ერეკლე II და ბონაპარტი

თანამედროვე სამხედრო აზროვნების აუცილებლობაზე

რა აქვთ საერთო ერეკლე II-ს და ნაპოლეონს?  რამით თუ დააკავშირებთ ამ სახელებს ერთმანეთთან? – არაერთი ადამიანისთვის, ძირითადად სამხედროებისა და პოლიტიკოსებისათვის დამისვამს ეს კითხვა, და თითქმის ყოველთვის ვაწყდებოდი პასუხად დუმილს.

ქართულ ცნობიერებაში ამ ორ დიდ ადამიანს არც არაფერი არ აკავშირებს, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ… სინამდვილეში ისინი თანამედროვეები იყვნენ და მეტი არც არაფერი. ჩემი დღევანდელი წუხილის მიზეზი  მხოლოდ ის არ არის თუ როგორი იზოლირებული, დასავლური ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი პოლიტიკური-სამხედრო შემადგენელი გააჩნდა იმ ეპოქაში საქართველოს, ბევრად უფრო დრამატულად მეჩვენება ის გარემოება, რომ იმ ეპოქის უფსკრული, კონკრეტულად კი სამხედრო აზროვნების თვალსაზრისით დროის სვლასთან ერთად მუდმივად იზრდებოდა.

XVIII საუკუნის ქართულ  და ევროპულ სამხედრო აზროვნებას არსებული დრამატული განსხვავება დღეს 2017-ში ბევრად უფრო დიდია, გეომეტრიული პროგრესითაა გაზრდილი.

200px-Heraclius_II_of_Eastern_Georgia

 

ერეკლე II-ის  დროს ცხოვრობდნენ და საკუთარი შედევრები როგორც საბრძოლო საქმეში, ასევე სამხედრო აზროვნების კუთხით უკვე შექმნილი ჰქონდათ ან უკვე ქმნიდნენ ისეთი კორიფეები, როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ დიდი, ბიულოუ, ჟომინი, ნაპოლეონი.  ერეკლეს ეპოქაში ეყრებოდა საფუძველი ყმაწვილი კლაუზევიცის პიროვნებას, მის ჩამოყალიბებას კაცობრიობის უდიდეს სამხედრო მოაზროვნედ. სწორედ კლაუზევიცმა შექმნა ყველა დროის და კულტურის ჯერ-ჯერობით უალტერნატივო ნაშრომი ომის, სამხედრო ხელოვნების შესახებ. კლაუზევიცი უშუალოდ მონაწილეობდა და აკვირდებოდა იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს, შვიდ წლიან ომს და მის შედეგად წარმოშობილ რეალიებს. ამ გამოცდილების შედეგი იყო მისი ნაშრომიც.  ევროპაში არსებულმა ვითარებამ, სინამდვილეში, ბევრად უფრო მაშტაბური გავლენა მოახდინა მის კონცეფციებზე, შეხედულებებზე და აზროვნებაზე, ვიდრე იგივე ეპოქამ კიდევ ერთ მათ თანამედროვეზე ფრანცისკო გოიას შემოქმედებაზე.

1798-99 წლები ეს არა უბრალოდ ორი ერთმანეთს მიყოლებული წლებია ამ ეპოქიდან, პირველი – ერეკლე II გარდაცვალების, ხოლო მეორე ჯორჯ ვაშინგტონის გარდაცვალების თარიღებია. რა თქმა უნდა, არც ვაშინგტონი მიხსენებია შემთხვევით, რადგან არაფერი ისე კარგად ვერ ახდენს ილუსტრირებას იმ განსხვავებისა, რაც დღეს არსებობს თანამედროვე ქართულ სამხედრო აზროვნებასა და დასავლურ, განვითარებულ სამხედრო აზროვნებას შორის, როგორც ერეკლე მეფის უკვე დღევანდელი საქართველოს ძალის, პოლიტიკურ, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შედარება ჯორჯ ვაშინგტონის დღევანდელ ამერიკასთან. შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო აზროვნების თვალსაზრისით ჩამორჩენილობა კიდევ უფრო დრამატულიც კია.

