კლაუზევიცი – პრუსიელი სამხედრო, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ომზე

სტატიაში საუბარია პრუსიელი ოფიცრის და სამხედრო თეორეტიკოსის კლაუზევიცის ფილოსოფიურ ტრაქტატზე „ომის შესახებ“, რომელიც ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებზე მის პირად დაკვირვებას. ამ ნაშრომმა შეცვალა წარმოადგენა ომის რაობასა და ბუნებაზე, სამხედრო კონფლიქტის როგორც პოლიტიკური იარაღის გაგებაზე, ომის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი დაწერილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გამოირჩევა სირთულით, რიგ შემთხვევაში ტექსტის ბუნდოვანებით და გარკვეული კონცეპტები მუდმივი მსჯელობის საგანია, იგი დღესაც ითვლება ფუნდამენტურ სახელმძღვანელოდ სამხედრო კონფლიქტების და ომის შესწავლისას და შესაბამისად სტრატეგიული სწავლების კურსის აუცილებელი კომპონენტია.

თუ კლაუზევიცს განსაკუთრებული ნაშრომის შექმნა სურდა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში არ დაივიწყებდნენ და მომავალი თაობებიც გამოიყენებდნენ, ნამდვილად გამოუვიდა.

მისი მთავარი ქმნილება „ომის შესახებ“ უკვე შექმნის მომენტისთვის აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ დროისათვის ყველა სხვა ავტორის წიგნისაგან – დაწყებული უძველესი ვეგეციუსით, დამთავრებული  მისი უახლოესი წინამორბედების ნამუშევრებისაგან, მათ შორის ფრიდრიხ დიდის და მისი შთაგონების წყაროს, „მისი გონების მამის“ შარნჰორსთის ქმნილებებისგან. უპირველეს ყოვლისა მისი განსხვავებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ წინამორბედი ნაშრომები რეალურად წარმოადგენდნენ მხოლოდ სახელმძღვანელოებს სამხედროებისათვის – წესებს ბრძოლების წარმოების შესახებ. კლაუზევიცის ამოცანა არა ბრძოლების სახელმძღვანელოს შექმნა, არამედ ომის ბუნებაში ჩაწვდომა იყო, მის მრავალფეროვან მორალურ და მატერიალურ მდგენელში გარკვევა ომზე პირუთვნელი, მკაცრი დაკვირვების გზით. მას არასდროს უცდია თვალი დაეხუჭა  მწარე რეალობაზე და შესაბამისად არ გამოეკვეთა იდეის, კონცეფციის კონტურები, თუნდაც ბევრისთვის „ზედმეტად გაბედული“ ან რთულად მისაღები ფორმით. ამიტომაც გამოუვიდა რაც გამოუვიდა.

კლაუზევიცის ნაშრომს „ომის შესახებ“ ძირითადად და ყველაზე ხშირად 2500 წლის წინანდელ ჩინელი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ძის შედევრს თუ ადარებენ, პირველ რიგში კონცეპტუალური შეხედულებრივი მიდგომების განსხვავების გამო, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ ასეთ შეპირისპირებას უფრო ის იდეა ამოძრავებს, რომ კლაუზევიცი მარტოდ მარტო არ აღმოჩნდეს სტრატეგიული აზროვნების პედესტალზე. ამისთვის კი ყველაზე კარგი სწორედ რომ აღმოსავლური და რაც მნიშვნელოვანია 2000 წელზე მეტი ხნით ადრე შექმნილი ნააზრევია. სინამდვილეში სუნ-ძის დღევანდელი აქტუალურობა უფრო კლაუზევიცის დამსახურებაა, ვიდრე ჩინელი სტრატეგოსის.

