Cosa Nostra პოლიტიკურად…

პოლიტიკა და მაფია ორი ძალაა ერთსადაიმავე
ტერიტორიაზე, სადაც მათ ან ომი უნდა აწარმოონ
ან შეთანხმებას უნდა მიაღწიონ
პაოლო ბორსელინო

23 მაისს ევრონიუსის მთავარ ამბებში ვნახე ფალკონეს მკვლელობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი იტალიაში. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ ის ოფიციალური პირები, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ შორის ვინმე იქნებოდა მაფიოზი, ვინმე კამორისტი. საქართველოში ყველას გაგვიგია მაფიის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მაინც ცოტა ვიცით იტალიაში ორგანიზებულ დანაშაულის არსზე, კრიმინალის მიერ სახელმწიფოსა და პოლიტიკის მართვის მეთოდებზე. საქართველოში ბევრს არ აქვს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც აქტიურად დაუპირისპირდა პოლიტიკისა და კრიმინალის ამ ალიანსს – ჯიოვანი ფალკონეზე და მის თანამებრძოლ პაოლო ბორსელინოზე, რომლის მკვლელობის 25 წლისთავი დღეს, 19 ივლისს არის.

images (2)
ჯიოვანი ფალკონე (მარცხნივ) და პაოლო ბორსელინო

თამაშის წესები

მიუხედავად იმისა, რომ პალერმოს სასამართლოს „მაქსი-პროცესმა“ ფალკონეს მსოფლიო ცნობადობა და დიდი ავტორიტეტი მოუტანა, სინამდვილეში ამ წარმატებულმა ანტიმაფიოზურმა გამოძიებამ მას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. იმ დღეებიდან მოყოლებული ფალკონეს ცხოვრება და საქმიანობა სიკვდილის დღემდე უფრო პრობლემური აღმოჩნდა ვიდრე მანამდე.

მაქსი თრიალის გახსნა 1986
პალერმო, 1986 წ. მაქსი-პროცესის (Maxi-trial) გახსნა – სასამართლო პროცესი მაფიის წინააღმდეგ

„მაქსი-პროცესის“ მიმდინარეობის პერიოდშიც კარგად ჩანდა ორგანიზებული დანაშაულის, პოლიტიკის და სასამართლოს ერთ ხმაში მოქმედება. „მაქსი-პროცესზე“ უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს წევრებისთვის უამრავ ადამიანს მიესაჯა სასჯელები, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ციხე ძალიან მალე დატოვა. უმთავრეს დამნაშავეებს კი ეს მოკლე პერიოდიც თითქმის არ უგრძვნიათ იმ განსაკუთრებული პირობების გამო, რომელშიც იმყოფებოდნენ, პრაქტიკულად სასტუმროში ცხოვრობდნენ როგორც მომსახურების, კომფორტის, ასევე დროის თვალსაზრისითაც. პროცესი ძალიან ცინიკურად განვითარდა, ბუნებრივია ყველა მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა. პოლიტიკოსებმა უზრუნველყვეს ჩვენთვის ცნობილი ე.წ. „საქმის დაწერის“ წესი, რომლის მეშვეობითაც ყველა ეს საქმე ხვდებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლე კორადო კარნევალეს ხელში, რომელმაც 400 განაჩენი გაუგებარი მიზეზით ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა. მიუხედავად იმისა რომ „მაქსი-პროცესი“ მთელი ერის თვალწინ მიმდინარეობდა, მის მიმართ არნახული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, როგორც კი კონკრეტული საქმე სასამართლოს უზენაეს ინსტანციამდე – კარნევალემდე მიაღწევდა, ყველაფერი ისევ სამართლის სახელით წყალში იყრებოდა. ასე დაიმსახურა მოსამართლე კარნევალემ ზედმეტსახელი „განაჩენების მკვლელი“. კანონის თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში იყო, უზენაესი სასამართლოს განაჩენი საბოლოო, თანაც გამამართლებელი, ანუ ჰუმანური გადაწყვეტილება რეპრესიულის საპირწონედ. გამაოგნებელი კი ის იყო, რომ უზენაესი სასამართლოს ერთი მოსამართლე რამდენიმე კოლეგასთან ერთად საკმარისი იყო შავი თეთრად გამოეცხადებინა და საერთოდ ეჭვქვეშ დაეყენებინა მაფიის არსებობის საკითხი. „მაქსი-პროცესი“ იყო მთავარი მოვლენა რომელმაც საყოველთაო ცნობადობა მოუტანა ფალკონეს და ბორსელინოს, პროცესი რომელიც ენთუზიასტი იდეალისტი გამომძიებლების მიღწევა იყო, მაგრამ პოლიტიკოსთა და უზენაესი სასამართლოს მაფიასთან გარიგებამ ცირკად აქცია.