დიდებული ქართველი მეფის თავდადებული ბრძოლის ეპოქა, სამხედრო ცვლილების თვალსაზრისით ნაპოლეონის გენიის ეპოქაა. შეიძლება სამწუხარო, მაგრამ მაინც გასაგები იყოს თუ რატომ, როგორ, რა ხელის შემშლელი გეოპოლიტიკური მიზეზების გამო არ მოახდინა ამ ეპოქამ გავლენა ქართულ სამხედრო აზროვნებაზე, რატომ არ მისცა მას ნოვაციებთან წვდომის საშუალება, უფრო მეტიც – რატომ არ ჩაეყარა მაშინ საფუძველი ქართულ სამხედრო აზროვნებას. მაგრამ ბევრად უფრო დრამატული ის არის, რომ  ნაცვლად იმისა რომ საქართველოს მოგვიანებით მაინც მოეხერხებინა მძლავრი, განვითარებადი, ფუნდამენტური სამხედრო აზროვნების მარგალიტების გაცნობა, პირიქით ხდებოდა, მე-18 საუკუნის შემდეგ მე-19 და მე-20 საუკუნეში უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა. დასავლური, პრუსიულ- გერმანული სამხედრო სკოლა ვითარდებოდა, ფართოვდებოდა, ხოლო ქართული სამხედრო აზროვნება წარსულის ნიშნულს ვერ ცდებოდა, უკვე ერეკლეს ბონაპარტის და კლაუზევიცის ეპოქიდან დიდი ხნის შემდეგ.

ომის ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ კიდევ უფრო აჩვენა ქართული სამხედრო აზროვნების არ არსებობა. საკმარისია ადამიანი გაეცნოს საქართველოს გმირის გენერალ მაზნიაშვილის მიდგომებს, მისი ეპოქის დასავლური სამხედრო მეთაურების მოლტკეს და შლიფენის ხედვებს, რომ თვალში მოგხვდეს განსხვავება სამხედრო აზროვნების მაშტაბებთან დაკავშირებით. შლიფენ-მოლტკეს  „სამხედრო ჩავარდნის“ მიუხედავად მათი ხედვის მაშტაბი მაინც იმდენად დიდია ჩვენს საამაყო გენერალთან შედარებით, რომ გულისდაწყვეტას იწვევს. თვალში საცემია ის განსხვავება, როგორ ხედავდა ქართველი გენერალი მანევრის მაშტაბს და როგორ ხედავდა იგივეს გერმანელი. მიუხედავად ჩემი პერსონალური დამოკიდებულებისა, უდიდესი პატივისცემისა და მადლიერებისა მაზნიაშვილის მიმართ არც იმის არ შემჩნევა არ გამოვა, რომ მაგალითად მოლტკე გამარჯვებაში უფრო ცხადად და მკაფიოდ ხედავდა მოწინააღმდეგის ნების გატეხვას, ვიდრე ტერიტორიის დაკავებას. აქ, ცხადი იყო, გერმანელი მხედართმთავარი ძალიან კარგად იცნობდა ჟომინის ხედვებს სტრატეგიაზე, შეიძლება ითქვას მისი მიმდევარიც იყო და ბუნებრივია საფუძვლიანად ენდობოდა კლაუზევიცის ფილოსოფიას. ქართველი, შედარებით უფრო გვიან მოღვაწე ჩვენი გენერალი კი რუსული იმპერიის სამხედრო ხედვების და განათლების მსხვერპლი იყო, რაც რათქმაუნდა მის თავდადებასა და შედეგიანობას არაფრით აკნინებს, მაგრამ „ქართულ სამხედრო აზროვნებას“  ბუნებრივია ვერაფერს სძენს.