საბედნიეროდ, დღეს კლაუზევიცის მიმართ ინტერესი ისე მაღალია როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ  ცალსახა დამოკიდებულება არასდროს ყოფილა  და მისი ქმნილებაც პერიოდულად ეძლეოდა დავიწყებას. ასეთ ვითარებას განსაკუთრებით ხელს  უწყობდა ტექსტის სირთულე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაშრომში „დიდებული აზრები ძალიან ცუდად და რთულად არის დაწერილი“, ძალიან ხშირად რთული ამოსაკითხია თუ რისი თქმა სურს ავტორს, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე მონაკვეთის გააზრების შემდეგ სრულიად სამართლიანად უამრავ მკითხველს უჩნდება მოსაზრება – „ეს შეიძლება ნებისმიერ რამეს ნიშნავდეს“. ამის გამო კლაუზევიცს ხშირად სრულიად სხვადასხვაგვარად კითხულობენ კიდეც. ეს, როგორც ჩანს, ამ ნაშრომის მუდმივი, თანმდევი პრობლემაა. ტექსტის ასეთი სირთულე არა მარტო თემისადმი ფილოსოფიური მიდგომის, კლაუზევიცზე კანტისეული გავლენის ბოლომდე ვერ განვითარების, არამედ ხშირად ძალიან ბანალური პრობლემის – ავტორის მიერ გრამატიკის და წერის უნარის დეფიციტის ბრალია. თვითონ კლაუზევიცი საკუთარი განათლების დონეს „მოკრძალებულად“ და „არასაკმარისად“ აფასებდა. ტექსტი არ ითვლება დასრულებულად, ავტორი მისი წერის და რევიზიის პროცესში გარდაიცვალა. ეს ფაქტი ჩრდილს ვერ აყენებს მის სიღრმისეულ დაკვირვებას ომზე და სტრატეგიაზე,  თუმცა ამ საკითხის კარგად აღსაქმელად არ იქნებოდა ურიგო ორიოდე სიტყვა კლაუზევიცის წარმომავლობაზე:

Carl_von_Clausewitz

ის დაიბადა 1780 წელს პრუსიაში ბურგთან წვრილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში, რომელიც ნამდვილად არც არისტოკრატიულად შეიძლებოდა შეფასებულიყო და ვერც შესაბამის განათლების მიმცემად პატარა კარლ კლაუზევიცისთვის. 11 წლის ასაკში კლაუზევიცი პრუსიის არმიის კადეტი – „იუნკერი“ ხდება. სავარაუდოდ ამ პერიოდიდან იღებს ის იმ სამხედრო ცოდნას, რომელიც იმ ეპოქისთვის მახასიათებელი ტაქტიკური უნარ-ჩვევებისაგან შედგებოდა. უკვე დიდი ხანი იყო რაც არტილერიის დომინირება იყო შემოსული ბრძოლის ველზე. სწორედ არტილერიის საჭიროების გავლენით სამხედრო განათლებაც მათემატიკაზე და გეომეტრიაზე იყო ორიენტირებული. 1793-94 წლებში თინეიჯერ კლაუზევიცს პირველად უწევს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება რაინლანდში, შემდგომ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საგარნიზონო ნაწილში. სწორედ ასეთი ადრეული ასაკში მან ეჭვი შეიტანა ომის წარმოებასთან დაკავშირებით პრუსიული არმიის ხედვების სიწორეში.

ფრანგული რევოლუციური არმიის და პრუსიული კონსერვატიული ომის წარმოების ფორმებით გამოწვეულმა კითხვებმა უკვე მკაფიოდ უჩვენა საკუთარი სამხედრო განათლების მწვავე დეფიციტი. 1801 წლამდე, სანამ შარნჰორსთის აკადემიაში მოხვდებოდა, სავარაუდოდ ის ეუფლებოდა იმ ტაქტიკურ ცოდნას, რაც ნორმად ითვლებოდა იმ პერიოდში, მათ შორის, დიდი ალბათობით, უნდა ყოფილიყო სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად ორთოგრაფია და გრამატიკა, რომლითაც სამწუხაროდ კლაუზევიცი ვერ დაიკვეხნიდა. შარნჰორსთის აკადემიაში კლაუზევიცი უკვე უფრო საფუძვლიანად ახერხებს ხელმისაწვდომი სავალდებულო დისციპლინების შესწავლას, რომელთა შორისაა მათემატიკა, გეომეტრია, უკვე გეოგრაფია – „რუკის კითხვა“, სამხედრო ისტორია და რაც მთავარია შარნჰორსთისეული მიდგომა  ესწავლებინა საკუთარი კურსანტებისთვის „ომი ისე როგორც ის არის სინამდვილეში“ განმანათლებლობის ეპოქისთვის დამახასიათებელი მოდური ტენდენციის ნაცვლად, ანუ ნაცვლად იმისა, რომ ესწავლებინა „როგორი უნდა იყოს ომი“.