maqsi trial
პალერმო ,1986წ. მაფიის წევრები სასამართლო პროცესზე

„მაქსი-პროცესის“ შედეგად ფალკონეს სახალხო იმიჯი შექმნისთანავე გახდა მისთვისვე მთავარი პრობლემა, მისივე პერსონალური რეპუტაციისთვის. სინამდვილეში მსოფლიო ცნობადობის მქონე ფალკონე არასდროს ყოფილა „მაღალი თანამდებობის პირი“, უფრო სწორედ ყოველთვის მეორეხარისხოვანი თანამდებობა ეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ხარისხის და მსოფლიო მასშტაბის გამოძიებებს ატარებდა.

მალე იმ რეგიონალურ დანაყოფში სადაც ფალკონე მუშაობდა მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური გახდა. ბუნებრივია, ფალკონემ  შეიტანა განაცხადი. გულწრფელად სწამდა, რომ ამ პოსტს არა მხოლოდ მიღწეული წარმატებების გამო იმსახურებდა, არამედ ბევრად ფართო და ეფექტური გამოძიებების წარმოებას შეძლებდა, მაფიისთვის უფრო მასშტაბური დარტყმების მიყენებას. გულუბრყვილოდ დარწმუნებული იყო, რომ ამ ადგილს მიიღებდა.

Corrado_Carnevale
მოსამართლე კორადო კარნევალე – “განაჩენების მკვლელი”

თუმცა ომში ყველაფერი სხვანაირად განვითარდა, სასამართლო სისტემის მესვეურების და პოლიტიკოსების მიერ ამომრჩეველ კომისიაში მანიპულაციების მთელი წყების ჩატარების შედეგად „ცალსახად ფალკონეს ადგილი“ სხვამ დაისაკუთრა. მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ მიხვდა ფალკონე საკუთარი მდგომარეობის სირთულეს. ფალკონე თვლიდა, რომ მიხვდა თამაშის წესებს. ისინი კლავენ თანამდებობის პირს, როცა ფატალური კომბინაცია დგება, როდესაც იწყება მაფიისთვის სახიფათო ადამიანის  იზოლირებს პროცესი.

სასიკვდილო განაჩენი – დისკრედიტაცია და იზოლირება

„მაქსი-პროცესზე“ ფალკონეს უკვე დამტკიცებული ჰქონდა, რომ საშიში იყო, ხოლო ის რომ პოლიტიკური და იურიდიული წრისგან იზოლირებული აღმოჩნდა, ეს სულ ახლახანს, ამ არჩევნებზე შეიტყო. ამიტომაც, იმავე საღამოს არჩევნების შემდეგ 1988 წ. 19 იანვარს რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა „მე უკვე მკვდარი ვარ“. ეს არ იყო წინათგრძნობა, ეს სიტუაციის გათვითცნობიერება იყო. მის სიკვდილამდე კიდევ 4 წელი იყო დარჩენილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის 4 წელი იმიტომ გაძლო, რომ იზოლირების ხარჯზე ნაკლებ საშიშად რჩებოდა. ბუნებრივია მას მუშაობა და ბრძოლა არ შეუწყვეტია. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არც მისი მკვლელობა მოხდებოდა და საერთოდაც იდეალისტი ადამიანების სახელები იმიტომაც ვიცით, რომ ისინი საკუთარ იდეებს სიცოცხლის ფასად ემსახურებიან.

ახალი უფროსის პირობებში ფალკონეს ხელები შეკრული აღმოაჩნდა. მოქმედების თვალსაზრისით იმდენად შეზღუდეს, რომ ერთი პერიოდი სრულიად რეალისტური განცდა არსებობდა – მას სამსახურის დატოვების გარდა სხვა გზა არ რჩებოდა, მაგრამ არაფრის კეთებას და სახლში წასვლას ბრძოლა არჩია, თუნდაც შეკრული, თუნდაც ცალი ხელით.

download (2)
1982 წ. პალერმო. სალვატორე (სალვო) ლიმა  – მაფიასთან დაახლოებული იტალიელი პოლიტიკოსი, პალერმოს მერი. მოკლა მაფიამ 1992 წ. დავალების შეუსრულებლობის გამო