მოგვიანებით საბჭოთა რუსეთმა  საერთოდ ჩაუკეტა გზა ქართულ სამხედრო აზროვნებას, დიდი ხნით მოუსპო შანსი მის აღმოცენებას. ბუნებრივია ეს საბჭოთა პოლიტიკის ბუნებაში იყო, მაგრამ საბჭოეთმა იმაზე უარესი რამ ჩაიდინა ვიდრე ეს ჩვენი ქართული სამხედრო აზროვნებისთვის ოფიციალურად გზის ჩაკეტვა, სტალინურმა ეპოქამ თვით საბჭოეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, საკუთარი თავის  გადარჩენის და შენარჩუნების ინსტიქტის საწინააღმდეგოდ იმოქმედა და რეპრესიებს შესწირა ყველა პროგრესულად მოაზროვნე  გენერალი. ამ მსხვერპლთა პოტენციალი სამხედრო აზროვნების განვითარებაში, საიდანაც ბუნებრივად ავტომატურად რამე სარგებელი შეიძლებოდა ეთნიკურად ქართველ სამხედროებსაც მიეღოთ, მხოლოდ ვარაუდების დონეზეა, მაგრამ სტალინის რეჟიმის არჩევანი, მაგალითად, ტუხაჩევსკისა და ბუდიონს შორის სხვანაირ აზრს არ ტოვებს. ტუხაჩევსკი, რომელიც პროპაგანდირებდა თანამედროვე ომის მეთოდებს დახვრიტეს, ხოლო ბუდიონს საცხენოსნო არმია შეუქმნეს და ეს ყველაფერი ბლიცკრიგის და ავიაციის ეპოქაში.

ასე რომ რაც უფრო დიდი დრო გადიოდა  ერეკლე II-ს და ბონაპარტის ეპოქიდან არ დაბადებული ქართული სამხედრო აზროვნების პირობებში, დასავლური განვითარებული სამხედრო აზროვნება მით უფრო შორს მიდიოდა ჩვენგან. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ჩვენი საომარი კრიზისების გამო მალევე გაჩნდა მოთხოვნა „პროფესიონალურ სამხედროებზე“, ბევრს გვეგონა, რომ ძალიან მცირე დოზით, მაგრამ მაინც ვიკმაყოფილებდით ასეთ მოთხოვნას ყოფილი საბჭოთა სამხედრო განათლების მქონე  სამხედროების ფონზე, მაგრამ სინამდვილეში ამას არაფერი ქონდა საერთო სტრატეგიულ სამხედრო აზროვნებასთან. ნამდვილად არავის მინდა მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ როცა გვეგონა რომ მაგალითად თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებულების სახით ნამდვილი „გენერლები“ გვყავდა, უნდა ვთქვათ რომ მწარედ ვცდებოდით. ამ სასწავლებლების სასწავლო შინაარსისთვის ოდნავი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ არანაირი სამხედრო აზროვნების სკოლის გაჩენის იმედი ამ გზით არ უნდა გვქონოდა. სამწუხაროდ ეს დრომ უკვე დაადასტურა. ეს ბუნებრივიცაა, სხვანაირი შანსი არც იყო, უდიდესი მონდომების პირობებშიც საბჭოეთიდან მაინც ვერაფერს წამოვიღებდით, რადგან არასდროს დაბადებულა რუსი კლაუზევიცი, სუნ-ძი ან ჟომინი.