კლაუზევიცის აზროვნებაზე თანაბარ გავლენას ახდენდა აკადემიაში ომების, კამპანიების და ბრძოლების ისტორიის შესწავლა და რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვება. ერთის მხრივ, რევოლუციური საფრანგეთის ომის, სახელმწიფო და პოლიტიკური თვისობრივად ახალი სტილით და მეორეს მხრივ, განმანათლებლობის რომანტიზმში გარდამავალი ეპოქა, თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ბიძგს აძლევდა კლაუზევიცის ხედვებს ომის წესების, კანონების სისტემატიზაციის და პრინციპების მკაცრად განსაზღვრის შეუძლებლობის თაობაზე.

სავარაუდოდ აკადემიის წლებში მიმდინარე საგნების გარდა უნდა გაცნობოდა ფიზიკასაც, ნიუტონის და ეილერის ნააზრევი. მოგვიანებით იგი ორივე ავტორის მიდგომებს და ხედვებს იყენებს  საკუთარ ნაშრომში, განსხვავებით იმ ეპოქის პოლიტიკური იდეოლოგებისგან, რომელთა თითქმის არანაირ გამოყენებას არ აქვს ადგილი მის ძირითად ნაშრომში, მიუხედავად იმისა, რომ ის იცნობდა  პოლიტიკური იდეებსა და კონცეპტებს.

აკადემიის შემდეგ კლაუზევიცი ხდება პრუსიის პრინც ავგუსტუსის თანაშემწე და 1804 წლიდან პრუსიის გენერალური შტაბის წევრი.

მის კრიტიკულ აზროვნებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა 1806 წლის პრუსიის გამანადგურებელი მარცხი საფრანგეთთან. ბრძოლისას კლაუზევიცი თან ახლდა პრინცს, რომელმაც გამოუვალი ვითარების, აშკარა მარცხის მიუხედავად დანებებაზე უარი განაცხადა და შედეგად კლაუზევიცთან ერთად ფრანგების ტყვეობაში აღმოჩნდა.

ტყვეობიდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული კლაუზევიცი შარნჰორსთთან და გნეიზენაუსთან ერთად იწყებს პრუსიის არმიის აღდგენაზე და რეორგანიზაციაზე მუშაობას, პარალელურად ხდება ტახტის მემკვიდრის ფრიდრიხ უილიამის პირადი სამხედრო მასწავლებელი.

ბერლინის ფრანგული ოკუპაციის დასრულების შემდეგაც, საფრანგეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება ხდება კლაუზევიცის ცხოვრებაში არაორდინალური გადაწყვეტილების მიზეზი. ერთის მხრივ, კლაუზევიცი ძალიან კრიტიკულად უდგებოდა პრუსიის სახელმწიფოს და არმიის მოწყობის და მართვის სისტემას, მეორეს მხრივ, განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდა იმ მოვლენისადმი, რაც მას სწორედ რომ საკუთარ კრიტიკულ ხედვებს უმყარებდა – ნაპოლეონისეული ომის წარმოების სტილი და ფრანგული მასიური არმია. მიუხედავად იმისა, რომ ბონაპარტს ნამდვილ სამხედრო გენიად აღიარებდა და საკუთარ ნაშრომშიც არაერთხელ უსვამს ხაზს მის სამხედრო ბრწყინვალებას, სწორედ ნაპოლეონთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების გამო 1811 წელს სხვა 30 ოფიცერთან ერთად პროტესტის ნიშნად ტოვებს პრუსიის არმიას, ადანაშაულებს რა პრუსიას ნაპოლეონის მიმართ შიშში და მორჩილებაში, რუსეთის მეფის კარზე მიდის საკუთარი ნებით სამსახუროდ.

ეს უცნაური საქციელი პატრიოტულ პროტესტად შეიძლებოდა შეფასებულიყო რომ არა მთავარი გარემოება რუსეთ-საფრანგეთის მოსალოდნელ ომში, პრუსია და მის არმიაში თვით კლაუზევიცის ორი ღვიძლი ძმა საფრანგეთის მხარეს იომებდნენ, ხოლო კარლ კლაუზევიცი ალექსანდრე I-ს გაუწევს კონსულტაციებს. ნათელია, ნაპოლეონის მიმართ პირადი ზიზღი იმხელა იყო, რომ საკუთარი ქვეყნის და ოჯახის წინაღმდეგ მტრულ ბანაკში ამოაყოფინა თავი. პრუსიის მეფე ოფიცერთა ჯგუფის საქციელს სამართლიანად ღალატად მიიჩნევს, ხოლო როდესაც ნაპოლეონი გაიგებს 30 ოფიცრის „პროტესტს“, მხოლოდ გაკვრით იტყვის რომ „ურჩევნია ყავდეს ღია მტერი, ვიდრე საეჭვო მოკავშირე“.