ამ პერიოდში დაიწყო დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია ფალკონეს რეპუტაციის წინააღმდეგ, ამ კამპანიის მთავარი მიზანი იყო თუ საბოლოოდ ვერ გაანადგურებდა ფალკონეს, მაშინ ენთუზიასტი, იდეალისტი ანტიმაფიოზის იმიჯს მნიშვნელოვნად მაინც შეურყევდა. ფალკონე ხედავდა როგორ ცდილობდნენ მისი სახელის შებღალვას, რადგან ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ანონიმური წერილების, ანონიმური წყაროების პერიოდად იქცა. ერთის მხრივ მას პირადად უგზავნიდნენ ანონიმურ წერილებს მისი სიკვდილის თარიღით, რაც ძირითადად მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმდებას ისახავდა მიზნად, მეორესმხრივ კი პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები და ჟურნალისტები ღებულობდნენ ანონიმურ წერილებს, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა – ფალკონეს პერსონალური დისკრედიტაცია და რაც შეიძლება ფართო მასშტაბით. ეს წერილები ნამდვილად იყო ისეთი ფორმით შედგენილი, რომ დამაჯერებლობის ელემენტი გააჩნდა. როგორც წესი, წერილი შეიცავდა რამდენიმე ნამდვილ, საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტს ფალკონეს შესახებ, მაგალითად ისეთი თუ კონკრეტულ დროს სად იყო, ვის შეხვდა, რა თქვა, რას აპირებდა, რაც თავისთავად არანაირ „ცუდ“ ან „ბოროტ“ ქმედებას არ გულისხმობდა, უბრალოდ თუ ვინმე დაინტერესდებოდა, ყველა ამ ფაქტის დადასტურება იყო შესაძლებელი. წერილში კი მთავარი იყო ის ერთი სხვა ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარებოდა და რომელიც ხან მაფიასთან თანამშრომლობას, ხან კორუფციას, ხანაც საერთოდ მაფიოზის მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებდა. ნელ-ნელა ამ წერილების წყალობით ფალკონე არა ანტიმაფიოზი იდეალისტი, არამედ ვიწრო, საკუთარ ინტერესებს გამოკიდებულ ავანტიურისტად ყალიბდებოდა საზოგადოების თვალში, თანაც ისეთად, რომელიც აქტიურად იყენებდა უკანონო ქმედებებს ცრუ მოწმეების ჩათვლით.

Palermo 1981 Vito Ciancimino (right He was the first Italian politician to be found guilty of Mafia membership
ვიტო ჩიანჩიმინო (მარჯვნივ) – მაფიასთან დაახლოებული იტალიელი პოლიტიკოსი, პალერმოს მერი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან. მაფიასთან კორუფციული გარიგებების შედეგად გასცემდა სამშენებლო ნებართვებს.

ფალკონეს ხელში არანაირი რეალური მექანიზმი არ იყო ამ კამპანიის საწინააღმდეგოდ, თუმცა შექმნილ ვითარებას სრულად ათვითცნობიერებდა, წერილების კამპანიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „თვეებია ხალხი საუბრობს ფალკონე უკვე ჩამოწერილია… ტომაზო ბუშეტას მერე არაფერი აღარ გაუკეთებია… ის გამოძიების არქეოლოგია და დასდევს მაფიის აჩრდილებს, მაფიას, რომელიც დიდი ხანია უკვე აღარ არსებობს… ის რაღაც მანევრებს იმიტომ ატარებს, რომ რამე კარიერული სარგებელი მიიღოს… ფალკონე ქრიასტიან-დემოკრატების კაცია, ფალკონე კომუნისტების მეხუთე კოლონაა – ეს მწყობრი მუშაობა ემსახურება მიზანს სამთავრობო წრეებში მაქციონ არასაიმედო პროკურორად…  წესიერ ადამიანებს უკვე წუხილები აქვთ, ეჭვები უჩნდებათ… ამ ანონიმური წერილების ნაკადმა თითქოს გაარღვია ჩემი ჯავშანი, რათა მოახდინოს ჩემი იზოლირება, ჩემი დისკრედიტაცია და შელახოს რეპუტაცია, ეს კი ნიშნავს, რომ მაფიამ იცის, როგორ განსაზღვროს და შექმნას წინაპირობა სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად. მაფია ფიქრობს ჩასადენი დანაშაულის შედეგებზე და იმასაც გეგმავს თუ როგორ უნდა იმოქმედოს შემდეგ“.