Portrait de NapolÈon Ier (1769-1821), en uniforme de colonel des chasseurs de la Garde

ჩემი ეს არგუმენტები და ხედვა დიდი ხანია გაცდა ემოციურ ნიშნულებს და ეფუძნება წლების განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებას. ომის შესწავლისკენ მიბიძგა 2008 წლის რუსეთთან ომმა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრობამ დამავალდებულა საკითხში სიღრმისეული გარკვევა, მაგრამ იმ პერიოდმა კითხვების დამატებითი კასკადი გამიჩინა. ძალიან მძაფრად დავინახე სამხედრო განათლების დეფიციტი. მინისტრობის პერიოდში მუდმივად ვცდილობდი როგორც სისტემურ ხელშეწყობას სამხედრო განათლებისათვის, სფეროში არც პირადი ცოდნის და განათლების გაღრმავებაზე ვაკლებდი დროს. მაგრამ ციხეში გატარებულმა აგერ უკვე ხუთმა წელმა უნიკალური შესაძლებლობა მომცა საფუძვლიანად და ღრმად შემესწავლა ომის ბუნება და ომის სტრატეგია. ციხეში გატარებული დროის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ თემების შესწავლამ წაიღო, რაც თავის მხრივ ბევრად მეტია ვიდრე თავისუფლებაზე დროის იგივე მონაკვეთი. ამიტომაც თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჭირდება ფუნდამენტური გარღვევა სამხედრო განათლების სფეროში, იმაზე უფრო მძაფრი კრიზისიდან თავის დასაღწევად ვიდრე ვინმეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოედგინოს.

დღეს, 2017 წელს ქართული სამხედრო აზროვნება ნამდვილად იმაზე ჩამორჩენილია ვიდრე ეს ერეკლეს და ბონაპარტის ეპოქაში იყო და პრობლემა ბევრად უფრო მძაფრიცაა – ის პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენი სამხედრო განათლება პირობითად შეიძლება დაიყოს ორ უკიდურეს განსხვავებულ ჯგუფად: პირველი – „ფოლკლორული ცოდნა“, რომელიც ეფუძნება წარსულის მითებს, იგავებს და სამწუხაროდ ძალიან შორს არის ნამდვილი ცოდნისგან და მეორე – „მოდური განათლება“, რომელიც უკიდეგანოდ ზედაპირული, სხვადასხვა ცნობილი ავტორის სახელს და კონცეფციის დაზეპირებას ამოფარებული არ შეიცავს შინაარსობრივ შემადგენელს. ეს ორივე უკიდურესობა ერთიანობაში ქმნის ტოტალურ უცოდინარობას, რაც თავის მხრივ შიშის მთავარი განმაპირობებელია. ორივე უკიდურესობა ერთნაირად ამყარებს ნაციონალური ინტერესების დაუცველობის გარდაუვალობას, თავდაცვის უუნარობას, თუ „ფოლკლორული მიდგომა“ ამას უმარტივესი არგუმენტით აკეთებს, მაგალითად ფრაზით – „მტერი ისეთი ძლიერია რომ ვერ მოვერევით და რა აზრი აქვს“, ე.წ. „მოდური განათლების“ მატარებელნი იგივე პოზიციას და შეხედულებას ამყარებენ სხვადასხვა ცნობილი ავტორის ლამაზი ფრაზების გამოყენებით. პირადად არა ერთი პოლიტიკოსისგან და სამხედროსგან მომისმენია ასეთი შეხედულების ფორმულირება და ამ პროცესში თანამედროვე ავტორების სახელებით „ჟანგლიორობა“. მართალი ვთქვა „ფოლკლორული სამხედრო აზროვნება“ საკუთარ შიშში უფრო გულწრფელია ვიდრე  „მოდური განათლების“ მატარებელნი, რომელთა დიდი ნაწილს შეუძლია დიდხანს ილაპარაკოს კლაუზევიცზე, ნამდვილად ზეპირად იცის მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა იმის შესახებ რომ „ომი ეს პოლიტიკის სხვა საშუალებით გაგრძელებაა“, შეიძლება რამე იცის კლაუზევიცისეულ მოსაზრებაზე სტრატეგიასთან დაკავშირებით, მაგრამ თითქმის არაფერი კლაუზევიცისეულ მოსაზრებაზე ომის თეორიის თაობაზე.