რუსულის არმცოდნე კლაუზევიცი ალექსანდრე I-ის კარზე პირადად თვითმხილველი ხდება სმოლენსკის და ბოროდინოს ბრძოლების და მოსკოვის დაცემის. სწორედ რუსეთის კამპანიას უნდა უკავშირდებოდეს კლაუზევიცის საკმაოდ არგუმენტირებული ხედვა თავდაცვითი ომის წარმოების უპირატესობის შესახებ თავდასხმით ომთან შედარებით. ამ კამპანიაზე დაკვირვებამ არანაკლები წვლილი შეიტანა სუსტი ძალისთვის გეოგრაფიის, საკუთარი ტერიტორიის მიერ უპირატესობის მოტანის პრინციპის ჩამოყალიბებაში. ამ ხედვის მიხედვით ქვეყნის სიღრმეში გადატანით თავდაცვას უპირატესობა მოაქვს. რუსული კამპანიისას კლაუზევიცი უფრო დეტალურად დააკვირდა პარტიზანული ომის ეფექტურობას, რომლის მნიშვნელობაც 1809 წელს ტიროლის ანტიფრანგული სახალხო ბრძოლების საფუძველზე აღიარა.  ამიტომაც ჯერ კიდევ პრუსიაში ყოფნისას აქტიურად პროპაგანდირებდა პრუსიაში პარტიზანული წინააღმდეგობის ორგანიზებას.

ნაპოლეონის შეტევითი კამპანიის დასუსტების შემდეგ, კლაუზევიცი რუსულ მხარესთან ერთად აწარმოებს პრუსიასთან მოლაპარაკებას ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ. შედეგად პრუსია ჯერ ნეიტრალიტეტს აცხადებს, ხოლო 1813 წლის დასაწყისში, როცა პრუსია შედის ანტიფრანგულ კოალიციაში, კლაუზევიცი რუსული არმიიდან ბლუხერის შტაბში ინაცვლებს და პერსონალური წვლილი შეაქვს 1813-15 წლების ყველა კამპანიაში. ნაპოლეონის ელბიდან დაბრუნების შემდეგ ისევ ბლუხერის შტაბში მყოფი ბედის წყალობით ვერ ხვდება ვატერლოოს მთავარ შეტაკებაში, თუმცა იმავე დღეს 1815 წლის 18 ივნისს იმყოფება იმავე ომის ბრძოლის სხვა მონაკვეთზე ვავრში.

მთელი ეს წლები თუ გამოვიყენებთ მისსავე მეტაფორას „გამადიდებელი შუშით“ აკვირდებოდა ბრძოლებს, კამპანიებს, ომებს და ამ პროცესში ხალხის, არმიის და სახელმწიფოს რეაქციებს. ნაპოლეონის საბოლოო დამარცხების შემდეგ უნიკალური გამოცდილების მქონე კლაუზევიცმა ბერლინის სამხედრო აკადემიაში დირექტორის ადმინისტრაციული თანამდებობა დაიკავა. თვითონ თვლიდა, მისი აქტიური სამხედრო სამსახურიდან ჩამოშორება სასჯელი იყო წლების წინ პრუსიის არმიისგან განდგომის და რუსების მხარეს გადასვლისათვის. სწორედ ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან იწყებს კლაუზევიცი მისი მთავარი ქმნილების „ომის შესახებ“ წერას. ტექსტზე მუშაობა 1818 წლიდან იწყება. ამ ნაშრომის სტილი, როგორც ჩანს, თავიდანვე გადაწყვიტა ავტორმა, ის შეუდგა წერისას დიალექტური სტილის გამოყენებას. ფილოსოფიური ტრაქტატის შექმნას ომის შესახებ, წერის რთული სტილის მანერასთან და კლაუზევიცის წერის პირადი უნარების არასრულყოფილების გარდა ამ ნაშრომს დამატებით ერთგვარ გაუგებრობას სძენს კიდევ ერთი ფაქტორი – ეს დაუსრულებელი ნაშრომი ავტორის მიერ აქტიური გადახედვის პროცესში იყო, როდესაც კლაუზევიცი გარდაიცვალა 1831 წელს.