tomaso busheta.jpg
ტომაზო ბუშეტა – მაფიის ბოსი, შემდგომში გახდა პროკურატურის ინფორმატორი. პირველად დაკითხა ფალკონემ. სწორედ მისი ჩვენებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა მაფიის წევრების მასიური დაკავება. მან ასევე გასცა ინფორმაცია cosa nostra-ს “ქცევის კოდექსზე”

ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ფალკონე აგრძელებდა მუშაობას. როგორც ჩანს იზოლირებული კი იყო, მაგრამ არც სათანადოდ დისკრეტირებული და არც სათანადოდ საშიში, რომ მუშაობა ვერ გაეგრძელებინა. 1989 წლის ზაფხულში პალერმოდან რამდენიმე კილომეტრში ზღვისპირა ქალაქ ადდაურაში მან და მისმა მეუღლემ ზღვისპირა სახლი იქირავეს. თითქმის ყოველდღე კოლეგებს ამ სახლში ეპატიჟებოდა, სადაც მუშაობაც და ზღვაზე დასვენებაც შეიძლებოდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს დაცვამ მოულოდნელად იპოვა სპორტულ ჩანთაში მოთავსებული ნაღმი ადდაურას სახლის სანაპიროზე. ფალკონე მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ პალერმოში გადაიყვანეს. ნაღმის დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს პროფესიონალურ დონეზე შექმნილი ასაფეთქებელი საშუალება იყო, რომელიც ისე იყო მოწყობილი, რომ თვითაფეთქების და დისტანციური აფეთქების ორი მექანიზმი გააჩნდა. მაგრამ დეტალური დათვალიერებით აღმოჩნდა რომ აკლდა ერთი პატარა დეტალი, რომლის გარეშეც აფეთქება შეუძლებელი იყო. ეს ძალიან უცნაური იყო. გამოძიებისთვის სხვადასხვა ვერსიებიც კი წარმოიშვა, მაგრამ რეალობა ძალიან მალე გაირკვა.

ადდაურას ზაფხულის ვილა
1989 წ. ფალკონეს საზაფხულო სახლი, სადაც აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერება

ფალკონე თვითონ გაწონასწორებულად შეხვდა „სიკვდილის განაჩენს“, რადგან მას პირადი საფრთხეების მიმართ ერთგვარი შინაგანი იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ციხეში პატიმრების მხრიდან მისი მძევლად აყვანის და მოგვიანებით პატიმრის მხრიდან მკვლელობის მცდელობის გამო, თუმცა მიისმა მეუღლემ შოკის გამო 48 საათი მეტყველების უნარი დაკარგა. ფალკონეს გაუჩნდა განცდა, რომ მისი მოკვლა მაფიაზე უფრო ხელისუფლების ინტერესში იყო და თუ ასე მოხდებოდა მაფიას მკვლელობაზე აუცილებლად ხელისუფლება უბიძგებდა, ეს შეხედულება მას არ დაუმალავს, მეგობრებსაც გაუზიარა.

პალერმოს საზოგადოებაში კი ამ ინციდენტს ცოტა ცინიკური დამოკიდებულება მოჰყვა: „რა ნაღმი? რის ნაღმი? მაფიას თუ მოკვლა უნდოდა მოკლავდა კიდეც“, “მაფია შეცდომებს არ უშვებს” და მსგავსი ფრაზები იყო მომხდარის შეფასებისას ყველაზე ხშირად გამოყენებული. კრიმინალური პოლიციის უფროსმა ანტონიო მანგანელიმ, რომელიც ფალკონეს მეგობარი იყო, ბომბის და წერილების კამპანიაში ნათლად დაინახა სტრატეგია, რომელიც ახდენდა ფალკონეს როგორც სახელმწიფო მოხელის დისკრედიტაციას. მისი სიტყვებით „სოციალური კოლექტიური სახალხო ტრიბუნალისთვის მიუღებელია სახელმწიფო მოხელის მოკვლა სანამ ის მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს, მაგრამ თუ რამე სხვა სიბინძურეში ჩაერთვება ეს უკვე სხვა საკითხია. აი, მაგალითად თუ ფალკონე არა მარტო მაგისტრატი, არამედ მანიპულატორი სახელმწიფო მოხელეა, მაშინ დასაშვებია, რომ მას ნებისმიერი რამ მოუვიდეს“.