სამხედრო განათლების დეფიციტი ნამდვილად დიდი პრობლემაა, მაგრამ უარესია ინტელექტუალური სფეროს ისეთი მონოპოლიზირება, რომელსაც ადგილი აქვს დღევანდელ საქართველოში. ისევ და ისევ მოდას, ზედაპირულ ფრაზებს აყოლილი ადამიანების მხრიდან, რომელიც ქართულ სამხედრო აზროვნებას ნამდვილად დათვურ სამსახურს უწევენ, განსხვავებით „ფოლკლორული განათლებისგან“, რომელიც არ ცოდნის გამო არ ცოდვად შეიძლება ჩაითვალოს.

დღეს ჩვენ ჩვენი განათლების ღრმა დეფიციტის წინაშე ვადგავართ, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. უპირველეს ყოვლისა შესარყევია „განათლების მონოპოლიზაცია“ ადამიანთა ვიწრო ჯგუფების მხრიდან და შესაქმნელია ფუნდამენტურ ცოდნაზე ფართო ხელმისაწვდომობის პლათფორმა, რითაც შეიძლება დღეს თუ არა ხვალ საფუძველი ჩაეყაროს ქართულ სამხედრო აზროვნებას.

ორიოდე სიტყვით იმ დაკვირვებაზე თუ რატომ არის სამხედრო განათლება ასე პოლარიზებული – „მოდურ ზედაპირულად“ და „ფოლკლორულად“. სამხედრო განათლება მართლა სპეციფიური განათლებაა, სამხედრო სასწავლებლები განსხვავებით ყველა სხვა უნივერსიტეტისგან წესით უნდა უშვებდნენ უბრალოდ სამხედრო მოაზროვნეებს და არა სპეციალისტებს. მაგალითისთვის ნებისმიერი პროფესია ექიმი, ინჟინერი, იურისტი, ფიზიკოსი პროფესიაში განათლების მიღებიდან უპრობლემოდ შედის, რასაც ვერ ვიტყვით სამხედროებზე. სამხედრო პროფესიაში რეალური შესვლა ყველას ყოველთვის არ ხელეწიფება ვინც კი სამხედრო აკადემიას ამთავრებს. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ყველას არ ეძლევა პირდაპირი დანიშნულების შესრულება – ომში მონაწილეობის საშუალება, მეორეს მხრივ, ვისაც „გაუმართლებს“ და ასეთი შანსი მიეცემა, წინ  მთავარი გამოცდა ელოდება, პოლიგონზე ნასწავლი ომის და რელური ომის განსხვავების გამო აღმოაჩინოს ის რაც აქამდე ვერსად დატესტა, რომ ომი ეს მისი საქმე არ ყოფილა. მოკლედ არცერთი სამხედრო აკადემია, არცერთი ომის კოლეჯი, არცერთი წვრთნა „მეომარს არ უშვებს“, მათი მთავარი ამოცანა სამხედრო უნარ-ჩვევების და აზროვნების განვითარებაა, ხოლო კონკრეტული ადამიანისგან შედგება თუ არა მეომარი, ეს უკვე მხოლოდ ომში წყდება.