1827 წელს კლაუზევიცი იწყებს საკუთარ, ჯერაც დაუსრულებელ ნაშრომში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას და განსხვავებული მიდგომებით მის გაგრძელებას, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც სრული ტექსტი ზოგჯერ წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხველი პასაჟებისგან შემდგარი გვეჩვენება. რაც დამატებით კიდევ მთავარი გარემოებაა, რატომაც უჭირს მკითხველს ამ ნაწარმოების მარტივად აღქმა. ამ შესწორების პერიოდიდან შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა ორი კლაუზევიცი – ერთი, ახალგაზრდა იდეალისტი, რომელიც წერდა ამ მომენტამდე და მეორე, ცხოვრებით გამოცდილი რეალისტი, რომელიც აგრძელებს წერას და ცდილობს უკვე დაწერილში გარკვეული შესწორებების შეტანას.

ჩვეულებრივი მკითხველისთვის თუ გაუგებრობას იწვევს ასეთი სურათი, მკვლევარებისთვის ვარაუდების ფართო ასპარეზია იმის თაობაზე თუ რა სახის ცვლილება განიცადა წლების განმავლობაში ომებზე დაკვირვებით კლაუზევიცის ხედვებმა და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მისი ფილოსოფია ის რომ ქოლერას არ ემსხვერპლა პოლონეთში 1831 წელს სამხედრო მივლინებით ყოფნის პერიოდში, სწორედ იმ დროს როცა აქტიურად იყო დაკავებული ნაშრომზე მუშაობით.

სინამდვილეში ეს მოვლენა ისედაც რთულ ტექსტს მხოლოდ უფრო ართულებს, მაგრამ არანაირად არ ქმნის რამე დრამატულ სურათს. საილუსტრაციოდ მოვიყვან ნაშრომის მთავარ ობიექტთან – ომთან ამ „ორი კლაუზევიცის“ მიდგომას: პირველი – ახალგაზრდა კლაუზევიცი ბრძოლას ხედავს ომის მთავარ არსად, ხოლო მეორე – გამოცდილ კლაუზევიცს ეკუთვნის მოსაზრება, რომ ომი არის პოლიტიკის სხვა საშუალებით გაგრძელება. თუ კარგად დავაკვირდებით, მარტივად მივხვდებით შეხედულებები საერთოდ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არანაირ კონფლიქტს არ წარმოშობს. სწორედ ასეთი ვითარებაა ყველა დანარჩენ კონცეფციასთან მიმართებაში. ამიტომ წინადადებების და სიტყვების წყობამ არ უნდა გაგვიჩინოს აღქმა თითქოს ავტორი რამე ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდიდა და აპირებდა ამ სახის რევიზიას.

ამ თვალსაზრისით ნაშრომი იყოფა იდეალისტი კლაუზევიცის ნაშრომად II, III, IV და V წიგნებად და რეალისტი კლაუზევიცის მიერ დაწერილ VII, VIII წიგნებად და I წიგნად, რომელშიც სიკვდილამდე მოასწრო შესწორებების შეტანა. ერთი ცალსახად რაც შეიძლება ამ პროცესზე დაკვირვებამ აჩვენოს არის ის, რომ კლაუზევიცი მოასწრებდა ნაშრომის სრულად დასრულებას და შესწორებას, ადგილი ექნებოდა ომის უფრო ფართოდ პოლიტიკურ პროცესში განხილვის მცდელობას და არაფერს დააკლებდა უკვე ჩამოყალიბებულ კონცეფციას. მაგალითად, როგორც მტრის განადგურებასთან მიმართებით, კლაუზევიცი მისი ფიზიკურად განადგურების მნიშვნელობაზე წერს, რომელიც არანაირად არ მოდის კონფლიქტში მტრის ფსიქოლოგიური განადგურების ხედვასთან, პირიქით შეხედულებები ერთმანეთს ავსებენ. ასე რომ ტექსტის შინაარსობრივ ღირებულებას საერთოდ არაფერს აკლებს მისი დაუსრულებლობა. მიუხედავად ტექსტის ასეთი სირთულისა თავის მრავალფეროვნებით, ურთიერთდაკავშირებულობით, დეტალებზე უწვრილმანესი დაკვირვევებით და მათგან გამოძერწილი დასკვნებით კლაუზევიცის „ომის შესახებ“ მიქელანჯელოს სიქსტის კაპელას გავს, ხოლო მის მიერ მისივე ნაშრომის რევიზიის ვერ მოსწრების გამო ვარაუდების გამოთქმა ეჩევარიას მიგნების თანახმად ძალიან გავს ბეთჰოვენის ჰიპოთეტურ მეათე სიმფონიაზე საუბარს, მაგრამ ფაქტი ის არის რომ არსებულ 9 სიმფონიას მე-10 ვერაფრით შეცვლიდა.