ვერ ვიტყვი რომ ფალკონეს არ აწუხებდა მის გარშემო განვითარებული მოვლენები, ალბათ უფრო არ შეეძლო მიეკვლია იმათთვის, ვინც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ნაღმის ისტორიამ თავისთავად იმოქმედა ფალკონეს დასახმარებლად. ნაღმიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და ერთ მემარცხენე ჟურნალისტს მოუვიდა ანონიმური წერილი, სადაც სიტყვა-სიტყვით ეწერა:

„მე ვიყავი მაფიის წევრი კარგა ხნის განმავლობაში, მაგრამ ახლა უკვე დავიღალე და აღარ ვარ. დინამიტი ფალკონესთვის მაფიას არ ჩაუდია, ეს მე გავაკეთე ჩემს ხალხთან ერთად, რადგან ფალკონემ თვითონ გვთხოვა, ვინაიდან მისი კარიერული წინსვლა იდგა რისკის ქვეშ“.

ეს ბრიყვული და თანაც თავხედური ტყუილი მაინც აღმოჩნდა ეფექტიანი, ბევრი ისეთი გამოჩნდა ვისაც ძალიან უნდოდა ამ „სიმართლის“ დაჯერება.

წერილები მისდიოდა ანტიმაფიური საქმიანობის უმაღლეს კომისარს დომენიკო სიკას, რომელიც ფალკონეს მიმართ ისედაც არ გამოირჩეოდა კეთილი განწყობით, მან გადაწყვიტა თვითონ დაედგინა, თუ საიდან მოდიოდა ეს ცილისმწამებლური წერილები, ფალკონესთან კონსულტაციის შემდეგ სიკამ უშუალოდ აუღო თითის ანაბეჭდები ფალკონეს კოლეგას, შეიძლება ითქვას თანამებრძოლს – პროკურორ დი პიზას. სწორედ ის იყო ერთ-ერთი ვისზეც ეჭვი მიიტანა ფალკონემ. სიკამ თითის ანაბეჭდები იტალიის უსაფრთხოების სამსახურის ლაბორატორიაში გაგზავნა შესადარებლად, პასუხის მიღების შემდეგ ფალკონეს პირადად დაურეკა და უთხრა, რომ არსებულ წერილებზე არსებული ანაბეჭდები დი პიზასი აღმოჩნდა. ეს იმდენად უცნაური არ იყო იმასთან შედარებით რაც მეორე დღეს მოხდა, უკვე სიკას აპარატიდან დაურეკეს ფალკონეს და უთხრეს, რომ დი პიზასთან დაკავშირებით შეცდომა მოუვიდათ. უფრო მეტიც, ცოტა ხანში უთხრეს, რომ არა თუ დი პიზა, არამედ ვერც ვერავის თითის ანაბეჭდს ვერ შეადარებდნენ, რადგან წერილზე უბრალოდ ამისთვის საკმარისი თითის ანაბეჭდი არ იყო. ფალკონესთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სულელი იყო უმაღლესი კომისარი, რომელსაც ასეთი შეცდომები მოსდიოდა თუ დამნაშავეს აფარებდა ხელს, მაინც იბრძოლა იმისთვის, რომ დი პიზა სხვაგან გადაეყვანათ. გადაწყვეტილებას მიაღწია, აღსრულებას ვერა.  მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ფალკონეს იმიჯს, რეპუტაციას ვიღაც ხელისუფლების წრეებიდან ანადგურებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ფალკონე მუშაობას აგრძელებდა, განსაკუთრებული შევიწროვების და დისკრედიტაციის ფონზე მაინც არც თუ უმნიშვნელო გამოძიებებს აწარმოებდა, მაგრამ ფაქტია მაფიისთვის უკვე ისე საშიში არ იყო.

 ჭეშმარიტების მომენტი – მაფიის კოცნა

რაც უფრო დრო გადიოდა ფალკონე პალერმოში პრაქტიკულად უფუნქციო ხდებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში იტალიაში დიდი პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, რამაც თავის მხრივ ფალკონეს მისცა საშუალება სამუშაოდ გადასულიყო რომში იუსტიციის სამინისტროში. ეს გადასვლა ნამდვილად გავდა სრულიად უფუნქციოდ დარჩენას. საუბარი იყო იმაზე, რომ ფალკონე თვითონ შეიმუშავებდა ახალ სტრუქტურას, რაღაც სუპერ-პროკურორის თანამდებობით, მაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიანებით თვითონვე დაიკავებდა ამ თანამდებობას.

download (3)
1978 წ. პალერმო. მაფიის კოცნა- გადმოცემით მაფიის ბოსის კოცნა ნიშნავდა სასიკვდილო განაჩენს