სამხედრო განათლების კიდევ ერთი განსაკუთრებულობა მის უნიკალურობაში მდგომარეობს. თუ ექიმი ყველგან ექიმია, თუ ინჟინერი ყველაგან ინჟინერია, თუნდაც სხვა სამართლებრივი სისტემის იურისტიც კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სამყაროში, სამხედროებთან მიმართებით ასე ცალსახად არ არის. ამ მოსაზრებას ბევრი განვითარებული სამხედრო სისტემის წარმომადგენელიც სრულიად არ ეთანხმება, მაგრამ სწორედ ეს ადასტურებს ამ შეხედულების სისწორეს, იმას რომ სამხედრო აზროვნება სპეციფიურია და ის არსებობის შემთხვევაში უნიკალურია იმ სამხედრო საზოგადოებისთვის რომელსაც გააჩნია. ამაზე მეტყველებს თავდაცვითი დოქტრინების განსხვავებაც. მაგალითად, თუ ამერიკელი სამხედრო ნაკლებად განიხილავს თავდაცვას ამერიკის ტერიტორიაზე და მისი თავდაცვის წითელი ხაზი ოკეანის მიღმა გადის, შესაბამისად მთავარი სამხედრო ძალა ფლოტზე და საზღვაო ქვეითებზე აქვს კონცენტრირებული, ებრაელი სამხედროები სრულებით სხვა მიმართულებით აზროვნებენ – მჭიდრო ტერიტორიული ბრძოლების და საყრდენი სატანკო დოქტრინის გამოყენებით. მაგალითისთვის ამ ორი უძლიერესი არმიის ხელმძღვანელობას ადგილები რომ შევუცვალოთ დიდი ალბათობით ორივე ქვეყნის თავდაცვის სისტემა შესუსტდება. ყველა გამართული თავდაცვა დგას მხოლოდ ცოდნაზე, სპეციფიურ უნიკალურ, საკუთარ, მაგრამ მხოლოდ ცოდნაზე. ამასთანავე ეს რათქმა უნდა ისე არ უნდა იქნეს გაგებული რომ არ არსებობს ცოდნის, ომის წარმოების საზოგადოდ მისაღები და აღიარებული პრინციპები. თუმცა უნიკალურობა იმას ნიშნავს, რომ ქართველი სამხედროების ცოდნა უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო, დროით, გამოცდილებით, ომებით დადასტურებულ რელევანტურ ცოდნაზე დაშენებულ ქართულ სამხედრო ხედვას, რომელიც ამასთანავე გაითვალისწინებს ქვეყნის ტერიტორიულ, გეოგრაფიულ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც გაარღვევს შიშის ბარიერს, უიმედობის და მარტოობის განცდას. ასეთი ცოდნა არის გზა გამარჯვებისკენ, წინსვლისკენ და წარმატებისკენ.

ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ კაცობრიობის მიერ უკვე აკუმულირებული ცოდნის, გამოცდილების და იდეების სრულფასოვნად შესწავლის და ათვისების შემდეგ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება იშვას ქართული სამხედრო აზროვნება. მექანიკურ პროცესს კი რომელსაც წლების განმავლობაში ვაკვირდებით ძალიან უცნაური შედეგები მოაქვს. პირადად მე ძალიან მადლიერი ვარ და ვთვლი რომ  ქართულ არმიას და ქართველ ხალხსაც აქვს მადლიერების მიზეზი იმ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, რომელსაც ამერიკელი პარტნიორები ატარებენ წლების განმავლობაში ქართულ არმიაში. ეს ეხება ქართველი სამხედროების ამერიკულ სასწავლებლებში სხვადასხვა დონის კურსებზე მიწვევას. მაგრამ პირადი გამოცდილებით მინახავს რომ ამ პროცესს თან ძალიან რთული პრობლემები სდევს. უპირველეს ყოვლისა მთავარ პრობლემად უბრალოდ ენის ბარიერი იდგა. ქართულ არმიაში ინგლისური ენის ნორმალურად მცოდნეთა რაოდენობა ყოველთვის მცირე იყო, ამიტომაც გვიწევდა ერთწლიან კურსზე ამერიკაში გასაგზავნი სამხედროებისთვის აქ მეორე იმდენი დროის დათმობა, რათა მათ ენის ბარიერი დაეძლიათ, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ამ სამხედროების ზოგადი საბაზისო ცოდნის არ ქონა. შედეგად ძალიან ხშირად იყო ისეთი სურათი, რომ დიდხნიანი ენის კურსების შემდეგ სამხედრო ამერიკის რომელიმე კურსზე აღმჩნდებოდა, მაგრამ იქ უკვე ლექციების შინაარსი წარმოადგენდა დიდ გაუგებრობას. მეორე უკიდურესობა კი ის იყო, რომ ვინც შინაარსობრივი გაუგებრობით გამოწვეულ ბარიერს გადალახავდა და ადაპტირდებოდა, უკვე უკან საქართველოში დაბრუნებულს უჭირდა კვლავ ქართულ არმიაში ადაპტირება, ვერ აცნობიერებდა თუ როგორ შეიძლება სამხედრო სამსახურის წარმოდგენა იმ კომპონენტების გარეშე რომელზეც ბოლო ერთი წელი ლექციებს ისმენდა, განსაკუთრებით მაღალი რანგის ოფიცრების კურსებს ეხებოდა. შედეგად ამ პროგრამების ეფექტურობა სასურველზე ყოველთვის დაბალი იყო.