ამ ნაშრომს თითქოს ბედივით სდევს ხან მივიწყება, ხანაც აქტუალიზაცია. ავტორის გარდაცვალების შემდეგ ეს დაუსრულებელი ქმნილება მზის შუქზე 1832-34 წლებში გამოჩნდა, რაზეც კლაუზევიცის მეუღლემ იზრუნა. 10 წლის შემდეგ  ფრანგულად ითარგმნა, 1837 წელს კი ინგლისურად. სამხედრო წრეებში ამ ნაშრომის აღიარება ნელ-ნელა ხდებოდა. ბუნებრივია ყველაზე ფართოდ გერმანული სამხედრო სკოლის მიერ, მათ შორის ვისზეც უდიდესი გავლენა იქონია კლაუზევიცის ფილოსოფიამ იყვნენ მოლტკე და შლიფენიც. XX საუკუნის მსოფლიო ომები პერიოდულად წევდნენ ტექსტის შესწავლის აუცილებლობას, მაგრამ მაინც ძალიან დიდხანს ვერ მიაღწია კლაუზევიცის ფილოსოფიამ ისეთი ყურადღება, როგორ შესწავლასაც იმსახურებდა.

ქართული სამხედრო აზროვნებისთვის კი კლაუზევიცის აღმოჩენა რეალურად მისი შექმნიდან თითქმის ორი საუკუნის მიჯნაზე ჯერაც არ მომხდარა. საბჭოთა ეპოქაში მის მიმართ ინტერესი სრულიად გასაგები მიზეზის გამო არ არსებობდა, ჯერ იყო და სტალინმა გერმანული არმიის ტაქტიკური ბრწყინვალება კლაუზევიცის სკოლას მიაწერა და შედეგად მის მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად უარყოფითად ჩამოუყალიბდა. მოგვიანებით მთავარ არგუმენტად დაასახელა, რომ კლაუზევიცის ნაშრომი ეხებოდა „ხელჩართული ბრძოლების ეპოქას“ და არ შეესაბამებოდა ინდუსტრიულ ერას.

პარადოქსულია, მაგრამ ყოველთვის ყველა კონტინენტზე, როცა კი კლაუზევიცის ნაწარმოების იგნორირება ხდებოდა მიზეზი „მოძველება“ იყო, მაგრამ დრო მუდმივად უჩვენებდა, რომ ყველა ცდებოდა ვინც ასე ფიქრობდა. ის, რომ დღეს კლაუზევიცს თანაბრად სწავლობენ სამხედრო სტრატეგიული აზროვნების თუ ბიზნეს სფეროში, სწავლობენ იმისთვის რომ ან დაეთანხმონ, ან სულაც პირიქით – ეს ცალსახა ფაქტია, ხოლო ის რომ კლაუზევიცის „ომის შესახებ“ თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე უფრო არა, გავრცელებული ტექსტია სტრატეგიის და ომის შესახებ, ეს ვიეტნამის ომის დამსახურებაა, რომელმაც მწვავედ აჩვენა იმ ეპოქის ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიული აზროვნების და შესაბამისად გადაწყვეტილების პრობლემატურობა. ეს იყო პერიოდი, როცა ცივი ომის და ბირთვული სტრატეგიების თუ სტრატეგოსების ბუმის გამო ისევ ცნობილი არგუმენტით „მოძველებულობის“ გამო კლაუზევიცი მივიწყებული აღმოჩნდა.

თუ კლაუზევიცის „ომის შესახებ“ შეიცავს უკვდავ ცნებებს სტრატეგიის და ომის თაობაზე, მაშინ პიტერ პარეტი და მაიკლ ჰოვარდი მოსე და აარონი არიან, რომლებმაც 1976 წელს გამოცემული ახალი ინგლისური თარგმანის პოპულარიზაციით პრუსიული ომის ფილოსოფიის კონცეფციების, ხედვების შესწავლა უზრუნველყვეს მსოფლიოს ყველა წარმატებულ სამხედრო და სტრატეგიულ დაწესებულებებში.