თავდაპირველად მაფიაში ეს გადანიშვნა ფალკონეს სრულიად ჩამოწერად აღიქვეს, ყველა იმაზე ფიქრობდა, რომ უახლოეს მომავალში ფალკონეს სამხრეთ ამერიკის რომელიმე ქვეყანაში საელჩოში გაგზავნიდნენ სამუშაოდ. მაგრამ ასე არ ფიქრობდა თვითონ ფალკონე, ძალიან ბევრს მუშაობდა ახალი ცენტრალიზებული, ფართო შესაძლებლობების ანტიმაფიური სტრუქტურის შესაქმნელად. ასევე მუშაობდა საჭირო კადრების მოძიებაზეც. ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხრა – „არა აქვს მნიშვნელობა ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა როგორ გამოვა ან ვის ავირჩევთ პრეზიდენტად, მაფიის წინააღმდეგ ბრძოლა არაფრის ფასად არ უნდა შეწყდეს“.

ფალკონე საერთო კონტექსტში კი იყო იზოლირებული, ყოველგვარი ბერკეტის გარეშე დარჩენილი, მაგრამ დიდი ალბათობით უკვე ძალიან ახლოს იყო ახალ პოზიციასთან, ახალ ძლიერ ანტიმაფიურ ბერკეტებთან, რომლის მეშვეობით ჯერ არნახული ანტიმაფიური კამპანიის მომსწრე შეიძლებოდა გამხდარიყო იტალია.

თუ ფალკონეს ექნებოდა შანსი ალალი მძლავრი ანტიმაფიური ტალღის ინიცირების, როგორც ყოველთვის მასთან ერთად აუცილებლად იქნებოდა ბორსელინო, რადგან ამ ორს ქონდათ განსაკუთრებულად მასშტაბური ხედვა, შეეძლოთ მაფიის სრულფასოვანი აღქმა, რაც ჭირდებოდათ იყო მხოლოდ ბერკეტები. ხედვის მასშტაბებზე მიუთითებს სწორედ ბორსელინოს ბოლო ინტერვიუ, რომელიც მან ფალკონეს სიკვდილამდე 2 დღით ადრე მისცა და სადაც საუბრობდა ჯერ კიდევ მხოლოდ ბიზნესმენ სილვიო ბერლუსკონეს მაფიასთან კავშირზე.

 ასე რომ მაფიისთვის ფალკონე უკვე ძლიერ საშიში ხდებოდა, მაფიას მომავლის კორექტირება უნდა მოეხდინა მისი ლიკვიდაციით.

Falcone e Borsellino
1992 წ. 23 მაისი. აფეთქება ქ. კაპაჩის სიახლოვეს. ფალკონე, მისი მეუღლე და დაცვის სამი წევრი დაიღუპა

23 მაისს ფალკონე მეუღლესთან ერთად ჩაფრინდა პალერმოში. წესით წინა დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ პირადი მოტივით, სრულიად შემთხვევით 23 მაისისთვის გადადო გადმოფრენა. პალერმოში მას დაცვის ესკორტი დახვდა, თვითონ დაჯდა დაჯავშნული მანქანის საჭესთან, რადგან მანქანის ტარება იყო იმ იშვიათი შესაძლებლობებიდან, რაც მას თავისუფლების და სიამოვნების რაღაც განცდას ანიჭებდა იმ წნეხის პირობებში, როგორშიც ცხოვრობდა. მეუღლემ მის გვერდით დაიკავა ადგილი, მძღოლი უკანა სავარძელზე მოთავსდა, ესკორტი დაიძრა. აეროპორტიდან გასვლიდან რამდენიმე წუთში ძალიან მძლავრი აფეთქება მოხდა. ოსტატურად, მაღალპროფესიონალურად დამონტაჟებულმა ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა ფალკონე, მისი მეუღლე და დაცვის წევრები.

images

მილიონობით იტალიელი შოკში ჩააგდო ამ მკვლელობამ. იმ დღეებში ქვეყანა ნამდვილად ხმაურობდა, ადამიანები ხმამაღალი შეძახილებით პატივს მიაგებდნენ ფალკონეს და ითხოვდნენ პოლიტიკოსებისგან პასუხს, მაგრამ ხმაურობდა მეორე იტალიაც სიხარულისგან, როგორც ყველაზე დიდი წუხილი იტალიის მასშტაბით პალერმოში გამოიწვია ამ სიკვდილმა, ასევე იტალიის ყველა ციხისგან განსხვავებით, პალერმოს უჩარდონეს ციხეში ნამდვილი ზეიმის და გამარჯვების აღსანიშნავი ხმაური დიდ ხანს ისმოდა.