და რა გასაკვირია რომ მყარი ფუნდამენტური განათლების გარეშე ასეთი ძალიან საინტერესო კურსებიც კი ეფექტებს ვერ აღწევენ. ეს პრობლემა ადგილზე საქართველოში და თანაც ქართულად არის დასაძლევი. ხშირად ასეთი კურსდამთავრებულები, რომელთა უპირატესობა გამოიხატება მეტნაკლებად ენის ცოდნაში და კურსებზე ყურმოკრული დონით ათვისებული ინფორმაციით, უერთდებიან იმ ე.წ. „მოდური განათლების“ ჯგუფს, რომელიც თვითონვე აფერხებს იმას, რასაც პროპაგანდირებს – განათლებას.

საბედნიეროდ ამ სირთულეების ფონზე მაინც არსებობს ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ამ პრობლემის დასაძლევად – ფუნდამენტურად ღირებული ცოდნა, კაცობრიობის მიერ ომის თაობაზე შექმნილი ძირითადი იდეები არ არის უზარმაზარი მოცულობის, რომ ამ საყრდენის გადმოქართულება არ იყოს შესაძლებელი.

სამხედრო სპეციალობა საქართველოში ნამდვილად არ არის ელიტარული, ხოლო ცოდნაზე პირდაპირი ხელმისაწვდომობა კი ელიტარულია. ეს მოცემულობაა შესატრიალებელი – ხელმისაწვდომობაა ცოდნაზე მოსაპოვებელი. როცა ცოდნაზე ვსაუბრობ, აქ შეიძლება ვინმემ მხოლოდ ომის თეორიები, კონცეფციები ან დოქტრინები და სტრატეგიების კვლევები წარმოიდგინოს, მაგრამ ჩვენი სამხედრო ცოდნა უფრო პრაქტიკული ცოდნის, პრაქტიკული ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. სტრატეგიული თეორიების არანაკლებ სიმწვავედ გვიდგას ბრძოლების ტაქტიკური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა.

რადგან ცოდნას და ინფორმირებულობას ვხედავ სამხედრო აზროვნებისთვის ბიძგის მიცემის საფუძვლად, მოვიყვან არა ომის ფილოსოფოსის კლაუზევიცის ხელმისაწვდომობის ეფექტის მაგალითს, არამედ ბრძოლის ფსიქოლოგიის, ბრძოლის ტაქტიკური კვლევების მნიშვნელობას. ქართველი სამხედროები ქართული ცნობიერების თანახმად სამშობლოსთვის გაწეულ სამსახურს, გმირობას და თავდადებას ჯერაც საკუთარი სიცოცხლის გაწირვის სინონიმად აღიქვამენ, მაგრამ უკვე დიდი ხნის წინ წარმოებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ბრძოლის ველზე შიში სულ სხვანაირად ფორმირდება, საფრთხე ცოტა სხვა კუთხით აღიქმება ჯარისკაცების მიერ, ვიდრე ეს თვითონ შეიძლება ეგონოთ. მაგალითად II მსოფლიო ომში აშშ არმიის მხოლოდ 15%-20%-მა გაისროლა მტრის მიმართულებით, მიზეზი არა საკუთარი უსაფრთხოება, არამედ მტრის, ადამიანის მოკვლის შიში აღმოჩნდა. ამ მიმართულებით, შემდგომში წვრთნების სისტემის სრულყოფამ კორეაში 50%-მდე აწია მსროლელთა რაოდენობა, ვიეტნამში კი 90%-მა შეადგინა.

