კამორასგან კი 498 მილიონი ევროსი.

ასე რომ თუ ორგანიზებულ დანაშაულთან არ მიმდინარეობს ორგანიზებული ბრძოლა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, უფრო პირიქით, რაც უფრო ნაკლებად გვესმის მის შესახებ, მით უფრო იძენს ის ძალებს.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში სწორედ ასეთი ვითარებაა, როცა არაფერი გვესმის ორგანიზებულ დანაშაულზე, ის კი მშვიდად და სისტემურად გვაცლის სახელმწიფოს ხელიდან.

 

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s