90-იანი წლების ილუზიამ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც გაანელა თითქოს ინტერესი ომის მიმართ, შესაბამისად შესუსტდა ინტერესი კლაუზევიცისადმიც, თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ბევრმა მკვლევარმა და რაც მთავარია სამხედროებმაც ხელახლა აღმოაჩინეს, რომ ეს ტრაქტატი თურმე კვლავაც შეიცავს თანამედროვე შინაარს, თანაც ფუნდამენტურს.

ყველაფერი ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ კლაუზევიცის ნააზრევის ძირითადი სიღრმეები ჯერ-ჯერობით დროის ცვლილებების გამო არ კნინდება. მისი არსებითი ნაწილი ომის ბუნების, ომის და პოლიტიკის მიზნების და ამოცანების თაობაზე უნივერსალურად აქტუალურია ყველა ეპოქაში. 190 წლის ეს ნაშრომი, როგორც ჩანს არასდროს დაკარგავს მნიშვნელობას.

მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან რთული ტექსტია, მიუხედავად იმისა, რომ ვისაც კი შეუსწავლია თითქმის ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მის გაგებას დაწვრილებითი რამდენიმე წაკითხვა ჭირდება, რომ რთულია ჩაწვდე ავტორის აზრს, ზუსტად გაიგო რისი თქმა სურდა მას, მაინც უკიდურესად ინფორმატიული, სიღრმისეული და პრაქტიკულია, როცა მასთან გაცნობას მოახერხებ. ის ამიტომაც არის ასეთი დიდი ინტერესის და შესწავლის საგანი, რადგან ხსნის და ასაბუთებს იმას თუ როგორ არის ომი ძალადობის აქტი და რანაირად უნდა ხდებოდეს მისი გამოყენება მოწინააღმდეგის იძულებისთვის რომ დავიყოლიოთ ჩვენი ნების შესასრულებლად, რატომ არის ომი პოლიტიკის ინსტრუმენტი, რა სახის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ომსა და პოლიტიკას შორის, თავდაცვასა და თავდასხმას შორის, რატომ არ არსებობს ომისთვის მუდმივი პრინციპები, რა დატვირთვა აქვს ომში ალბათობას, შემთხვევითობას, რამხელა გავლენა აქვს ომის მოტივებს მისი წარმოების ხასიათზე, რა როლს ასრულებენ „უნიკალური სამებები“ – ძალადობა, სიძულვილი და მტრობა, რა როლი ეკუთვნის ომის წარმოებაში „მეორე სამებას“ – მთავრობის, არმიის და ხალხის სახით, რატომ არის ომი ნამდვილი ქამელეონი, რა არის სამხედრო გენია, რატომ არის მშვიდობის მოყვარე ცივილიზებული ერი უფრო ძლიერი ომში ვიდრე ომის მოყვარე მეომრების საზოგადოება, რა კავშირია ომის ამოცანებს და პოლიტიკურ მიზნებს შორის, რა გავლენები აქვს მორალურ ძალებს, ნების სიმტკიცეს, რა არის გამარჯვება და როგორ მთავრდება ყველა ომი მშვიდობით, ვისი საქმეა ომი – ხალხის, არმიის თუ ხელისუფლების და კიდევ ომისთვის, პოლიტიკისთვის და სტრატეგიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი.

მე ღრმად არა მარტო კლაუზევიცის ომის ფილოსოფიის აქტუალურობაში ვარ დარწმუნებული, არამედ იმაშიც, რომ მისი აღქმა მხოლოდ მისი შესწავლით არის შესაძლებელი, რაც ვერ მიიღწევა რა თქმა უნდა ასეთი მცირე სტატიებით, ვერც წიგნებითაც კი, რომელიც იწერება თვითონ კლაუზევიცის ნაშრომზე „ომის შესახებ“. მითუმეტეს კლაუზევიცისეული კონცეფციების ზერელედ ჩამოთვლის და ზედაპირულად დამახსოვრებით არათუ მარტო შეუძლებელია მისი გაგება, პირიქით, ასეთი მიდგომა მის დამახინჯებულ აღქმას უყრის საფუძველს. სწორედ ამ არგუმენტების გამო, სასიცოცხლო მნიშვნელობას ვანიჭებ ქართული სამხედრო აზროვნებისთვის ომის შესახებ კაცობრიობის ამ შედევრის ქართულად ხელმისაწვდომობას, მის გადმოქართულებას, თარგმნას.

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s