ქართველი სამხედრო წრეებს კარგად არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ომში გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ერთი შეხედვით სუსტის მიერ ძლიერის დამარცხება. ამის კლასიკური მაგალითია დავითის მიერ გოლიათზე გამარჯვება. ძლიერის მიერ სუსტის დაჯაბნა გამარჯვება კი არა, აგრესია, ოკუპაცია და დაპყრობაა. გამარჯვების მისაღწევად სუსტს ყოველთვის იმის ცოდნა ჭირდება თუ მოსალოდნელ ომში გამარჯვება იარსებებს ის აუცილებლად მისკენ იქნება.

ასე მოკლე არგუმენტია იმისთვის, თუ როგორ და რატომ უნდა ვაქციოთ ცოდნა ხელმისაწვდომი, მაგრამ ის თუ რატომ შეიძლება დაგროვილი ცოდნის ათვისებამ ბიძგი მისცეს უნიკალურ სამხედრო აზროვნებას, სწორედ რომ აზროვნებას, რომელიც არ კოპირდება არავისგან ცოდნისგან განსხვავებით, ამის რწმენის, დასაბუთებული ვარაუდის და სურვილის გარდა არსებობს კიდევ ერთი დამატებითი მოცემულობა, ეს საქართველოს რთულ, აღმატებულ ძალასთან – რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ყოფნაა. ომის ხელოვნება და სამხედრო აზროვნება ყველაფერთან ერთად იმითაც არის უნიკალური, რომ მისი კონცეფციების და თეორიების დატესტვისთვის როგორც წესი ლაბორატორია არ არსებობს ფართოდ ხელმისაწვდომად, ვინაიდან ასეთი ლაბორატორია მხოლოდ თვითონ ომია. ერთის მხრივ რუსეთთან საომარ ვითარებაში ყოფნა ეროვნული უბედურებაა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს შანსია ქართული სამხედრო აზროვნებისთვის, ექსტრემალური ომის გარემოს, მუდმივი საფრთხის წნეხის ქვეშ იმუშაოს და იფიქროს ყველა სამხედრო ხედვაზე, ომის წარმოების და თავდაცვის უამრავ ცნობილ თუ ახალ ტაქტიკურ მოსაზრებაზე, თავლი გაუსწოროს დიდ პრობლემას და ნაცვლად იმის განცხადებისა რომ „რუსეთს ვერ მოვერევით“  იფიქროს, იმსჯელოს, მუდმივი პროფესიული დისკუსია აწარმოოს თემაზე თუ რა როგორ გადაჭრას, როგორ აირიდოს საფრთხე ან გაუმკლავდეს გართულების შემთხვევაში.

თუ ერეკლე მეფის საქართველოს არ ქონდა შესაძლებლობა ცოდნოდა მეტი ვიდრე იცოდა, დღევანდელმა საქართველომ უნდა შექმნას ვითარება რომ იცოდეს, ისწავლოს ყველაფერი რაც ამ სფეროში კაცობრიობას შეუქმნია და უკვე არათუ ძალუძს მისცეს ბიძგი ამბიციურ განაცხადს ქართული სამხედრო სტრატეგიული აზროვნების წარმოქმნის შესახებ, არამედ ვალდებულიცაა. ინფორმაცია უნდა ვაქციოთ ცოდნად, ცოდნით მივიღოთ განათლება და განათლებული სამხედროების მეშვეობით საფუძველი ჩავუყაროთ ქართულ სტრატეგიულ, კრიტიკულ სამხედრო აზროვნებას.

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s