“ფალკონე ჩემი ფარია, მას თუ რამე მოუვა მერე მეც მომკლავენ“

ფალკონე მკვდარია, დარჩენილი N2 ბორსელინო. სწორედ ასე აღიქვამდნენ ვითარებას ანტიმაფიოზები და მაფიოზებიც. ადამიანს რომელსაც სინამდვილეში ორი თვეც აღარ ქონდა სიცოცხლე დარჩენილი უამრავი პოსტი შესთავაზეს, ეიფორიის ფონზე ერთ-ერთმა ფრაქციამ პარლამენტში ბორსელინო იტალიის პრეზიდენტობის კანდიდატაც კი დააყენა. ყველაზე სერიოზული შეთავაზება იყო, რომ მას დაეკავებინა ის „სუპერ-პროკურორის“ პოსტი, რომლის შექმნაზეც ფალკონე მუშაობდა. ბორსელინო ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობდა, ერთის მხრივ მაღალი თანამდებობები არასდროს იზიდავდა, მეორეს მხრივ არანაირი პირადი სარგებლის მიღებას არ აპირებდა მეგობრის გარდაცვალების ხარჯზე – ასე აღიქვამდა თვითონ ამ შემოთავაზებებს და ბოლოს, მას მშვენივრად ესმოდა, რომ დღეები ჰქონდა დარჩენილი. ის ხშირად ამბობდა „ფალკონე ჩემი ფარია, მას თუ რამე მოუვა მერე მეც მომკლავენ“. ამ ფონზე ბორსელინო ზეაქტიურად დაკავდა ფალკონეს მკვლელობის საქმით. უამრავი სირთულის ამოხსნის პროცესში იყო, როცა მიიღო შეტყობინება, რომ „გამოძიებასთან მოთანამშრომლე“ მუტოლოსთან – ოქროს მოწმესთან შეხვედრის შესაძლებლობა გამოჩნდა, რომელიც თავისივე სიტყვებით მხოლოდ ფალკონეს და ბორსელინოს ენდობოდა. ამ დაკითხვისას მუტოლომ  რამდენიმე თანამდებობის პირი დაასახელა, რომელიც მაფიასთან თანამშრომლობდა, მათ შორის დომენიკო სინიორინო, პროკურორი რომელსაც ლომის წვლილი ჰქონდა თავის დროზე „მაქსი-პროცესში“ შეტანილი. ამასთანავე იყო ფალკონეს და თვითონ ბორსელინოს უახლოესი მეგობარი და თანაშემწე მნიშვნელოვანი წლების მანძილზე. ბორსელინო ამ ინფორმაციამ სრულად დაშოკა. მისი თვალსაზრისით აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ყოფილიყო გადამოწმებული. დიდი ალბათობით ეს ინფორმაცია გავდა ფალკონეს თაობაზე გაგზავნილ ანონიმურ წერილებს, სადაც 99% ჩვეულებრივი სიმართლე იყო, ხოლო 1% გამოგონილი ტყუილი. მე პირადად მგონია, რომ სწორედ ასეთ ვითარებასთან გვქონდა საქმე. ჩემს მოსაზრებას ის უფრო ამყარებს, რომ 1992 წლის 1 დეკემბერს პრესაში გაჟონა მუტოლოს მიერ მიწოდებულმა საიდუმლო ინფორმაციამ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სინიორინოს სახელი იყო დაკონკრეტებული. ორი დღის შემდეგ სინიორინომ თავი მოიკლა. პირადად მე მჯერა მისი მეგობრების და კოლეგების პოზიციის, რომ  სინიორინოს სუსტი ფსიქიკა ჰქონდა და ამასთანავე მაღალი თავმოყვარეობა, საკუთარი განვლილი ცხოვრების გზის შემდეგ მისთვის ასეთი საჯარო ბრალდებები და მითუმეტეს გარდაუვლად დასაწყები გამოძიება, სადაც ის ყველა შემთხვევაში იქნებოდა არა ანტიმაფიოზი პროკურორი, არამედ მაფიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი.  ამიტომაც სუსტმა ფსიქიკამ და დიდმა თავმოყვარეობამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. რა ვქნათ თუ ადამიანს ფალკონეს პატიოსნება ჰქონდა, მაგრამ მისი ნების სიმტკიცე არ აღმოაჩნდა, ამიტომაც იყო სინიორინო და არა ფალკონე. თუმცა რა თქმა უნდა მის თვითმკვლელობას მოყვა ინსინუაციები – თუ დამნაშავე არ იყო მაშინ თავი რატომ მოიკლა? რაღაც მაინც ექნებოდა დაშავებული და შეეშინდა? და ა.შ. მე კი იმ ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ ვერ გაუძლო, სუფთა იყო, უბრალოდ ნერვებმა უმტყუნა. მისი საქმისთვის ამ კუთხით მიდგომა აჯობებდა თავის დროზევე და იმის ძიება თუ როგორ მიიყვანეს ადამიანი ასეთი ორკესტრირებული ქმედებებით, კარგად აწყობილი მანევრებით თვითმკვლელობამდე. ამ კითხვებზე პასუხი ალბათ არასდროს გაჩნდება, საქმე თავის დროზე დახურეს – თვითმკვლელობა და მორჩა.

download (1)
1992 წ. პალერმო. პაოლო ბორსელინო სიკდილამდე ერთი თვით ადრე – ესწრება ფალკონეს გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

თუმცა დეკემბერში სინიორინოს შეიძლება არც მოეკლა თავი ბორსელინო რომ ყოფილიყო ცოცხალი, რომელიც სწორედ რომ სინიორინოს შესახებ მუტოლოსგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ორი დღე ნამდვილ ბურუსში იმყოფებოდა, ერთადერთი მოსაზრება იმ ორდღიან შუალედში ინფორმაციის მიღებიდან (17 ივლისი) მუტოლოსგან და საკუთარ გარდაცვალებამდე (19 ივლისი) ბორსელინომ მეუღლესთან გამოთქვა, ისე რომ სახელი არ უხსენებია, ძალიან აღელვებული მეუღლესთან ერთად სასეირნოდ გავიდა და უთხრა ერთი ფრაზა „ერთ-ერთ პროკურორზე და გამომძიებელზე დანაშაულში მამხილებელი ინფორმაცია მოვისმინე“. ის უახლოეს დღეებში კვლავ უნდა შეხვედროდა მუტოლოს საკითხების დასაზუსტებლად.

19 ივლისს ბორსელინო დედის სანახავად მივიდა, სახლის ჭიშკართან პერიმეტრზე წესით მანქანების დგომა აკრძალული უნდა ყოფილიყო დაცვის ღონისძიებებიდან გამომდინარე. ეს პერიმეტრი აკრძალულ ზონად მუნიციპალიტეტს უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ იმ დღეს „ჯერ მოსწრებული“ არ იყო, ისევე როგორც ფალკონეს მკვლელობის დღეს ვერტმფრენს უნდა ეკონტროლებინა ფალკონეს მოძრაობის მარშრუტი პალერმოში, მაგრამ ვერტმფრენი „ვიღაცას დაავიწყდა“.

strageviaamelio01b
ბორსელინოს მკვლელობის ადგილი

ბორსელინო რომ არ ყოფილიყო ძლიერ აღელვებული მას შეიძლება არ გამოპარვოდა ეს ნიუანსები და ერთმანეთთან დაკავშირებით მიმხვდარიყო, რომ სახელმწიფო მაფიას ახლა აქ დედამისის სახლთან მის მოსაკლავად ხელს იმით უწყობდა, რომ მანქანების სადგომი არ ჰქონდა გაუქმებული, სადაც იდგა კიდეც მანქანა. ბორსელინო მანქანიდან გადმოვიდა, პირადი დაცვის გარემოცვაში იდგა ჭიშკართან, როცა ის მანქანა აფეთქდა რომელიც წესით აკრძალულ ადგილას იდგა. დაიღუპა ბორსელინო მისივე დაცვის წევრებთან ერთად.

 

ეს დიდი ეპოქის დასასრული იყო, პრობლემური ეპოქის მაფიისთვის და

download (5)
1992 წ. პალერმო. ფალკონეს და ბორსელინოს მკვლელობების საპასუხოდ სახალხო პროტესტი მაფიის წინააღმდეგ

დიდებული ეპოქის ანტიმაფიოზებისთვის. დღეს რასც ვუყურებთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაფია შესუსტდა ან სულაც ქრება, არამედ იმას, რომ ისეთები როგორებიც ფალკონე და ბორსელინო იყვნენ ჯერ-ჯერობით არ ჩანან იქ, სადაც არის მათი საჭიროება.

download (4)

 

 

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s